პრემიერლიგა. VII ტური: ...და დარჩა "ჩელსი" დენდარტყმული [VIDEO]

AutoSharing Option
"ჩელსი"-"ლივერპული" არამხოლოდ ადგილობრივი, თვით ევროპული მასშტაბითაც კი ერთ-ერთი მთავარი ჯახი იყო ამ უქმეებზე. ვიყოთ გულახდილები - თამაშმა მოლოდინი მაინცდამაინც ვერ გაამართლა...

...მსგავსი რამ ხშირად ხდება ხოლმე იმ გუნდებს შორის მატჩებში, რომელთაც შეტევისადმი ლტოლვა და შედეგიანობა გამოარჩევთ - იციან რა ერთმანეთის ძალა, ისინი უფრო ზურგის გამაგრებაზე ზრუნავენ...

ასე მოხდა ამჯერადაც. უფრო გახსნილი თამაში იყო შუა კვირაში, როცა ეს გუნდები ლიგის თასზე ლივერპულში შეხვდნენ ("ჩელსიმ" თამაში შემოატრიალა და 2:1 გაიმარჯვა) ერთმანეთს.

ოღონდ ერთი მსგავსება იყო - შესანიშნავ ფორმაში მყოფმა ედენ აზარმა ამჯერადაც
გაიტანა...

"ჩელსი" დიდხანს ინარჩუნებდა სათავისო ანგარიშს და თავს ზედმეტად აღარ იწუხებდა.

"ლივერპულის" თამაშშიც არ ჩანდა ჩვეული ცეცხლი. ასეთ დროს კი გოლი რაღაც შემთხვევას მოჰყვება ხოლმე...

დენ სტარიჯიც სწორედ შემთხვევის ფეხბურთელია "ლივერპულისთვის" - მოედანზე შესვლიდან სამიოდ წუთში მან გემრიელად მოუქნია ბურთს ფეხი და დაახლოებით 25 მეტრიდან პირდაპირ "ცხრიანში" დააჭედა. ალბათ, ფრე ყველაზე სამართლიანი შედეგი იყო მატჩისა, რომლის დასრულების შემდეგ პრემიერლიგაში უდანაკარგო აღარავინ დარჩა.

"ჩელსის" თავკაცმა მაურიციო სარიმ თამაში ასე შეაჯამა: "ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი გუნდის თამაშით. მატჩიდან მატჩამდე სულ უფრო უკეთ გამოვიყურებით. ჩვენ ვითამაშეთ უმაღლესი დონის გუნდის წინააღმდეგ და ტოლი არაფერში დავუდეთ. ვფიქრობ, ფრე სამართლიანი შედეგია".

სასიამოვნო სანახავი იყო, თამაშის შემდეგ როგორ გადაეხვივნენ ერთმანეთს სარი და იურგენ კლოპი. გერმანელის შეფასება ასეთი იყო:

"ჩემი აზრით, შესანიშნავი მატჩი იყო. გვქონდა შანსები და ფანტასტიკურადაც ვითამაშეთ... იცით, როგორ მიყვარს გამარჯვება, მაგრამ "ჩელსისთან" სტუმრად ქულის აღებაც მშვენიერი შედეგია. ქულა დავიმსახურეთ. ამიტომ უკმაყოფილების საბაბი არ მაქვს".


"მანჩესტერ იუნაიტედმა" კრიტიკის მორიგი გვარიანი დოზა დაიტეხა თავს, წააგო (1:3) რა საგარეო მატჩი "ვესტ ჰემთან" და ჟოზე მოურინიო სერიოზული რისკის ქვეშ დააყენა. "ჩაქუჩებმა" კი ბოლო თამაშებში აჩვენეს, რომ მანუელ პელეგრინის ხელი უკვე დაეტყოთ. შაბათს ამაში კიდევ უფრო ნათლად დავრწმუნდით.

თუმცა მოურინიო მარცხში მეტოქის დამსახურებას ვერ ხედავს: "პირველი გოლი თამაშგარედან გავუშვით, მეორე ავტოგოლი იყო, მესამე - არბიტრის შეცდომა... შემდეგი მატჩისთვის უკეთესი სტარტი უნდა გვქონდეს, რათა ასეთმა ფაქტორებმა აღარ იმოქმედოს".

მოკლედ, სამყარომ პირი შეკრა ჟოზეს და "იუნაიტედის" წინააღმდეგ. როგორც უნდა იყოს, ფაქტი ერთია - ეს არის "მანჩესტერის" ყველაზე ცუდი სტარტი 1989/90 წლების სეზონის შემდეგ, ხოლო მოურინიო კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა უმუშევრის სტატუსს და ფეხბურთელების (ანტონი მარსიალი, ალექსის სანჩესი) გაკრიტიკება ვერაფერს უშველის, ყველაფერზე თავად აგებს პასუხს.


"მანჩესტერ სიტიმ" "ბრაიტონთან" კოლოსალური უპირატესობა მხოლოდ ორ გოლში ასახა, თუმცა ამის გამო პეპ გვარდიოლას ბიჭებს (28-ჯერ დაარტყეს კარში) ვერავინ დაძრახავს.

"ქალაქელებს" ეტყობოდათ, რომ თავს უფრთხილდებოდნენ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის წინ. არ დაგავიწყდეთ, "სიტიმ" ევრობატალიები "ლიონთან" საშინაო მარცხით დაიწყო და ახლა აუცილებლად უნდა მოიგოს...

"ძალიან კარგი იყო! ფანტასტიკურად გამოგვივიდა პოზიციური თამაში და მეტოქეს ფაქტობრივად არ მივეცით კარში დარტყმის საშუალება. "ბრაიტონი" კარგად იცავდა თავს. ამიტომ ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორ ვავითარებდით შეტევებს. ასევე, ძალიან სწრაფები ვიყავით კონტრიერიშებისას, ისევე, როგორც გასულ სეზონში", - თქვა გვარდიოლამ ნამატჩევს.


"არსენალმა" დიდხანს იწვალა "უოტფორდთან" და ბოლოს მაინც გატეხა ხავი გრასიას ყოჩაღი ბიჭები. ეს არის უნაი ემერის გუნდის ზედიზედ მე-7 გამარჯვება ყველა ტურნირის ჩათვლით.


მცირე ჩავარდნის შემდეგ "ტოტენჰემმა" ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო. ჰარი კეინის დუბლმა "დეზების" მთავარი მეგოლე კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებს შორის მე-5 პოზიციაზე გადაიყვანა - 145 გოლი 221 მატჩში.


18 აგვისტოს შემდეგ "ევერტონმა" პირველი თამაში მოიგო. "ნიუკასლი" კი ჯერაც მოუგებელია და ეს დიდ კითხვის ნიშანს უსვამს რაფა ბენიტესის მომავალს. სამაგიეროდ, მშვენიერ ფორმაშია პრემიერლიგაში დაბრუნებული "ვულვზი" - სანტო ეშპირიტუს "მგლებმა" ბოლო 4 მატჩიდან 3 მოიგეს.

ფაქტები
  • "ვესტ ჰემმა" პრემიერლიგის ბოლო 20 მატჩში მხოლოდ მეორედ დაამარცხა "მანჩესტერ იუნაიტედი", ხოლო ორბურთიანი სხვაობით - პირველად, 1982 წლის ოქტომბრის შემდეგ (მაშინაც 3:1).
  • სერხიო აგუერომ პრემიერლიგის ბოლო 11 საშინაო მატჩში 15 გოლი გაიტანა.
  • 2017 წლის აგვისტოს შემდეგ "არსენალმა" პირველად შეძლო ზედიზედ 5 მატჩის მოგება.
  • აპრილის შემდეგ "არსენალმა" პირველად შეძლო ზედიზედ ორ მატჩში კარის "მშრალად" შენახვა.
  • "უოტფორდმა" ჩემპიონატის ბოლო 15 საგარეო მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო (2 ფრე, 12 წაგება).
  • პრემიერლიგაში დაბრუნების შემდეგ (2015/16) "უოტფორდის" ფეხბურთელებმა 7 ავტოგოლი გაიტანეს - ყველაზე მეტი, ვიდრე დღევანდელი პრემიერლიგის ნებისმიერი სხვა გუნდის მოთამაშეებმა.
  • "ტოტენჰემმა" პრემიერლიგის ბოლო 15 საგარეო მატჩიდან მხოლოდ 2 წააგო (10 მოგება, 3 ფრე).
  • მაისის შემდეგ "ტოტენჰემმა" პრემიერლიგის 33 მატჩიდან 32-ში შეძლო მინიმუმ ერთი გოლის გატანა მაინც.
  • "ჩელსიმ" პრემიერლიგის ბოლო 9 საშინაო მატჩიდან მხოლოდ 2-ჯერ დაამარცხა "ლივერპული" (3 ფრე, 4 წაგება).
  • 2008/09 წლების სეზონის შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა "ლივერპულს" პირველი 7 მატჩიდან არც ერთი არ წაუგია.
  • ედენ აზარმა 38-ე საშინაო მატჩში გაიტანა გოლი და ამ 38-დან "ჩელსი" არც ერთში არ დამარცხებულა.
  • დენ სტარიჯმა მე-17 პრემიერლიგური გოლი გაიტანა შეცვლაზე შესულმა. მასზე მეტი მხოლოდ ოლივიე ჟირუსა (19) და ჯერმეინ დეფოს (24) აქვთ გატანილი.

პრემიერლიგა. VII ტური
ვესტ ჰემი-მანჩესტერ იუნ 3:1
გოლები: 1:0 ფელიპე ანდერსონი (6), 2:0 ლინდელიოფი (43-საკ. კარში), 2:1 რაშფორდი (71), 3:1 არნაუტოვიჩი (74)
მანჩესტერი (4-3-1-2): დე ხეა - იანგი, სმოლინგი, ლინდელიოფი (57. რაშფორდი), შოუ - მაკტომინი, მატიჩი, ფელაინი - პოგბა (71. ფრედი) - მარსიალი (71. მატა), ლუკაკუ.

არსენალი-უოტფორდი 2:0
გოლები: 1:0 კეტკარტი (81-საკ. კარში), 2:0 იოზილი (83)
არსენალი (4-2-3-1): ჩეხი (45+3. ლენო) - ბელერინი, მუსტაფი, ჰოლდინგი, მონრეალი - ტორეირა, ჯაკა - იოზილი, რემზი (63. ივობი), ობამეიანგი (77. უელბეკი) - ლაკაზეტი.

ევერტონი-ფულჰემი 3:0
გოლები: 1:0 სიგურდსონი (57), 2:0 თოსუნი (66), 3:0 სიგურდსონი (89)
გამოუყენებელი პენალტი: სიგურდსონი (52. ევერტონი)

ჰადერსფილდი-ტოტენჰემი 0:2
გოლები: 0:1 კეინი (25), 0:2 კეინი (34-პენ)
ტოტენჰემი (3-4-2-1): გასანიგა - ალდერვეირელდი, დავინსონ სანჩესი, ვერტონგენი (46. ვანიამა) - ტრიპიერი, დაიერი, დემბელე (46. უინქსი), როუზი - ლუკას მოურა, სონი (90. სისოკო) - კეინი.

ნიუკასლი-ლესტერი 0:2
გოლები: 0:1 ვარდი (30-პენ), 0:2 მაგუაირი (73)

მანჩესტერ სიტი-ბრაიტონი 2:0
გოლები: 1:0 სტერლინგი (29), 2:0 აგუერო (65)
სიტი (4-3-3): ედერსონი - უოლკერი, ოტამენდი, ლაპორტი, ზინჩენკო - ბერნარდო სილვა, ფერნანდინიო, დავიდ სილვა (88. ფოდენი) - სტერლინგი, სანე (71. მაჰრეზი), აგუერო (66. გაბრიელ ჟეზუში).

ვულვზი-საუთჰემპტონი 2:0
გოლები: 1:0 კავალეირო (79), 2:0 კასტრო (87)

ჩელსი-ლივერპული 1:1
გოლები: 1:0 აზარი (25), 1:1 სტარიჯი (89)
ჩელსი (4-3-3): არისაბალაგა - ასპილიკუეტა, რიუდიგერი, დავიდ ლუიზი, ალონსო - კანტე, ჟორჟინიო, კოვაჩიჩი (81. ბარკლი) - ვილიანი (73. მოზესი), ჟირუ (65. მორატა), აზარი.
ლივერპული (4-3-3): ალისონი - ალექსანდერ-არნოლდი, გომესი, ვან დაიკი, რობერტსონი - ვეინალდუმი, ჰენდერსონი (78. კეიტა), მილნერი (86. სტარიჯი) - სალაჰი (66. შაჩირი), მანე, ფირმინო.

კარდიფი-ბარნლი 1:2
გოლები: 0:1 გუდმუნდსონი (51), 1:1 მერფი (60), 1:2 უოკსი (70)

ორშაბათი, 1-ლი ოქტომბერი
ბორნმუთი-კრ. პალასი 23:00

ბომბარდირები: 6 - ედენ აზარი (ჩელსი); 5 - ალექსანდარ მიტროვიჩი (ფულჰემი), ჰარი კეინი (ტოტენჰემი), სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი); 4 - მარკო არნაუტოვიჩი (ვესტ ჰემი), რომელუ ლუკაკუ (მანჩესტერ იუნ), სადიო მანე (ლივერპული), გლენ მარეი (ბრაიტონი), რაჰიმ
სტერლინგი (მანჩესტერ სიტი).

მომდევნო ტური
5 ოქტომბერი: ბრაიტონი-ვესტ ჰემი
6 ოქტომბერი: ბარნლი-ჰადერსფილდი, კრისტალ პალასი-ვულვზი, ლესტერი-ევერტონი, ტოტენჰემი-კარდიფი, უოტფორდი-ბორნმუთი, მანჩესტერ იუნაიტედი-ნიუკასლი
7 ოქტომბერი: ფულჰემი-არსენალი, საუთჰემპტონი-ჩელსი, ლივერპული-მანჩესტერ სიტი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
უკაცრავად ავტორთან, მაგრამ შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მას ჩელსი-ლივერპულის თამაში საერთოდ არ უნახია, თორემ როგორ შეიძლება ასეთ თავბრუდამხვევ თამაშზე თქვა მოლოდინი ვერ გაამართლაო, მსგავსი უმაღლესი დონის თამაში დიდი ხანია არ მინახია, მიუხედავად იმისა, რომ 2 გოლის მეტი არ გავიდა.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული