ინგლისური მედია ვარაუდობს, რომ პორტუგალიელს კარისკენ მიუთითებენ. ეს გარდაუვალი იქნება, თუ ძალიან ცუდ ფორმაში მყოფი "იუნაიტედი" "ნიუკასლს" ვერ დაამარცხებს. გამარჯვება ჰაერივით სჭირდება რაფა ბენიტესსაც. თუმცა ის ოდნავ უკეთეს მდგომარეობაშია იმ მხრივ, რომ მაინცდამაინც "იუნაიტედთან" წაგების გამო არ გაათავისუფლებენ.
"იუნაიტედმა" ძალიან უღიმღამოდ ითამაშა ჩემპიონთა ლიგაშიც. "ვალენსიასთან" ფრედ დასრულებული მატჩის შემდგ ჟოზეს კლუბის ლეგენდებიც აუმხედრდნენ, მათ შორის, პოლ სქოულზიც, ვინც სიტყვასიტყვით თქვა - მოურინიო "მანჩესტერ იუნაიტედს" არცხვენსო.
ტურის მთავარი მატჩი კი
წესით, ორივე გუნდი დაღლილი უნდა იყოს - "სიტიმაც" და "ლივერპულმაც" ურთულესი მატჩები ჩაატარეს ჩემპიონთა ლიგაში, მაგრამ მაინც ლაღ და შემტევ ბურთაობას ველით, თამაშის დიდ ნაწილში მაინც.
იურგენ კლოპი და პეპ გვარდიოლა შემტევი ფეხბურთის აპოლოგეტები არიან. მათ შორის დაპირისპირება 2013/14 წლების სეზონიდან იღებს სათავეს, როცა კლოპის "დორტმუნდმა" გერმანიის სუპერთასზე 4:2 მოუგო პეპის "ბაიერნს". საერთო ჯამში ისინი 14-ჯერ გადაეყარნენ ერთმანეთს. 7 თამაში კლოპმა მოიგო, 5 - გვარდიოლამ, ხოლო 2 მატჩი ფრედ დასრულდა. ბურთების სხვაობაც გერმანელის სასარგებლოდაა - 22:21.
სტატისტიკის მიხედვით, "ჩელსი" ბოლო დროს მუდამ ამარცხებს "საუთჰემპტონს".
"არისტოკრატები" ამჯერადაც ფავორიტები არიან. მაურიციო სარის მიერ გაწვრთნილი გუნდი შესანიშნავ ფორმაშია.
"ტოტენჰემმა" ოთხშაბათს "ბარსელონასთან" წააგო, მაგრამ ეს ის შემთხვევა იყო, როცა ქებას დამარცხებულიც იმსახურებდა. მაურისიო პოჩეტინოს "მამლებმა" მცირე კრიზისი დაძლიეს და კვლავ ფორმაში არიან. ასე რომ, "კარდიფი" ვერ უნდა იყოს ის ბარიერი, რომელიც "ტოტენჰემს" შეაჩერებს. ერთი კია, რომ ტრავმირებულია და ვერ ითამაშებს დელე ალი, ხოლო კრისტიან ერიქსენისა და იან ვერტონგენის ჯანმრთელობის მდგომარეობა ეჭვს იწვეს.
"ემირეითსის" ლონდონურ დერბიში ფავორიტი "არსენალია". უნაი ემერის გუნდმა სასტარტო ჩავარდნა დაძლია და ზედიზედ 5(!) მატჩი მოიგო. "ფულჰემი" არ არის ცუდი გუნდი, მაგრამ "არსენალთან" საჭიდაოდ კლასი არ ეყოფა, მით უმეტეს, მთავარი "მეთოფეები" ჯანზე არიან.
ფაქტები
- "ბრაიტონმა" ბოლო 2 მატჩი მოუგო "ვესტ ჰემს".
- "ბარნლისა" და "ჰადერსფილდის" ბოლო 2 მატჩი 0:0 დასრულდა.
- "ტოტენჰემმა" პრემიერლიგის ბოლო 2 დაპირისპირებაში სძლია "კარდიფს".
- "უოტფორდისა" და "ბორნმუთის" ბოლო 6 მატჩიდან 5 ფრედ დამთავრდა.
- "ნიუკასლმა" ბოლო შეხვედრაში მოახერხა "მანჩესტერ იუნაიტედის" დამარცხება.
- "არსენალი" ბოლო სამ მატჩში აღმოჩნდა "ფულჰემზე" ძლიერი.
- "ჩელსიმ" ბოლო 6 თამაშში არ დაუტოვა შანსი "საუთჰემპტონს".
- "ლივერპულსა" და "მანჩესტერ სიტის" შორის ბოლო ხუთ შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.
- "მანჩესტერ სიტიმ" "ენფილდზე" ბოლოს 2003 წლის 3 მაისს გაიმარჯვა (2:1).
პრემიერლიგა. VIII ტური
პარასკევი, 5 ოქტომბერი
ბრაიტონი-ვესტ ჰემი 1:0
გოლი: 1:0 გლენ მიურეი (25)
შაბათი, 6 ოქტომბერი
ბარნლი-ჰადერსფილდი 18:00
კრ. პალასი-ვულვზი 18:00
ლესტერი-ევერტონი 18:00
ტოტენჰემი-კარდიფი 18:00
უოტფორდი-ბორნმუთი 18:00
მანჩესტერ იუნ-ნიუკასლი 20:30
კვირა, 7 ოქტომბერი
ფულჰემი-არსენალი 15:00
საუთჰემპტონი-ჩელსი 17:15
ლივერპული-მანჩესტერ სიტი 19:30
ბომბარდირები: 6 - ედენ აზარი (ჩელსი); 5 - ალექსანდარ მიტროვიჩი (ფულჰემი), ჰარი კეინი (ტოტენჰემი), სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი); 4 - მარკო არნაუტოვიჩი (ვესტ ჰემი), რომელუ ლუკაკუ (მანჩესტერ იუნ), სადიო მანე (ლივერპული), გლენ მარეი (ბრაიტონი), რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"