პრემიერლიგა. X ტურის წინ: რევანშის წყურვილი

AutoSharing Option
პრემიერლიგის მორიგი ტურის მთავარი შეხვედრა ორშაბათს შედგება. "ტოტენჰემი" საკუთარ ასპარეზზე "მანჩესტერ სიტის" მიიღებს. "დეზები" რევანშის სურვილით იწვიან. ბოლო 2 შეხვედრაში "სიტიმ" იოლად მოახერხა პრინციპული მეტოქის დამარცხება.

თუ "ქალაქელებმა" ჩემპიონთა ლიგაზე გაილაღეს "შახტართან" საგარეო შეხვედრაში, იმავეს ვერ ვიტყვით "ტოტენჰემზე". მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა ურთულესი საგარეო შეხვედრა გადაიტანა "პსვ ეინდჰოვენთან". მოკლედ, ძალიან თვალსასეირო მატჩის მოლოდინში ვართ.

ჩემპიონობისთვის მებრძოლ "ლივერპულს" არამც და არამც არ უნდა გაუჭირდეს "კარდიფის" დამარცხება. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ამ წყვილში ძალები
არათანაბარია. ეს იმის მიუხედავად, რომ "ლივერპულს" კეიტა და ჰენდერსონი არ ეყოლება.

"ჩელსიმაც" ითამაშა ევროპალიგაზე. ამის მიუხედავად, მაურიციო სარის კრებული აშკარა ფავორიტია "ბარნლისთან" გასვლით შეხვედრაში. პრემიერლიგის სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში ისეთი სიმჭიდროვეა, ქულების დაკარგვა არაფრით არ შეიძლება.

"არისტოკრატებმა" თავს ამის უფლება არ უნდა მისცენ. სარის გუნდი ძალიან კარგ, შეტევაზე ორიენტირებულ ფეხბურთს თამაშობს და მართლაც იმსახურებს ადგილს ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელ ოთხეულში.

იმავე ცხრილში ჩახედვა "მანჩესტერის" ქომაგებს დიდ ვერაფერ სიამოვნებას ანიჭებს. თუ რამეზე აქვს პრეტენზია, ჟოზე მოურინიოს გუნდმა შინაურ კედლებში "ევერტონს" უნდა მოუგოს". არადა, ამ დროისთვის "კანფეტებს" ცხრილში უკეთესი პოზიცია აქვთ.

მოურინიო, ერთი ხანობა, თითქოს გადარჩა გუნდიდან გაშვებას, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, მას არავინ დაინდობს, რადგან "წითელი ეშმაკები" ნაადრევად დაემშვიდობებიან ჩემპიონთა ლიგაზე ოცნებას.

"არსენალმა" ზღაპრული ფეხბურთი ითამაშა "ლესტერთან" და თუ ასე გააგრძელა, უსათუოდ ექნება რეალური პრეტენზია ოთხეულში მოხვედრაზე. ასეთი თამაშით "კრისტალ პალასთან" უნაი ემერის გუნდი აშკარა ფავორიტია.

ფაქტები
  • "ბრაიტონმა" ბოლო 2 მატჩში შანსი არ დაუტოვა "ვულვზს".
  • "ბორნმუთმა" უკანასკნელ 2 შეხვედრაში შეძლო "ფულჰემის" დამარცხება.
  • "ლივერპულმა" ბოლო მატჩი 6:3 მოუგო "კარდიფს".
  • "საუთჰემპტონისა" და "ნიუკასლის" უკანასკნელ 7 შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.
  • "ჰადერსფილდმა" ბოლო 3 მატჩში სძლია "უოტფორდს".
  • "ბარნლისა" და "ჩელსის" ბოლო 3 შეხვედრაში ორივემ გაიტანა მინიმუმ ერთი გოლი მაინც.
  • "კრისტალ პალასსა" და "არსენალს" შორის უკანასკნელ 3 მატჩში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.
  • "მანჩესტერმა" ბოლო 2 დაპირისპირებაში სძლია "ევერტონს".
  • "სიტიმ" უკანასკნელ ორ შეხვედრაში, შესაბამისად, 3:1 და 4:1 აჯობა "ტოტენჰემს".

პრემიერლიგა. X ტური
შაბათი, 27 ოქტომბერი
ბრაიტონი-ვულვზი 18:00
ფულჰემი-ბორნმუთი 18:00
ლივერპული-კარდიფი 18:00
საუთჰემპტონი-ნიუკასლი 18:00
უოტფორდი-ჰადერსფილდი 18:00
ლესტერი-ვესტ ჰემი 20:30

კვირა, 28 ოქტომბერი
ბარნლი-ჩელსი 17:30
კრ. პალასი-არსენალი 17:30
მანჩესტერ იუნ-ევერტონი 20:00

ორშაბათი, 29 ოქტომბერი
ტოტენჰემი-მანჩესტერ სიტი 23:59

ბომბარდირები: 7 - ედენ აზარი (ჩელსი); 6 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), პიერ-ემერიკ ობამეიანგი (არსენალი); 5 - ალექსანდარ მიტროვიჩი (ფულჰემი), გლენ მარეი (ბრაიტონი), ჰარი კეინი (ტოტენჰემი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული