პრემიერლიგა. XXXII ტურის წინ: გაგრძელდება საჩემპიონო ბრძოლა?

AutoSharing Option
თითქმის 100-პროცენტიანი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ "მანჩესტერ სიტი" მორიგ გამარჯვებას მიითვლის პრემიერლიგაში.

"ფულჰემისადმი" დიდი პატივისცემის მიუხედავად, ეს გუნდი უკვე შეეგუა იმას, რომ მომავალი სეზონის დაწყება ჩემპიონშიფში მოუწევს.

ლონდონურმა კლუბმა რომც მოინდომოს, "მანჩესტერ სიტის" ალბათ მაინც ვერ შეაჩერებს.

ამდენად, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება "ლივერპულისა" და "ტოტენჰემის" დაპირისპირებას, რომელიც "ენფილდზე" გაიმართება. თუ ამ თამაშში იურგენ კლოპის გუნდს ფეხი დაუცდა, საჩემპიონო მარულაში მაინც დარჩება, მაგრამ დიდ უპირატესობას მისცემს "სიტის".

ეგაა, ბოლო დროს "ტოტენჰემს" რაღაც განსაკუთრებული მოტივაცია აღარ შერჩა ჩემპიონატში და მატჩებს "ცალი ფეხით" ატარებს.
"ლივერპულს" კი ზღვა მოტივაცია აქვს, მაგრამ თუ "დეზებმა" თავი გადადეს, მართლაც დიდი სანახაობის მოწმენი შეიძლება გავხდეთ. ეს ნაკლებადაა მოსალოდნელი, რადგან "ტოტენჰემს" მთავარ საფიქრალად ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობა აქვს დარჩენილი.

ორივე მწვრთნელს დიდი სამუშაოს გაწევა მოუწევს, რადგან ორივე გუნდის ლამის მთელი შემადგენლობა სანაკრებო შეხვედრებში იღებდა მონაწილეობას. გამორიცხული არ არის, რამდენიმე მათგანი ინგლისში ტრავმითაც დაბრუნებულიყო.

მკითხველმა იცის, რომ ინგლისში განსაკუთრებული სიმძაფრით მიმდინარეობს ბრძოლა ოთხეულში მოხვედრისთვის.

ერთი შეხედვით, ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის მოსურნე კლუბებს იოლი შეხვედრები ელით, მაგრამ პრემიერლიგას რას გაუგებ. მაგალითად, საინტერესოა, შეძლებს თუ არა "მანჩესტერ იუნაიტედი" (რომელსაც ოლე გუნარ სულშერი 3 წლით დაუნიშნეს მთავარ მწვრთნელად და ამაზე ინფორმაციას დღევანდელ ნომერში ცალკე წაიკითხავთ) "უოტფორდის" დამარცხებას. ანდა, გააგრძელებს თუ არა "ჩელსი" ტრადიციას და ისევ მოუგებს "კარდიფს"?

"არსენალს" საშინაო შეხვედრა ელის "ნიუკასლთან". რაფა ბენიტესის გაწვრთნილ გუნდს ხანდახან "კერკეტი კაკლის" ფუნქციის შესრულება სჩვევია. თანაც, ლონდონელთა რამდენიმე ფეხბურთელს ტრავმა აწუხებს. მოკლედ, მონატრებული პრემიერლიგა გვიბრუნდება და ტურიც ისეთია, ინგლისური ფეხბურთის დამფასებელმა არ უნდა მოიწყინოს.

ფაქტები
  • "მანჩესტერ სიტიმ" 7 შეხვედრაში აჯობა "ფულჰემს".
  • "ბრაიტონისა" და "საუთჰემპტონის" ბოლო 4 შეხვედრაში ორივემ გაიტანა.
  • "ბარნლისა" და "ვულვზის" ბოლო 3 შეხვედრაში 2,5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.
  • "კრისტალ პალასმა" ზედიზედ 2 მატჩი მოუგო "ჰადერსფილდს".
  • "ლესტერისა" და "ბორნმუთის" ბოლო 2 შეხვედრაში ორივემ გაიტანა.
  • "მანჩესტერ იუნაიტედმა" ზედიზედ 4 შეხვედრა მოუგო "უოტფორდს".
  • "ვესტ ჰემმა" ბოლო 2 შეხვედრაში აჯობა "ევერტონს".
  • "ჩელსი" სულ 4-ჯერ შეხვდა "კარდიფს" და ოთხჯერვე მოუგო.
  • "ლივერპულისა" და "ტოტენჰემის" ბოლო 3 შეხვედრაში ორივემ გაიტანა.
  • ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა "არსენალისა" და "ნიუკასლის" ბოლო 2 თამაშში.

პრემიერლიგა. XXXII ტური
შაბათი, 30 მარტი
ფულჰემი-მანჩესტერ სიტი 16:30
ბრაიტონი-საუთჰემპტონი 19:00
ბარნლი-ვულვზი 19:00
კრ. პალასი-ჰადერსფილდი 19:00
ლესტერი-ბორნმუთი 19:00
მანჩესტერ იუნ-უოტფორდი 19:00
ვესტ ჰემი-ევერტონი 21:30

კვირა, 31 მარტი
კარდიფი-ჩელსი 17:05
ლივერპული-ტოტენჰემი 19:30
ორშაბათი, 1 აპრილი
არსენალი-ნიუკასლი 23:00

ბომბარდირები: 18 - აგუერო (მანჩესტერ სიტი); 17 - სალაჰი (ლივერპული), ობამეიანგი (არსენალი), კეინი (ტოტენჰემი), მანე (ლივერპული); 15 - სტერლინგი (მანჩესტერ სიტი); 13 - აზარი (ჩელსი);

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბატონო ავტორო, ვიდრე რაღაც სისულელეს დაწერთ, ცხრილში მაინც ჩაიხედეთ თუ რამდენი ქულით უსწრებს ტოტენჰემის მე-5 და მე-6 ადგილზე მყოფ გუნდებს და შემდეგ თქვით აქვს თუ არა მოტივაცია, თუ გგონიათ რომ აუცილებლად მოიგებს ჩემპიონთა ლიგას)))
llcl
10:36 30-03-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული