"წითლების" ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ მერსისაიდული კლუბის რიგები ორმა ფეხბურთელმა დატოვა.
თავდამსხმელმა დენიელ სტარიჯმა და მცველმა ალბერტო მორენომ კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვეს. ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ აღარ გაეგრძელებინა კონტრაქტები ამ ფეხბურთელებისთვის და ისინიც სხვაგან გააგრძელებენ კარიერას.
"ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ ფეხბურთელებს შემიძლია ვუთხრა, ეს მადლობაა. ისინი კლუბის ნაწილი იყვნენ, როცა მე აქ მოვედი. ისინი, როგორც სხვები, დაგვეხმარენ ინ გუნდის აშენებაში, რომელიც სწორი მიმართულებით მიდის. მათ გარეშე ჩვენ ვერ ვიქნებოდით ისეთი გუნდი, როგორიც ახლა ვართ.
ალბერტო სიცოცხლითა და ენერგიით სავსე
ბიჭია. ის ძალიან პოზიტიურია და მზადაა, გუნდისთვის ყველაფერი გაიღოს. ალბი მსოფლიო დონის ფეხბურთელია და ვიცი, ის ესპანეთის ნაკრებს დაუბრუნდება.
სტარიჯმა კი დაიმსახურა, რომ მას დღევანდელი "ლივერპულის" ერთ-ერთ უდიდეს მოთამაშედ თვლიდნენ. ის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია, ვინც კი მინახავს. მას დაუჯერებელი გოლების გატანა შეუძლია", - ასე გამოემშვიდობა ფეხბურთელებს "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი.
ალბერტო მორენო "ლივერპულს" "სევილიადან" შეუერთდა 2014 წელს. მას შემდეგ ესპანელმა ინგლისის პრემიერლიგაში 90 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. წელს მორენომ მხოლოდ 5 თამაში ჩაატარა "ლივერპულის" რიგებში.
რაც შეეხება დენიელ სტარიჯს, ის გუნდში "ჩელსიდან" მივიდა. "ლივერპულის" მაისურით პრემიერლიგაში ჩატარებულ 116 შეხვედრაში სტარიჯმა 50 გოლი გაიტანა. წელს პრემიერლიგაში მხოლოდ 496 წუთი ითამაშა და 2 გოლი გაიტანა. ჩემპიონთა ლიგაზე 7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლიც გაიტანა პსჟ-ის წინააღმდეგ.