ინგლისის ფუტსალის ნაკრებიდან "ვულვერჰემპტონში" - ინგლისელი მცველის საოცარი ისტორია

AutoSharing Option
"ვულვერჰემპტონი" სეზონს დიდი ამბიციებით იწყებს. პრემიერლიგის პირველ ტურში "ლესტერთან" გასვლაზე არ წააგეს, არც "მანჩესტერ იუნაიტედთან" დათმეს საშინაო შეხვედრა.

სომხური "პიუნიკის" განადგურების შემდეგ ევროპა ლიგის პლეი-ოფში სერიოზული მეტოქე ელით "ტორინოს" სახით, თუმცა აღსანიშნავია, რომ "პიუნიკთან" გამართულ ორივე შეხვედრაში "ვულვზის" ფორმით 22 წლის მცველმა მაქს კილმენმა ითამაშა და ეს შეხვედრები მისი პირველი სრულად ჩატარებული ოფიციალური თამაშები იყო კლუბის ძირითად გუნდში.

მაქსი პირველად სინჯებზე "ფულემში" მივიდა, როცა ჯერ კიდევ ჭაბუკი იყო. ის ახალგაზრდულ გუნდში არ დაიტოვეს და ამის შემდეგ ბევრ სამოყვარულო კლუბში მოუწია
თამაში.

ერთხელაც მეგობრებმა ფუტსალის თამაში შესთავაზეს და კილმენს ეს შესანიშნავად გამოუვიდა. მისი თამაში ბევრმა ნახა და კლუბ Genesi-ში მიიწვიეს.

მაქსმა ფუტსალში თავი შესანიშნავად წარმოაჩინა და საოცარ დონეზე დაიწყო თამაში. მალე ინგლისის ფუტსალის ნაკრებში მიიწვიეს, სადაც გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდა. თუმცა კილმენის ოცნებად მაინც დიდი ფეხბურთი რჩებოდა.

დარბაზში თამაშის პარალელურად, ახალგაზრდა მცველმა მეხუთე დივიზიონის "მეიდენჰეიდ იუნაიტედში" თამაში სცადა, იქიდან კი მე-7 დივიზიონის "მარლოუში" გაანათხოვრეს. თუმცა ინგლისის ქვედა დივიზიონებისთვის დამახასიათებელი უხეში თამაში ტექნიკური მაქსისთვის შესაფერისი არ იყო.

ის მალე დაბრუნდა "მეიდენჰეიდში" და რეგულარულად დაიწყო თამაში. სწორედ იქ შეამჩნია ის "ვულვერჰემპტონის" სკაუტმა და დაარწმუნა "მგლები", რომ კილმენში საკომპენსაციო თანხა გადაეხადათ.

ასეთი რადიკალური ცვლილება მსხვერპლის გარეშე ვერ ჩაივლიდა და მაქსს ფუტსალის ნაკრების დატოვება მოუწია.

თუმცა ის მოხვდა გუნდში, რომელშიც რადიკალური პორტუგალიური რევოლუცია მიმდინარეობს. მთავარი მწვრთნელი ნუნუ ესპირიტუ სანტუ გუნდს ტექნიკურ, კომბინაციურ ფეხბურთს ათამაშებს. სწორედ ამიტომ, მაქსში ის პოტენციალი დაინახეს, რაც "ვულვზის" თამაშს შეეფერება. მას ისიც დაეხმარა, რომ პორტუგალიელებს ფუტსალი ძალიან უყვართ. მაქსი რეგულარულად თამაშობს ჟოაუ მოუტინიუსა და დიოგუ ჟოტასთან ერთად და ტექნიკაში არცერთს არ ჩამორჩება.

დიდ ფეხბურთში მცველისთვის მხოლოდ ტექნიკა საკმარისი არ არის. ამიტომ კილმენი ძალიან ბევრს მუშაობს ფიზიკური შესაძლებლობების გაუმჯობესების მხრივ და შრომაც დაუფასდა.

ბოლოს წინა ტურში "ფულემის" წინააღმდეგ ნუნუმ მაქსი სათამაშოდ მეორე ტაიმში შეიყვანა. სიმბოლურია, რომ პრემიერლიგაში დებიუტი სწორედ "ფულემის" წინააღმდეგ ჰქონდა. მართალია, მაქსმა სულ რამდენიმე წუთი ითამაშა, თუმცა ესეც ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

ახალ სეზონში სამწვრთნელო შტაბი უფრო მეტად ენდობა მაქსს. კილმენმა გუნდთან ერთად გაატარა მოსამზადებელი პერიოდი და ევროპა ლიგაზე ორივე შეხვედრაში სრულად ითამაშა.

ბოლოს და ბოლოს, ფუტსალიდან ფეხბურთში ისეთი ვარსკვლავები მოსულან, როგორებიც ჟუნინიო და ფილიპე კოუტინიო არიან. ასე რომ, მაქსისთვის შეუძლებელი არაფერია.

მომზადებულია dailymail-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული