"მილანისა" და ბრაზილიის ნაკრების ყოფილი მცველი კაფუ მიიჩნევს, რომ "ლივერპულის" ფეხბურთელი ალექსანდრ არნოლდი მომავალში შეიძლება "ოქროს ბურთის" გამარჯვებული აღმოჩნდეს.
"ეჭვის გარეშე ვთვლი, რომ ალექსანდრ არნოლდი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. მას უზარმაზარი პოტენციალი აქვს. ბევრ საერთოს ვხედავ ჩემსა და მას შორის. ჩემი რჩევაა: უბრალოდ გააგრძელე იმის კეთება, რასაც უკანასკნელი წლებია აკეთებ. მე ვიტყოდი, რომ მის თამაშში იგრძნობა ბრაზილიური ინსტინქტი. ალექსანდრ არნოლდმა არ უნდა შეცვალოს თავისი თამაშის სტილი. იმ შემთხვევაშიც კი ,თუ ის შეცდომებს უშვებს ხოლმე, მან უნდა განაგრძოს ისე ასპარეზობა, როგორც აქამდე.
ვფიქრობ, მას ყველაფერი გააჩნია, რომ მომავალში "ოქროს ბურთის" მფლობელი გახდეს. ჩვენ უნდა შევცვალოთ ეს პარადიგმა, რადგან ამ პრიზს ყველაზე ხშირად შეტევის ფეხბურთელები იღებენ", - ციტირებს კაფუს The Mirror-ი.
აღსანიშნავია, რომ 21 წლის მცველი "ლივერპულში" 2016 წლის ივლისიდან თამაშობს. ამ პერიოდში მან 120 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 6 გოლი გაიტანა და 32 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.