რედნაპი ავარიის შემდეგ მკვდარი ეგონათ, ექიმმა ზეწარიც გადააფარა; ის გადარჩა, ყნოსვა დაკარგა და სახის ტიკი დარჩა

AutoSharing Option
2018 წლის შემოდგომაზე 70 წლის ჰარი რედნაპმა 22 დღე ავსტრალიის ჯუნგლებში გაატარა. მას არ ჰქონდა საცხოვრებელი, საპირფარეშო და იმას ჭამდა, რაც შეხვდებოდა. გამოცდილი მწვრთნელი მონაწილეობას იღებდა ბრიტანულ შოუ "I’m a Celebrity... Get Me Out of Here!"-ში.

როცა ერთხელ მას საპირფარეშოს (ფეკალიებით სავსე კასრის) გასუფთავება სთხოვეს, ჰარიმ უპასუხა: "არანაირი პრობლემა არ მაქვს. ყნოსვით მაინც ვერაფერს ვგრძნობ. ტუალეტის წმენდა ჩემთვის სამყაროში ყველაზე ადვილი სამუშაო".

სამუშაოს კარგად შესრულების შემდეგ მონაწილეები მას გაეხუმრნენ: "იქნებ საპირფარეშოს წმენდაზე პასუხისმგებელი ამიერიდან სულ შენ იყო?" რედნაპმა გაიცინა: "კარგი,
ბედნიერი ვიქნები, თუ ამ საქმეს მე ჩამაბარებთ. მთავარია, საჭმელის მომზადებისაგან გამათავისუფლოთ".

ამ ეპიზოდის გარეშეც დაფასებული სპეციალისტი მოწინააღმდეგეებზე უფრო სასიამოვნოდ გამოიყურებოდა - არადა, ისინი ახალგაზრდა პოპ-ვარსკვლავები და მსახიობები იყვნენ. საპირფარეშოს ეპიზოდის შემდეგ კი, საერთოდ, მაყურებლების თვალში გმირი გახდა: ფინალში ხმათა 68% მიიღო და შოუს მე-18 სეზონის გამარჯვებულიც გახდა.

ოდესღაც რედნაპს სურნელთა განსხვავება შეეძლო: ის გრძნობდა სიეტლის ყურის ტენს, ბორნმუთის წყალმცენარეების სუნს, ინდუსტრიული ლონდონის გამონაბოლქვს. ყველაფერი კი 1990 წლის ერთ ღამეს დასრულდა, როცა 43 წლის ჰარი მწვრთნელად "ბორნმუთში" მუშაობდა, საზაფხულო შვებულებას კი იტალიაში ატარებდა, სადაც მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობდა.

30 ივნისს რედნაპი, მეგობრებთან ერთად, იტალიის ნაკრების ნახევარფინალში გასვლას ადევნებდა თვალყურს. მასთან ერთად "ბორნმუთის" დირექტორი ბრაიან ტეილორი, "იორკ სიტის" პრეზიდენტი მაიკლ სინკლერი და "ასტონ ვილას" პრეზიდენტი ფრედ უაითჰაუსი იყვნენ.

რომში მასპინძლებმა ირლანდიას ანგარიშით 1:0 სძლიეს. მეორე დღეს ნეაპოლში ინგლისი კამერუნს ეთამაშებოდა - მეგობრებმა კი 200 კმ-ის გავლა არა დღისით, არამედ თამაშის დასრულებისთანავე გადაწყვიტეს, ლატინის სასტუმროში მისვლა სურდათ, რათა თამაშის წინ გამოეძინათ. სამხრეთში ისინი მიკროავტობუსით გაემგზავრნენ.

ოლიმპიური სტადიონიდან გამოსვლის დროს მეგობრები პიცერიასთან გაჩერდნენ, სადაც ირლანდიელმა ფანებმა შეამჩნიეს და რედნაპს მათი ნაკრების მეორე მეკარე ჯერი პეიტონზე დაუწყეს საუბარი, რომელიც "ბორნმუთში" თამაშობდა. ბრაიან ტეილერი ჰარის ემუდარებოდა, მალე დაბრუნებულიყო ავტობუსში - დილით ადრე ადგომას და ნეაპოლში სადილის პერიოდისთვის ჩასვლას აპირებდა. ჰარი 10 წუთით გაჩერდა.

როგორც წესი, ის ავტობუსის გასასვლელში იჯდა, რადგან ორპირი ქარის ეშინოდა, თუმცა იმ დღეს ეს ადგილი ბრაიანმა დაიკავა და რედნაპი ფანჯარასთან დასვა. "ეს ჩემი სასჯელი იყო, რადგან ბიჭებს დიდი ხნით ვაცდევინე",- თქვა მწვრთნელმა. მოკლედ, ის ავტობუსში ჩაჯდა და ალკოჰოლით გაჟღენთილს მალევე ღრმად ჩაეძინა.

გაღვიძებით კი ჰარიმ 3 ივლისს გაიღვიძა, ისიც საავადმყოფოში და მძიმე ტრავმებით - გატეხილი თავის ქალა, გატეხილი ცხვირი, ჩამსხვრეული ნეკნები და ჭრილობა მარცხენა ფეხზე. ის ავტოკატასტროფა რედნაპს არც ახლა ახსოვს. მომხდარი ამბები მხოლოდ პოლიციელების ჩანაწერებითა და მეგობრების მოგონებებით აღიდგინა.

მიკროავტობუსი 3-ზოლიან გზაზე მიდიოდა, რომელზეც მეორე ზოლი გასწრებისთვისაა. მანქანა, რომელშიც 3 იტალიელი ჯარისკაცი იჯდა, ზუსტად მიკროავტობუსის წინ გამოხტა და ცდილობდა, გაესწრო ავტომობილისთვის, რომელიც 144 კმ/სთ სიჩქარით მიდიოდა.

შეჯახება.

ჯარისკაცები ადგილზევე დაიღუპნენ.

მიკროავტობუსი გადატრიალდა და 50 მეტრი სახურავით იხოხიალა.

Sportall.Ge

"ბორნმუთის" ბოსი ტეილორი ადგილზევე დაიღუპა. ჰარი ფანჯრიდან გადავარდა და უგონოდ ნამსხვრევებთან ერთად ეგდო. ამ დროს მიკროავტობუსის ავზიდან ბენზინი წვეთავდა. სინკლერმა ის მოშორებით გაათრია, შემდეგ იმავენაირად გაიყვანა უაითჰაუსიც და მანქანა მაშინვე აფეთქდა. დიდი აფეთქება არ ყოფილა, თუმცა ადგილზე მოსულმა მაშველებმა დააფიქსირეს, რომ ჰარი მკვდარი იყო.

"ისინი ფიქრობდნენ, რომ მოვკვდი და სხეულზე ზეწარი გადამაფარეს. ამას გარდა, მაჯის საათიც მომპარეს, ჩათვალეს, რომ აღარ დამჭირდებოდა. სხეულზე რამე ღირებული თუ გვქონდა, ყველაფერი შეგვხსნეს", - ამბობს რედნაპი.

მისი თქმით, საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ ვერც ექიმები მიხვდნენ მაშინვე, რომ მაშველებმა მათ ცოცხალი ადამიანი მიუყვანეს.

"ექიმებმა განმიცხადეს, რომ ისეთი მძიმე შეჯახება იყო, რომ ჩემი გადარჩენა საოცრებათა რიცხვში იყო შესატანი", - განაგრძობს ჰარი.

კომაში ყოფნის 2 დღის შემდეგ, იტალიის კლინიკაში 3 კვირა დაჰყვეს. ამას ინგლისში გადაყვანა და რამდენიმეთვიანი რეაბილიტაცია მოჰყვა. ტრაგედიის სიმბოლოდ ჰარის ფეხზე ნაიარევი დარჩა. ამას გარდა, დაუქვეითდა ყნოსვითი უნარები, სუნს საერთოდ ვერ გრძნობს (რაც, მისი თქმით, გარკვეული კუთხით კარგიც არის) და მუდმივად თავზე იკიდებს ხელს - სახის ტიკი. თუმცა ის სხვა რამეზე წუხს:

"ყველაფერი, რაც ავტოკატასტროფის შესახებ ვიცი, ისაა, რომ ჩემი წინდაუხედაობით 3 ახალგაზრდა დაიღუპა, მე კი მეგობარი დავკარგე.

"საფეხბურთო კლუბებში ჩემს უფროსობასთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა, თუმცა ბრაიანის მსგავსი არავინ იყო. შეუძლებელია, უკეთესი ბოსი მყოლოდა. ახლაც მენატრება პარასკევ საღამოს, მატჩის წინა დღეს, მასთან ერთად ღვინის დალევა. ასევე, მწუხარებას მისი ცოლი ჰეიზელისა და ქალიშვილი მიშელის მდგომარეობაც მიმძიმებს.

ხშირად ვფიქრობ იმ 10 წუთის შესახებ. ფანებიდან მაშინ რომ წამოვსულიყავი, როცა ბრაიანმა მითხრა, ის დღეს კვლავ ჩვენ გვერდით იქნებოდა და  შესაძლოა, ის სამი ბავშვიც ცოცხალი ყოფილიყო. დიახ, მე არ ვიცოდი, რა შეიძლებოდა ამას მოჰყოლოდა. იმ საღამოს ძალიან ბევრი დეტალი იყო, რომელმაც სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი გადაწყვიტა.

იმ დღეს მე ნამდვილი მეგობარი დავკარგე და ახლა ძალიან მენატრება".

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
ნამდვილად კარგი სტატიაა! რა მაგარი კაცი ყოფილი რედნაპი, როგორი თავმდაბალი, ამიერიდან მისი გულშემატკივარი ვიქნები!
ირაკლი
14:35 06-05-2020
0
როგორ დაგემართათ კარგი სტატიაც რომ დადეთ?! ბოლო დროს.
ოხ
11:24 06-05-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული