არავინ იცის, პრემიერლიგა განახლდება თუ არა და თუ მაინც განახლდა, მატჩებისას ერთობ უცნაური ცვლილებების მომსწრენი შევიქნებით. ადრე ვივარაუდეთ, რომ არაა გამორიცხული, ფეხბურთელებს თამაშისას სოციალური დისტანციის დაცვა მოსთხოვონ. ფეხბურთი კონტაქტური სპორტია და ეს შეუძლებელია, მაგრამ გარკვეული შეზღუდვების დაწესებას აპირებენ. ამის თაობაზე ბრიტანული "ტელეგრაფი" იტყობინება.
"სეზონის განახლებასთან დაკავშირებით 13 მაისს პრემიერლიგის ხელმძღვანელობა გუნდების კაპიტნებსა და მწვრთნელებს შეხვდება და ზოგიერთ დეტალს განუმარტავს.
მიუხედავად ზოგიერთი ფეხბურთელის ორჭოფობისა, პირველ რიგში, ლიგა აუხსნის, თუ რატომაა მომავალ თვეში სეზონის განახლება აუცილებელი.
აგრეთვე, ინფორმაციას მიაწვდის უსაფრთხოების ზომების დაცვის
თაობაზე, რათა კორონავირუსის გავრცელებისგან თავი დაიცვან. კვლევებმა დაადასტურა, რომ მატჩებისას მოთამაშეები ერთმანეთის დაინფიცირების პოტენციურ მანძილზე 88 წამის განმავლობაში იმყოფებიან.
ამიტომ შეჯახების შემდეგ ფეხბურთელებს ზურგშექცევით წამოდგომას სთხოვენ. თანაც, მათ თამაშისას რაც შეიძლება იშვიათად უნდა მოახდინონ სახეებით კონტაქტი.
თუ ცვლილებები მიღებულ იქნა, მომავალ კვირაში კონტაქტური ვარჯიშების პროტოკოლს განიხილავენ.
ასევე, ფეხბურთელებს თამაშს ვერ დააძალებენ. ვისაც თამაშის სურვილი ექნება, ეს წერილობითი ფორმით უნდა დაადასტუროს", - წერს გამოცემა.