თანდათან ირკვევა თავდამსხმელ ლეო მესის სიტუაცია, რომელმაც "ბარსელონას" დატოვება განიზრახა. კლუბის პრეზიდენტმა ჟოზეპ ბარტომეუმ სიცრუე უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შეიძლება გადადგეს. ის არაა ის პიროვნება, რომელიც პოსტს თავისი ნებით დატოვებს.
მის ბედად, "კამპ ნოუზე" მატჩები უმაყურებლოდ ტარდებოდა და ალბათ, გარკვეული პერიოდი ისევ ასევე ჩატარდება და ობსტრუქციას ვერავინ მოუწყობს. თუმცა, არც ამის შიში აქვს, სტადიონთან კი გუშინ იმდენი გულშემატკივარი არ მისულა, რომ საპროტესტო აქციას სერიოზული სახე მისცემოდა.
"მუნდო დეპორტივო" ირწმუნება, რომ მესიმ გუნდის დატოვება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ახალმა მწვრთნელმა რონალდ
კუმანმა ფორვარდ ლუის სუარესს კარისაკენ მიუთითა. ჩემპიონთა ლიგაზე "ბაიერნთან" განადგურების შემდეგ სუარესი მესისთან სახლში იმყოფებოდა და მოვლენების განვითარებაზე გეგმებს ერთად აწყობდნენ, ხოლო არგენტინელმა ნიდერლანდელთან საუბრის მერე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.
კატალონიის რადიოს პროგრამა Club de la Mitjanit-ი "ტვიტერით" ინფორმაციას ავრცელებს, რომ ლეო რამდენიმე დღის წინ დაუკავშირდა "მანჩესტერ სიტის" მწვრთნელ პეპ გვარდიოლას და კონტრაქტის გაფორმებაზე შეუთანხმდა.
მესის "ბარსასთან" ხელშეკრულების გაწყვეტა კი სურს, მაგრამ კლუბი ამტკიცებს, რომ ამისათვის 30 მაისამდე უნდა მიემართა, დათმობაზე არ წავლენ და მისმა მსურველმა კლუბმა 700 მილიონი უნდა გადაიხადოს.
ერთი სიტყვით, ყველაფერს ისეთი პირი უჩანს, მხარეები ვერ მორიგდებიან და საქმე სასამართლომდე მივა. დრო კი არ ითმენს, ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფი "ბარსელონა" კვირას ახალი სეზონისათვის სამზადისს უნდა შეუდგეს. უნდა შეუდგეს მესისა და სუარესის გარეშე და თან, რაც მთავარია, ახალი ფეხბურთელების შესაძენი ფული არა აქვს.