თავდამსხმელ ლეო მესის "ბარსელონადან" წასვლის შესახებ მიღებულმა გადაწყვეტილებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
Deportes Cuatro იტყობინება, რომ "ბარსას" ახალი მწვრთნელის, რონალდ კუმანისა და მესის შეხვედრამ დაძაბულ ვითარებაში ჩაიარა და არგენტინელი ნიდერლანდელის დამოკიდებულებით უკმაყოფილო დარჩა. კუმანმა მკაცრი ტონით განუცხადა, რომ გუნდში პრივილეგირებული არც ერთი ფეხბურთელი არ იქნება, რასაც მესი არ ელოდა.
მესის მიერ კატალონიურ კლუბთან კონტრაქტის გაწყვეტის მოთხოვნას "ბარსელონას" ფორვარდი ლუის სუარესი, ამავე გუნდის ყოფილი ფეხბურთელები ლუიშ ფიგუ, გარი ლინეკერი და კარლეს პუიოლი, აგრეთვე, კატალონიის პრეზიდენტი კიმ
ტორა გამოეხმაურნენ.
პუიოლი: "პატივისცემა და აღფრთოვანება, ლეო. სრულად გიჭერ მხარს, მეგობარო".
ლინეკერი: "იმედია, კლუბი ხელს არ შეუშლის წასვლაში. ის უსაზღვროდ ერთგული იყო, ეს უდიადესი მოთამაშეა. საშინლად სამწუხარო იქნება, თუ ყველაფერი მასსა და კლუბს შორის კონფლიქტით დასრულდება".
ტორა: "კატალონია მუდამ შენი სახლი იქნება. დიდი მადლობა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში შესანიშნავი თამაშით სიხარულს გვანიჭებდი. ჩვენ არასოდეს დაგივიწყებთ".
ფიგუ: "ვაუ! კიდევ ერთი ისტორიული მომენტი!"
სუარესმა, რომელსაც გუნდიდან ძალით გაშვებას უპირებენ, მესის აპლოდისმენტები მიუძღვნა.
"ბარსელონას" დირექტორთა საბჭომ "კამპ ნოუზე" საგანგებო კრება მოიწვია, კლუბის ოფისთან კი გულშემატკივრები იკრიბებიან.