ინგლისის პრემიერლიგა დიდი ხანია საფეხბურთო ბაზარზე დომინირებს, თუმცა გარკვეული დროის განმავლობაში ინგლისური კლუბები ეფექტურობით ვერ გამოირჩეოდნენ. ბოლო 5 წლის განმავლობაში ინგლისელებმა 3,352 მილიარდით მეტი დახარჯეს ტრანსფერებში, ვიდრე სხვა ნებისმიერი ლიგის კლუბებმა.
დანახარჯი სხვაობა სალდო
ეს ცხრილი ფიფას ოფიციალური მონაცემების მიხედვით არის შედგენილი - ახლა ყველა გარიგება მათი ელექტრონული სისტემის გავლით ფორმდება, რაც ახალი კვლევების საშუალებას იძლევა და სისწორის მაჩვენებელს ზრდის.
დანახარჯებსა და იმ ოდენობას, თუ რამდენჯერ აღემატებოდა სხვა ლიგის დანახარჯებს პრემიერლიგის ხარჯები, ამას ხედავთ, პროპორცია კი ინგლისელების სალდოს სიაში მეორე
ლიგის სალდოსთან თანაფარდობაა. მაგალითად, 2016 წელს პრემიერლიგის კლუბებმა 4,87-ჯერ მეტი თანხა დახარჯეს, ვიდრე ბუნდესლიგამ (იმ წელს მეორე სწორედ გერმანელები იყვნენ). კონკურენტების 2-ჯერ მეტი ფულის დახარჯვა ინგლისელებისთვის ნორმაა, თუმცა ბოლო 5 წელში ეს მაჩვენებელი 4,03-მდე ავიდა. არცერთ სხვა ლიგას ამდენის დახარჯვა არ შეუძლია.
ინგლისური კლუბები რომ ყველაზე მეტს იხდიდნენ ტრანსფერებსა და ხელფასებში, ეს ისედაც ვიცოდით. ახლა მტკიცებულებები გვაქვს. თუმცა ეს ჯერ კიდევ არაა იმისი საბუთი, თუ რატომ არის პრემიერლიგა საუკუთესო ჩემპიონატი. ყველაზე ობიექტური კრიტერიუმი ევროთასებზე დაფიქსირებული შედეგია. ინგლისმა ბოლო 5 წელში კოეფიციენტების ცხრილში 2-ჯერ გაიმარჯვა (3-ჯერ ესპანეთმა).
გამარჯვებულ სეზონებშიც კი 6-ეულს მიღმა კლუბები ეჭვებს იწვევდნენ - 2018/19 წლებში "ბარნლი" ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც ვერ მოხვდა, ხოლო 1 წლით ადრე "ევერტონი" ჯგუფში ჩარჩა.
მიუხედავად იმისა, რომ დავუშვათ, პრემიერლიგა საუკეთესო ლიგაა, სხვებს 4-ჯერ ნამდვილად ვერ სჯობს. ერთია, აჯობო ბაზარზე და მეორეა, აჯობო მოედანზე. ხარჯვაში ინგლისური კლუბები საკმაოდ არაეფექტურები არიან. ერთი მხრივ, მათ მიმართ მადლობელნი უნდა ვიყოთ (ევროპულ ლიგებს ტონუსში ამყოფებენ), ხოლო მეორე მხრივ, ზედმეტად უაზრო მასშტაბებს იძენენ (სხვათა შორის, შენც გგულისხმობთ, 37-მილიონიანო დენ დრინქუოთერ).
ყველაზე გამორჩეული კი ინგლისურ კლუბებს შორის "ლივერპულია". მუშაობის მიხედვით, შესაძლოა, ისინი ევროპაში საუკეთესოები არიან. ჩემპიონებს საკმაოდ რთული ანალიტიკური მოდელი აქვთ, თუმცა გადაწყვეტილების მიღება საკმაოდ მარტივია, რომელიც ყალიბდება სამი შემადგენლის აზრის მიხედვით: სამწვრთნელო შტაბის, სელექციონერებისა და ანალიტიკით. მოთამაშეების შეხვედრების მონაცემები სკაუტების შეფასებითაც უნდა დადასტურდეს და თავად მოთამაშე კლოპის სტილში უნდა ჩაჯდეს. თუ კანდიდატურა 1 პუნქტს მაინც ვერ აკმაყოფილებს, მას აღარ განიხილავენ.
"ლივერპულის" კვლევების დირექტორი იან გრემი ამბობს, რომ კლუბის სატრანსფერო პოლიტიკა თეორიული ფიზიკა არ არის. ყველაფერი მარტივი და ეფექტურია. როცა მთავარ ანალიტიკოს უილიამ სპირმენს წარმატების ფორმულის აღწერა სთხოვეს, მან მხოლოდ ორი მახასიათებელი გამოჰყო: ხანგრძლივი დაგეგმვა და სამი შემადგენელი ნაწილის ურთიერთკავშირი. მისი თქმით, სხვა კლუბებშიც კარგი ანალიტიკოსები ჰყავთ (განსაკუთრებით, "ლესტერსა" და "არსენალში"), თუმცა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ბალანსს ვერ იცავენ.
"ლივერპულის" წარმატებები პროგრესის ერთ-ერთი ძრავია. 2020 წელს კი იდეალური შტორმი წამოვიდა, რომელმაც, შესაძლოა, მათი ქაღალდზე დომინაცია რეალური გახადოს:
* პანდემიამ ინგლისურ კლუბებს ფინანსურად დაარტყა, ისეთი ძალით, რომ ისინი არაეფექტურობაზე დააფიქრა. თუმცა ეს იმდენად ძლიერი არ ყოფილა, რომ ისინი ევროპის მასშტაბით დაესუსტებინა.
საფეხბურთო მატჩებზე დასწრების აკრძალვამ (სკაუტებისათვისაც, ფაქტობრივად) რეფლექსიისთვის კარგი ნიადაგი შექმნა. დაბალი ეშელონის კლუბებმაც კი სიახლეებისკენ გადადგეს ნაბიჯები და ნაწილობრივ "ცოცხალ სკაუტინგზე" უარი თქვეს.
The Athletic-ისთვის ანონიმურად მიცემულ ინტერვიუში პრემიერლიგის ერთ-ერთი კლუბის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ამ პერიოდში ყველაზე მეტად სელექციონერული ნაწილი გააძლიერეს. ცდილობენ, კრეატიულები იყვნენ და კლუბს ფული სწორი ტრანსფერებით შეუნარჩუნონ. როცა ბევრი ფული ჰქონდათ, მაშინ ამაზე დიდად არ ფიქრობდნენ...
* სხვა ევროპული ქვეყნების გუნდები გაცილებით მეტად დაზარალდნენ. ამის მაჩვენებელი კი 2020 წლის სალდოა: პანდემიის წელს სხვა ლიგებს პრემიერლიგამ 971,9 მილიონი დოლარით აჯობა. აქამდე მსგავსი მაჩვენებელი არასდროს ყოფილა, მეორე ლიგას 9,44-ჯერ გაუსწრეს...
* ბრექსიტის გავლენის შესახებ საუბარი ჯერ ძნელია, თუმცა ძალიან ფრთხილად შეგვიძლია უპირატესობებზე საუბარი. ახალი წესები სხვადასხვა ბაზარს ინგლისთან მიმართებით თანაბარ პირობებში აყენებს. ეს კი ინგლისელებს სამხრეთ ამერიკაში პირდაპირ გზას გაუხსნის - იქაური ბაზარი ხომ ფასისა და ხარისხის მიხედვით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლოა.
პანდემია მოთამაშეების ნახვის პროცესის სიკვდილს აჩქარებს და არაეფექტურობას საქმეს ურთულებს
სასელექციო განყოფილებებისთვის გასული გაზაფხული გაწეული სამუშაოს შეფასების საუკეთესო დრო იყო. აი, რა დასკვნები გააკეთეს იმ კლუბში, რომლის პრეზიდენტიც ESPN-ს ანონიმურად ესაუბრა:
"ჩვენ ფეხბურთელების რეალურ თამაშში დაკვირვების მონაცემების უდიდესი ბაზა გვქონდა და ძლიერადაც არ დავზარალდით. ჩვენ შევძელით ეს მონაცემები უკეთესად დაგვემუშავებინა და ახალი სამუშაო უფრო ეფექტურად ჩაგვეტარებინა. ცხადია, უფრო ნაკლებ მატჩებს დავესწარით, თუმცა პრაქტიკით იმ დასკვნამდე მივედით, რომ რეალურად ბევრს ვერაფერს ვნახულობდით ადრე; პირიქით, პანდემიამდე განსაზღვრული მიზნის გარეშე ბევრს ვმოგზაურობდით. ახლა ჩვენი სამუშაო უფრო ზუსტი გახდა."
ძვირად ღირებული მოგზაურობები მიზნის გარეშე, ეს აისბერგის მხოლოდ წყლის ზედა ნაწილია. სკაუტების სისტემის განახლების ერთ-ერთი მომხრე "ბარნლის" ტექნიკური დირექტორი მაიკ რიგი გახლავთ. ის ძველი სკოლის წარმომადგენელია (ადრე "სიტისა" და ინგლისის ფეხბურთის ასოციაციაში მუშაობდა), პანდემიამ კი თვალები აუხილა და ინტერვიუ-ინტერვიუზე მისცა "ფორბსს", "სკაი სპორტსსა" და კლუბის არხს.
რიგს ერთი საყვარელი მნიშვნელობა აქვს, რომელსაც პირდაპირი მნიშვნელობით, ყველგან ჰყვება. როცა "სიტიში" მუშაობდა, პერიფერიული ლიგებიდან მატჩების ჩანაწერის მისაღებად კლუბები იდუმალ ბულგარელ ბიჭს წერდნენ, 10 დღეში კი DVD დისკებს იღებდნენ, ვიდეო კი ხშირად ძალიან დაბალი ხარისხის იყო. ეს კი რადიკალურად განსხვავდება იმ მონაცემების ხარისხთან, რომელსაც ისეთი პლატფორმები სთავაზობენ მომხმარებლებს, როგორებიც WyScout და InStat არიან (სწრაფი წვდომა 100+ ქვეყნის ჩემპიონატებზე).
რევოლუციას საფუძველი სწორედ მაშინ ჩაეყარა, როცა ეს კომპანიები გამოჩნდა, კორონავირუსმა კი პროცესი მხოლოდ დააჩქარა.
"ვფიქრობ, პანდემიამ მოგვცა შანსი, შეგვეფასებინა, თუ რამდენად პროდუქტიულად ვიყენებთ ჩვენს დროს. ადრე ადამიანები მოახტებოდნენ მანქანებს და 1,5 საათს მიდიოდნენ 30-წუთიანი შეხვედრისათვის. ახლა კი ყველას ესმის, რომ ზუმში შეხვედრის ორგანიზება ძალიან ადვილია. სახლიდან ვმუშაობდით, თუმცა უფრო მეტი ფეხბურთელი გავაანალიზეთ. ახლა ადვილად შეგვიძლია მთელი ლათინური ამერიკა და ევროპა მოვიცვათ", - ამბობს რიგი.
"ჩვენი პროდუქტიულობა პანდემიის პერიოდში გასაოცარი იყო. წარმოუდგენლად ბევრი რამ მოვასწარით. დღეში 30-40 ფეხბურთელის შესახებ მოგვდიოდა რეპორტები. მათი ძლიერი და სუსტი მხარეების განხილვა ვიდეოკონფერენციების საშუალებით უფრო დეტალურად შევძელით", - დაამატა მაიკმა.
რიგის აზრით, ინგლისური კლუბების უმრავლესობაში ეს პროცესი არასწორად იყო აშენებული, ის ფუნდამენტშივე მცდარი გახლდათ:
"როგორც წესი, ყველაფერი ასე შენდება: სკაუტი იღებს მატარებლის ან თვითმფრინავის ბილეთს და ფეხბურთელის სანახავად მიდის, რაც დრო და ფული ჯდება. ის 2 თუ 3-ჯერ ნახულობს მას და ამბობს: "დიახ, ის ჩვენს გუნდს ნამდვილად შეეფერება". ვფიქრობ, პირიქით უნდა იყოს. საჭიროა თვალყური დიდხანს ვადევნოთ და ცოცხლად მაშინ ვნახოთ, როცა თითქმის ყველაფერი გადაწყვეტილი იქნება. ფეხბურთელის რეალურად ნახვა მხოლოდ ბოლო დადასტურებაა."
თავად ფეხბურთელის თამაშში ნახვა სასარგებლო ინსტრუმენტია. ის დამატებით ინფორმაციას გაძლევს (მოთამაშის მოქმედებას ყოველწამიერად ადევნებ თვალს და არა მხოლოდ მაშინ, როცა კადრშია + ინფორმაცია მისი გარემოცვიდან და ხასიათის შესახებ). თუმცა, ის, როგორც მას იყენებდნენ, კრიტიკას ვერ უძლებს. ცოცხალი ნახვით რომ საჭირო ფეხბურთელი იპოვო, უდიდესი რესურსია საჭირო. ამდენი არც პრემიერლიგის კლუბებს აქვთ.
The Athletic-თან საუბარში იპლ-ის 6-ეულის გუნდის სელექციონერმა თქვა:
"ორ კვირაში იაპონიის სამი ლიგა და ქვეყნის ახალგაზრდული ფეხბურთი შევისწავლეთ. რაღაც მხრივ, ეს ღვთის მიერ ბოძებული პაუზა იყო. ჩვენ შეგვიძლია სტანდარტული რიტმიდან ამოვიდეთ და მიზანში მთელი ქვეყანა ამოვიღოთ, მის შესახებ სრულყოფილი კვლევა ჩავატაროთ."
ბევრი სკაუტი რომ საჭირო არაა, ამაზე "საუთჰემპტონის" სპორტულმა დირექტორმა მეთ ქროქერმა ისაუბრა:
"სელექციის პროცესში ჩვენი პრინციპი ასეთია: ნაკლები - ნიშნავს უკეთესს. დავუშვათ, ჩვენ უნდა გავაკეთოთ არჩევანი 30 სკაუტ-ასისტენტსა და 10 სრულფასოვან სკაუტს შორის. 10 სკაუტი შეიძლება გახდეს კლუბის ნაწილი, გაიგოს ჩვენი ფილოსოფია, მუშაობის პრინციპი, მოთხოვნები თითოეულ პოზიციაზე, ყველაფერი დეტალურად განიხილოს რალფ ჰაზენჰიუთლემთან ერთად და პირდაპირი მნიშვნელობით მის ტვინში ჩაძვრეს.
ჩვენ შეგვიძლია მათში ინვესტიცია ჩავდოთ - ვასწავლოთ, თვალყური მივადევნოთ და სპეციალური, ინდივიდუალური პროგრამები შევქმნათ, შემდეგ კი შედეგი მოვთხოვოთ. ჩემთვის ეს მარტივი არჩევანია: მხოლოდ 10 და არამც და არამც 30. თუმცა ეს 10 სრული დატვირთვით იმუშავებს და ჩვენს ფილოსოფიასაც გაიგებს."
"ლივერპულის" სისტემაც დაახლოებით ისეთია, როგორიც ქროქერმა აღწერა: ბოლო წლებში კლუბს 12-15 სკაუტი ჰყავს, თუმცა თითოეული მათგანს მუდმივი კონტრაქტი აქვს და კლუბის სისტემის ნაწილია.
თითქოს გასაკვირი უნდა იყოს, რომ ინგლისური კლუბების უმრავლესობაში ასეთი სისტემა არ იყო, პირიქით საწინააღმდეგო ფორმატით მუშაობდნენ (რაც რიგმა აღწერა). ახლა ყველა იძულებული გახდა, ალტერნატიული გზა ეცადა.
"როგორც წესი, სკაუტები კვირაში 3 მატჩს ესწრებოდნენ, ხოლო მათი ცხოვრების დიდი ნაწილი მოგზაურობისაგან შედგებოდა. ახლა კი ნაპრალი გაჩნდა, რომელიც ამოსავსები იყო", - ამბობს "სტოკპორტის" სპორტული დირექტორი საიმონ უილსონი. დაიწყეს და მაშინვე შეამჩნიეს, რამხელა უპირატესობა იყო. მიუხედავად ამისა, ცოცხალი სკაუტინგის დასრულება ჯერ ნაადრევია.
"სევილიას" სპორტულმა დირექტორმა მონჩიმ პანდემიის დროს ბრწყინვალე მასტერკლასი ჩაატარა და 13 ვიდეორგოლში ახსნა სელექციის ის მექანიზმები, რომლებსაც ანდალუზიელები იყენებდნენ. სეზონის უდიდეს ნაწილში ისინი მხოლოდ ვიდეოსკაუტინგით არიან დაკავებულები.
მონჩის რევოლუციური არაფერი უთქვამს, მან ნათლად და კარგად აღწერა იდეები თანამედროვე ხერხებით.
ერთ-ერთ ინტერვიუში მონჩი ამბობს:
"ჩვენს შემთხვევაში პანდემიას თითქმის არაფერი შეუცვლია, რადგან პროცესი უკვე აშენებული გვქონდა: როგორ ვმუშაობდით კარანტინის დროს? ის კლუბი აღმოვჩნდით, რომელზეც ამ მოვლენამ ძალიან მცირე ზეგავლენა მოახდინა. ჩვენი მეთოდები იქამდეც 100%-ით მუშაობის საშუალებას გვაძლევდა. ჩვეულებრივად ვმუშაობდით, აპრილსა და მაისში კი მოდის დრო, როცა სკაუტები იმ ფეხბურთელების ჩანაწერების საბოლოო ანალიზს აკეთებენ, რომლებსაც მთელი წელი აკვირდებოდნენ. ამ ყველაფერს პლატფორმა Wyscout-ის დახმარებით ვაკეთებთ, რათა პრობლემა არ შეგვექმნას."
წლის კიდევ ერთი საოცარი შეჯამება - კომპანია Statsbomb-ის შესწავლებია (პირველ რიგში, ისინი კლუბებს სტატისტიკას მიჰყიდიან ხოლმე, რომლის გამოყენებაც სელექციის პროცესში მოსახერხებელია). ცხადია, სხვა პროექტების წარმატებების განხილვაც კარგი იქნებოდა, თუმცა ყველა ასეთი საჯარო არ არის. კომპანიის ხელმძღვანელი თედ ნადსონი ამბობს:
"ინფორმაციის გარკვეული ოდენობა სელექციისთვის, მოწინააღმდეგეთა გასაანალიზებლად, ბიზნესისას და ფენტეზის გუნდებისთვისაც კი არის საჭირო. როგორც ჩვენი ზრდიდან შეგიძლიათ დაასკვნათ, ბაზარი ჯერ ისევ პოზიტიურად რეაგირებს ამ ნაბიჯებზე."
ყველაფერი იქით მიდის, რომ მომავალში ახალი პროფესია უნდა ვიხილოთ
ცოცხალ სკაუტინგს სამი მთავარი უპირატესობა აქვს:
1. ფეხბურთელის ყურება შეგიძლიათ ყველა ეპიზოდში და კამერის რაკურსზე დამოკიდებული არ ხართ.
2. შეგიძლიათ ნახოთ მეტი ხნით, ვიდრე 90 წუთია - გახურება + ყველაფერი, რაც მატჩის შემდეგ ხდება + ვარჯიში, თუ გაგიმართლებს.
3. შეგიძლიათ შეამოწმოთ ფეხბურთელის ხასიათი და ის, რაც მის გარშემო ხდება.
პირველი ორი დეტალის შეცვლა ადვილია, მაღალი კადრებიდან ყველაფერს ნახავს ადამიანი. მხოლოდ იმას უნდა დაელოდონ კლუბები, თუ როდის დამონტაჟდება ასეთი კამერები ყველა წამყვან ლიგაში. პროგრესის სისწრაფეს თუ გავითვალისწინებთ, ამ ყველაფერს დიდი დრო არ უნდა დასჭირდეს. თან, ESPN-თან საუბარში, ერთ-ერთი ძველი სტილის სკაუტმა განაცხადა, რომ ვიდეორეპორტაჟები ახლაც კი ინფორმაციის 80%-ს იძლევა...
აი, მესამე ნაწილთან დაკავშირებით ყველაფერი რთულადაა. ფეხბურთელის ამ მხარის შემოწმებას ახლავს ის, რაც შესაძლოა, გახდეს ტრადიციული სკაუტების სამუშაო. ადრე ამას ისინი დამატებით ინფორმაციად განიხილავდნენ. აწი კი, წესით, ეს მათი ფოკუსის ცენტრში უნდა მოექცეს.
"რეალურად ფეხბურთელის ნახვა ინფორმაციას იმის შესახებ გვაძლევს, თუ როგორ ცხოვრობს ის. სკაუტები ადრე მიდიან, უყურებენ, როგორ იქცევა ფეხბურთელი, ვინ არიან მისი მეგობრები, როგორ სცემს პასუხს გულშემატკივრებს, როცა ავტობუსიდან ჩამოდის. ეს მცირე დეტალებია, თუმცა ისინი გადაწყვეტილების მიღებისას გეხმარებათ", - ამბობს რიგი.
ეფექტურ სისტემაში სწორედ ეს უნდა იყოს ბოლო ფილტრი, იმ პირობით, რომ ფეხბურთელმა შესწავლის წინა სტადიები წარმატებით გაიარა. ახლა გამოცდილი სკაუტები გადამზადების პროცესს გადიან, რათა ახალ მოვალეობებს თავი კარგად გაართვან.
ეს კი მნიშვნელოვანი სიგნალია და იმას ნიშნავს, რომ ინდუსტრია იცვლება. არა მხოლოდ მისი ინოვაციური ნაწილი "ლივერპულის" თამადობით, არამედ, მთლიანად.
ახალ რეალობაში აპლ-ის მეგარესურმა, შესაძლოა, ის მსოფლიოს საუკეთესო ლიგად აქციოს.
როგორც სხვა სფეროში, პანდემიამ აქაც ყველაფერი დააჩქარა. გარკვეული კლუბები ადრეც მუშაობდნენ ეფექტურად და ეკონომიურად, მაგრამ ყველა ამ რელსებზე გადავიდა.
ეს რაღაც აბსტრაქტული ტენდენცია არ გახლავთ, არამედ მის მოქმედებას, სავარაუდოდ, რამდენიმე წელში ვიგრძნობთ. ნაწილობრივ, ის უკვე შესამჩნევია. ზაფხულში "ასტონ ვილამ" სპორტული დირექტორი და სელექციის განყოფილების ხელმძღვანელი შეცვალა - მოვიდნენ იოჰან ლანგე ("ექსკოპენჰაგენი") და რობ მაქკენზი ("ლესტერიდან"). 2019 წლის სატრანსფერო კატასტროფები წლის საუკეთესო კამპანიად შეიცვალა (ემი მარტინესი, მეთი ქეში, როს ბარქლი და ოლი უოთქინსი გუნდის ძირითად შემადგენლობაში მალე ჩასხდნენ და ძალიან სტაბილურად თამაშობენ). ცოტა ხნის წინ აუტსაიდერი მწვრთნელის ცვლილების გარეშე ევროთასების კანდიდატი გახდა.
"იმ ფეხბურთელების გამოსაკვეთად, თუ ვინ გვჭირდება და გვაინტერესებს, დროის დიდ ნაწილს მონაცემებზე დაყრდნობით შესწავლას ვუთმობთ. შემდეგ ჩემი, მწვრთნელისა და სკაუტების მუშაობაა საჭირო. ჯერ ჩვენი პოტენციური სამიზნისადმი მოთხოვნებს ჩამოვაყალიბებთ და შემდეგ მონაცემებს ვიყენებთ და ფეხბურთელს სელექციონერებს ვაჩვენებთ. მხოლოდ ამის შემდეგ მიდის საქმე მოთამაშის ცოცხლად ნახვამდე", - ახსნა ლანგემ.
"ლიდსში" მონჩის მოსწავლე - ვიქტორ ორტა მუშაობს. იქ ძალიან მსგავსი სისტემაა შექმნილი, ხოლო რობინ კოხის "ფრაიბურგიდან" ტრანსფერი ცალკე ყურადღების საგანია - ამ შემთხვევაში ხარისხიანმა ვიდეოსკაუტინგმა არა მხოლოდ ფეხბურთელის პოვნაში შეიტანა უდიდესი წვლილი, არამედ მის საჭიროებაში დარწმუნებაშიც.
"ლიდსმა" ჩემთვის პრეზენტაცია მოამზადა. იქიდან ზუსტად გავიგე, როგორ აპირებდა მარსელო ბიელსა ჩემ გამოყენებას და რამდენად სიღრმისეულად იკვლევენ მისი სკაუტები მოთამაშეებს. ჯერ "ლიდსის" თამაშის ამონარიდები მაჩვენეს, შემდეგ კი იგივე "ფრაიბურგიდან", ჩემი მონაწილეობით. ასეთი რამ არასდროს მინახავს. ასე იდეალურად ჩემი თამაში არავის გაუანალიზებია. არადა, იმ დროს ამ კლუბის ფეხბურთელიც არ ვიყავი. სიმართლე გითხრათ, გაოცებული დავრჩი და ტრანსფერში ამან უდიდესი როლი ითამაშა", - გაიხსენა რობინმა.
"ბარნლი" აი, მალე კომპანია ALK Capital-ს იყიდის. ისინი ასევე ორ საფეხბურთო სტარტაპს ფლობენ. პირველი ახალგაზრდულ დონეზე სელექციის ინსტრუმენტია, მეორე კი ფეხბურთელსა და კლუბს შორის სატრანსფერო შესაბამისობის პოვნისთვის გამოიყენება. მათი მთავარი იდეა მონაცემთა ანალიზის ხელოვნურ ინტელექტთან შეთანხმებული გამოყენებაა.
ცხადია, ტექსტს "ლივერპულით" დავასრულებთ. ისინი ინდუსტრიას წინ მიათრევენ. ცოტა ხნის წინ კლუბმა ინვესტიციები ფრანგულ კომპანია SkillCorner-ში ჩადო, რომელიც "თრექინგ-მონაცემების" (ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად იმყოფება მოთამაშე მატჩის კონკრეტულ მომენტში) მოპოვებაზე არის სპეციალიზებული. 90 წუთში მილიონი ერთეული ინფორმაცია გროვდება ბურთის მდებარეობასა და თითოეულ მოთამაშეზე. ახლა მათ 23 ლიგა აქვთ, მალე 40 ექნებათ.
ამ ყველაფრის ნაყოფიერებაზე კომპანიის თანადამფუძნებელმა უგო ბორდიგონიმ ისაუბრა:
"თუ შეხვედრის 3:43 წუთზე გაკეთდა პასი, ჩვენი თრექინგ-მონაცემები აჩვენებს ამ წამისთვის მოედანზე არსებულ სიტუაციას და შეგვატყობინებს, იმყოფებოდა თუ არა ფეხბურთელი ზეწოლის ქვეშ, იყო თუ არა პრესინგი იმ მოთამაშის წინააღმდეგ, ვისაც პასი გაუკეთეს, რა ვარიანტები ჰქონდა მას. ძალიან საინტერესოც არ არის იმის ცოდნა, რომ ფეხბურთელმა მატჩში 90 პასი გააკეთა. მთავარია, თითოეული პასის მონაცემები გქონდეს და იცოდე, რომელი იყო საუკეთესო ვარიანტი და რომელი აირჩია მან."
"ლივერპულს" მსგავსი მოდელი უკვე აქვს და ისინი თრექინგს იყენებენ - მონაცემები პირველი გუნდის თამაშებზე გროვდება და ანალიტიკის საშუალებით კლოპს რჩევებიც კი მისცეს (მაგალითად, ასე დაიბადა იდეა იმის შესახებ, რომ ალეკსანდრ-არნოლდს უფრო ხშირად გაეკეთებინა პასი რობერტსონზე და პირიქით). ამას კიდევ ბევრი ლიგის მონაცემი ემატება, რომელიც სელექციისთვის ნოყიერი მასალა იქნება.
2020 წლის შავმა ხვრელმა ინგლისის პრემიერლიგას ზრდისთვის იდეალური პლატფორმა შეუქმნა. ახლა იპლ-ი სხვა ლიგებს მინიმუმ 10-ჯერ აღემატება სატრანსფერო რესურსით და ნერგავს ახალ სისტემას, რომელიც განვითარებისკენაა მიმართული. ყველაფერი ისე მიდის, რომ ინგლისის პრემიერლიგა ერთადერთი სუპერლიგა იქნება და ამისთვის ხელის შეშლა მხოლოდ ანიელის "სუპერლიგის" იდეას შეუძლია.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით
ამის შესამოწმებლად არ არის სკაუტი საჭირო. მე ერთ-ერთ კომპანიაში რომ ამიყვანეს (არა საქართველოში), გარე დაქირავებულ კომპანიასთან გამიშვებს ფსიქოლოგიურ გასაუბრებაზე, სადაც ორი საათი მაყილებდნენ ჩემი ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდებს და მოულოდნელად სხვადასხვა კუთხიდან მისვამდნენ შეკითხვებს. ამით ცდილობდნენ დაედგინათ, როგორი ტიპაჟი ვიყავი, როგორ მოვიქცეოდი ამა თუ იმ სიტუაციაში. თუნდაც უწყინარ მაგრამ მოულოდნელ ხუმრობას თუ გავატარებდი, თუ დავიძაბებოდი. მოკლედ არსებობს მაგის გზები როგორ დაადგინონ სკაუტზე უკეთ შენი პიროვნება. მითუმეტეს ამხელა ფული ტრიალებს მაგ სექტორში. იდეალური ვერ იქნება შეფასება მაგრამ იდეალირად ვერც სკაუტი შეგაფასებს ყოველთვის