"ლივერპულმა" მანჩესტერელთა ბლოკ-პოსტიც გაარღვია და "იუნაიტედის" დაცვაც [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერლიგის 34-ე ტურის გადადებულ მატჩში "ლივერპულმა" სტუმრად "მანჩესტერი" 4:2 დაამარცხა.

ეს მატჩი 2 მაისს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ "იუნაიტედის" ევროპის სუპერლიგაში გაერთიანების გამო მისი გულშემატკივრები "ოლდ ტრაფორდზე" შეცვივდნენ და კლუბის მფლობელ გლეიზერების გადადგომას მოითხოვდნენ, რის გამოც შეხვედრა გადაიტანეს.

დღესაც გაგრძელდა "ოლდ ტრაფორდთან" ფანების პროტესტი, სტუმარ გუნდს კი გზა ავტომობილებით გადაუხერგეს, მაგრამ საბოლოოდ მათ მაინც მიაღწიეს არენამდე. სხვათა შორის, "მანჩესტერმა" თადარიგი დაიჭირა და სტადიონზე 6 საათით ადრე მივიდა, სადაც ფეხბურთელებს მოსასვენებლად სახელდახელოდ საწოლებიც მოუმზადეს.

მატჩიც ისეთივე დაძაბული გამოდგა, როგორიც სიტუაცია იყო: ჯერ
ბრუნო ფერნანდეშმა მასპინძლები დააწინაურა, რომელმაც სეზონში 28-ე გოლი გაიტანა და პრემიერლიგის ნახევარმცველებს შორის ლამპარდის რეკორდი დაამხო. შემდეგ დიოგო ჟოტამ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო ფირმინომ დუბლით "წითლები" წინ გაიყვანა. მას წელს 21 მატჩში აქამდე მხოლოდ 1 გოლი ჰქონდა გატანილი. რეშფორდმა 68-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა შეამცირა და თითქოს სოლსკიაერის გუნდი ქულის მოპოვებასთან ახლოს იყო, მაგრამ 90-ე წუთზე სალაჰმა დალაშქრა ჰენდერსონის კარი და "ლივერპულმა" გაიმარჯვა.

ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე "მანჩესტერი" მეორე ადგილზეა და უახლოეს მდევარ "ლესტერს" 4 ქულით უსწრებს; "ლივერპული" კი მეხუთე პოზიციაზე გადავიდა, ჩემპიონთა ლიგის ზონას 4 ქულა აშორებს, თუმცა 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

"ლივერპული" 16 მაისს გასვლაზე "ვესტ ბრომვიჩს" დაუპირისპირდება, ხოლო 18 მაისს "მანჩესტერი" "ფულჰემს" უმასპინძლებს.

მანჩესტერი. "ოლდ ტრაფორდი"
მანჩესტერი - ლივერპული 2:4
გოლები: 1:0 ბრუნო ფერნანდეში (10), 1:1 დიოგო ჟოტა (34), 1:2 ფირმინო (45+3), 1:3 ფირმინო (47), 2:3 რეშფორდი (68), 2:4 სალაჰი (90)

მკითხველის კომენტარები / 4 /
სიტი ან ჩელსი ლიგას იგებსო, მაგის თქმა უნდოდა ალბათ...
კიკო-ს
12:27 14-05-2021
0
ლივერპული 5-ე ადგილიდანაც გავა ლიგაზე
მამუკა
07:48 14-05-2021
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული