"ბრენტფორდის" მთავარმა მწვრთნელმა ტომას ფრენკმა პრემიერლიგის მომდევნო ტურის გადადება ითხოვა. მოგეხსენებათ, შუა კვირაში ინგლისის ჩემპიონატის შეხვედრები კოვიდ 19-ის დაფიქსირების გამო გადაიდო ("ბრაიტონი" - "ტოტენჰემი", "ბრენტფორდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი", "ბარნლი" - "უოტფორდი").
"ვფიქრობ, რომ მომდევნო ტურის შეხვედრები უნდა გადავდოთ. კოვიდ 19-ის შემთხვევები ინგლისში ძალიან გავრცელდა, ყველა გუნდს პრობლემა აქვს.
იმ შემთხვევაში, თუ პრემიერლიგის მომდევნო შეხვედრები, ასევე, კარაბაოს თასის მატჩები არ გაიმართება, თითქმის 1-კვირიანი ვადა გვექნება, მოედნები და სავარჯიშო ბაზები გაიწმინდოს.
"ომიკრონის" ვირუსი მსოფლიოს ძალიან სწრაფად მოედო, ჩვენ კი მკაცრად განსაზღვრული გეგმა
გვჭირდება იმისთვის, რომ ეს ყველაფერი თავიდან ავირიდოთ. თუ 3-4 ან თუნდაც 5 დღე დავხურავთ ბაზას, ყველაფერი უკეთესად წარიმართება", - განაცხადა სპეციალისტმა.
ტომასის აზრს სხვა მწვრთნელებიც იზიარებენ, თანაც რთულია გულშემატკივრისთვის, როდესაც მიდიხარ მოედანზე და ბოლო წამს მატჩი აღარ ტარდება.
ყველაფერს დრო გაარკვევს. როგორც ჩანს, პრემიერლიგის სეზონის გაგრძელება კითხვის ნიშნის ქვეშაა.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით