გუშინ, 12 იანვარს, ინგლისში, კარაბაოს თასის ნახევარფინალის განმეორებით შეხვედრაში, ლონდონის "ჩელსი" "ტოტენჰემს" ესტუმრა და 1:0 დაამარცხა. შეგახსენებთ, 5 იანვარს "ლურჯებმა" საკუთარ მოედანზე "მამლებს" 2:0 სძლია და ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.
ერთადერთი გოლი ანტონიო რუდიგერმა გაიტანა. გერმანელმა მცველმა თავი მე-18 წუთზე გამოიჩინა.
ამის შემდეგ ნამდვილი დრამა დაიწყო. 42-ე წუთზე პიერ-ემილ ჰოიბერგის წაქცევისთვის ანდრე მარინერმა (მსაჯმა) პენალტი დანიშნა, თუმცა გადამოწმების შემდეგ გადაწყვეტილება გააუქმა და თქვა, რომ დარღვევის მომენტში დანიელი ფეხბურთელი საჯარიმოს მისადგომებთან იყო და არა შიგნით.
57-ე წუთზე კეპა არიზაბალაგამ საჯარიმოში ლუკას მოურა წააქცია. არბიტრმა აქაც გადაამოწმა და თერთმეტმეტრიანი გააუქმა.
ამ ეპიზოდიდან 7 წუთში ჰარი კეინმა "არისტოკრატების" კარი აიღო, თუმცა იმავე VAR-ზე შემოწმების შემდეგ თამაშგარეში აღმოჩნდა და გოლიც გაუქმდა.
ამრიგად, "ლურჯები" ფინალში გავიდა, მეტოქის ვინაობას კი "ლივერპულისა" და "არსენალის" შეხვედრა გადაწყვეტს (ჯერ არცერთი ჩატარებულა). პირველი მატჩი დღეს, 13 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.