SunSport-ის ცნობით, კრიშტიანო რონალდოს წარმომადგენლები და რიჩარდ არნოლდი (მომდევნო თვეში კლუბის ახალი აღმასრულებელი დირექტორი გახდება) ამ კვირაში ერთმანეთს შეხვდებიან.
პორტუგალიელი ვარსკვლავი "წითელი ეშმაკების" თამაშითა და შედეგით შეშფოთებულია. შეგახსენებთ, რონალდო მომდევნო თვეში 37 წლის გახდება, მის გეგმებში კი 40 წლამდე თამაშია, თუმცა სურს, რომ დიდებული კარიერა გამარჯვებით დაასრულოს. ალბათ, ყველანი შევთანხმდებით, რომ "იუნაიტედში" ამის შანსი მცირეა.
მოგეხსენებათ, ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ყოფილ კლუბში 2021 წლის ზაფხულში იმ იმედით დაბრუნდა, რომ ულიდერებდა გუნდს და ერთად არაერთ ტიტულს მოიგებდნენ, თუმცა ყველაფერი ისე როდია,
როგორც პორტუგალიელმა ისაუბრა, გუნდში ის სულისკვეთება არ არის, რაც "მანჩესტერ იუნაიტედს" შეეფერება, ზოგიერთი ფეხბურთელი კი იქ ყოფნას არ იმსახურებს. შეგახსენებთ, "წითელმა ეშმაკებმა" ბოლო 7 შეხვედრიდან 3 მოიგო, თანაქალაქელ "სიტის" კი უკვე 24 ქულით ჩამორჩა.
გუნდს ერთ სისტემად თამაში უჭირს. მაგალითისთვის, 22-ე ტურში "იუნაიტედი" "ასტონ ვილასთან" 2:0 დაწინაურდა, თუმცა 4-წუთიან ინტერვალში (77-ე და 81-ე წუთებზე) 2 გოლი გაუშვა და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა. რაც შეეხება რონალდოს, პორტუგალიელმა ბოლო ორი შეხვედრა გამოტოვა, თუმცა დღეს "ბრენტფორდის" წინააღმდეგ სათამაშოდ, დიდი ალბათობით, მზად იქნება. შეგახსენებთ, შეხვედრა 00:00 საათზე დაიწყება.
დასკვნის სახით კი გეტყვით, რომ თუ "ოლდტრაფორდელები" ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებენ, კრიშტიანო გუნდს მეორედ დატოვებს. რაც შეეხება ოთხეულის ზონას, მანჩესტერელებს იქამდე 5 ქულა აშორებთ ("ვესტ ჰემს" 37 ქულა აქვს, "ჩელსის" კი უკვე - 44. "წითელი ეშმაკების" ისე აფეთქება, რომ "არისტოკრატებს" ცხრილში დაეწიოს, ფაქტობრივად, დაუჯერებელია).
მომზადებულია the sun-ის მიხედვით