ჯორჯო კიელინი ამერიკული ტურნეთი უკმაყოფილო დარჩა

AutoSharing Option
"იუვენტუსის" ვიცე-კაპიტანი ჯორჯო კიელინი კლუბის საზაფხულო ტურნეს გაკრიტიკებას არ მორიდებია.

ჟურნალისტებმა ჯორჯო კიელინის ჰკითხეს "იუვენტუსის" წინასასეზონო მოსამზადებელ პერიოდზე, რომელიც მასიმილიანო ალეგრის გაწვრთნილმა გუნდმა ამერიკაში გაატარა. ფეხბურთელის პასუხი ერთობ მოულოდნელი და ხისტი იყო - ჩვენ უფრო მეტი ვიმოგზაურეთ, ვიდრე ვივარჯიშეთო.

ბოლო ამხანაგური მატჩი "ბებერმა ქალბატონმა" 0:2 დათმო "ტოტენჰემთან". გუნდის ერთ-ერთი ლიდერი კი უკმაყოფილებას არ მალავს იმის გამოც, რომ მომავალ უქმეებზე "იუვეს" იტალიის სუპერთასის შეხვედრა ელის "ლაციოსთან".

"ჩვენ ბოლო სამი კვირის განმავლობაში მეტი დრო დავუთმეთ მოგზაურობას, ვიდრე ვარჯიშს. რა თქმა უნდა, ჩვენ
გვჭირდება ისეთი თამაშები, როგორიც გვქონდა "ტოტენჰემთან", მაგრამ უნდა ვითამაშოთ სხვანაირად - მაღალ ტემპში და მეტი შემართებით. თუნდაც სუპერთასისთვის მატჩში. ახლა მთავარია, ტურინში ვიყოთ და აღარ ვიმოგზაუროთ. ჩვენს გუნდს აქვს უტეხი სული და "იუვენტუსი" ამას მთელი სეზონების განმავლობაში აჩვენებს. ასე იყო ადრე და ასე იქნება მომავალშიც...

ახალი სახეები? ისინი, ჩემი აზრით, კარგად ირჯებიან, მაგრამ ისიცაა, რომ ჩვენთან ჯერ საკმარისად არ უმუშავიათ. დუგლასი (კოშტა) და ბერნა (ბერნარდესკი) შესანიშნავი ბიჭები არიან. ჩემი აზრით, ისინი უთუოდ შეუწყობენ ხელს გუნდის პროგრესს. რაც შეეხება მატეას (დე შილიო), ის მშვენიერი შენაძენია. მან იცის, რომ ბევრი უნდა იმუშაოს და შედეგს აუცილებლად მიაღწევს. ნიჭიერია ახალგაზრდა ბენტანკურიც. ჯერ მე არ ვიცი, დარჩება თუ არა ის კლუბში, მაგრამ ფაქტია - არგენტინაში კარგად თამაშობდა...

ვართ თუ არა მზად "ლაციოსთან" მატჩისთვის? რა თქმა უნდა, ჩემი პასუხი დადებითია", - თქვა კიელინიმ.

ახლა იმაზე, რაზეც "იუვეს" ერთ-ერთ ლიდერს არაფერი უთქვამს. ჯერაც უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას "ბებერი ქალბატონის" ნიჭიერი შავკანიანი ფორვარდი მოიზეს კინი, ვინც იტალიის ასაკობრივი ნაკრებიდან ქართველ გულშემატკივარსაც კარგად უნდა ახსოვდეს. შეგახსენებთ, რომ ის გახდა XXI საუკუნეში დაბადებული პირველი ფეხბურთელი, ვინც გოლი გაიტანა სერია A-ში.

ფეხბურთელის აგენტმა მინო რაიოლამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ კინის სამსახურით დაინტერესებულნი ჰოლანდიური "ზვოლე" და "დენ ჰააგი", იტალიური "ბოლონია", "კროტონე" და "ვერონა" არიან. საინტერესოა, რომ ფეხბურთელის შენარჩუნება "იუვესაც" სურს და იტალიური გრანდი მაქსიმუმ მის განათხოვრებას თუ დაყაბულდება.

ამასობაში, გავრცელდა ინფორმაცია, რომ "იუვენტუსმა" და "საუთჰემპტონმა" მარიო ლემინას ტრანსფერზე მოილაპარაკეს. გაბონელს, რომელიც "წმინდანებმა" ცხვირწინ ააცალეს "სტოკს", იშვიათად ეძლეოდა "ბიანკონერიში" თამაშის შანსი. ლემინას სანაცვლოდ ინგლისური კლუბი 16 მილიონ ევროს გაიღებს, თუმცა თანხა, შეიძლება, 20 მილიონამდეც გაიზარდოს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული