სუპერშეთავაზება "ტორინოს": 100 მილიონი ბელოტისთვის!

AutoSharing Option
აი, ასეთი წინადადება მიიღო "ტორინომ" "მონაკოსგან": სამთავროს წარმომადგენელი კლუბი მზადაა, ტურინული კლუბისა და იტალიის ეროვნული ნაკრების ფორვარდ ანდრეა ბელოტის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გადაიხადოს. ამის თაობაზე ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო წერს, რომლის მიერ მოპოვებული ინფორმაციების მეტი წილი მართლდება ხოლმე. სწორედ 100 მილიონი უნდა გადაიხადოს არაიტალიურმა კლუბმა, თუ მას ბელოტის გამოსყიდვა სურს - ასე წერია თავად ფეხბურთელის კონტრაქტში.

ფრანგები თადარიგს იჭერენ: ადვილი შესაძლებელია, მალე გუნდის ერთ-ერთი ლიდერი კილიან მბაპე "პარი სენ-ჟერმენში" აღმოჩნდეს. მბაპეს ძალიან უნდა პარიზში გადასვლა და ბოლო
დროს მას მონეგასკური კლუბის ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა დაეძაბა. როგორც იცით, ის გუნდის ერთ-ერთი ვარჯიშიდანაც კი მოკვეთეს.

ბელოტი ევროპულ ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ფეხბურთელია. მისი გადაბირება "მილანსა" და "ჩელსის" სურთ. როგორც ჩანს, ამ ბრძოლაში პრიორიტეტი "მონაკოს" მიენიჭება. რატომ? იმიტომ, რომ ცოტა ხნის წინ გაჩნდა ინფორმაცია, თითქოს, რომან აბრამოვიჩი ბელოტის სანაცვლოდ ამ 100 მილიონის გადახდას არ აპირებს, "მილანმა" კი შეიძინა ნიკოლა კალინიჩი და კლუბის ხელმძღვანელებმა გამოაცხადეს, რომ ამით "როსონერიმ" სატრანსფერო საქმიანობა დაასრულა.

სერია A-ს წინა სეზონში ბელოტიმ 35 მატჩი ჩაატარა და 26 გოლი გაიტანა. ამ მაჩვენებლით მან ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილი დაიკავა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული