სერია A. III ტური: ახალი "მილანი" რომში დაეცა [VIDEO]

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის მესამე ტურს წვიმამ გვარიანი საფრთხე შეუქმნა. სწორედ ამ მიზეზით გადაიდო "სამპდორიასა" და "რომას" შეხვედრა. უამინდობამ კინაღამ ჩაშალა ტურის ცენტრალური მატჩი "ლაციოსა" და "მილანს" შორის. შეხვედრა საბოლოოდ მაინც ჩატარდა, მაგრამ "მილანისთვის" ალბათ უკეთესი იქნებოდა, ამინდის ჭირვეულობის გამო ფეხბურთელებს მინდორზე გასვლა ვერ მოეხერხებინათ და ეგებ სხვა დღე ყოფილიყო "როსონერისთვის" იღბლიანი...

ახალი "მილანი", სეზონის დაწყების წინ 11 ფეხბურთელით რომ გაძლიერდა, ძალიან უმწეო იყო. ვიცით,"ლაციო" ხასიათის გუნდია და თუ თამაში მისდის, მისი შეჩერება ძალიან რთულია.

ასე მოხდა ამჯერადაც. რომაელთა უპირატესობა აშკარა იყო.
განსაკუთრებით უნდა გამოვარჩიოთ ჩირო იმობილეს გარჯა. იტალიის ნაკრების თავდამსხმელმა დიდებულად ითამაშა და ჰეთ-თრიკი მიითვალა. ამ შეხვედრამ ნათლად გვიჩვენა, რომ "მილანს" კიდევ ბევრი უკლია სუპერკლუბის სტატუსის დაბრუნებამდე და ერთხელაც დაგვარწმუნა იმაში, რომ შენებისთვის ნებისმიერ გუნდს დრო სჭირდება.

იმობილეზე ცალკე. რა თქმა უნდა, 3 გოლით ის მატჩისა და ტურის მთავარი გმირი გახდა, მაგრამ ის არც ამაზე გაჩერებულა - მთელ რიგ სხვა ეპიზოდებშიც ძალიან აქტიური იყო და საგოლე პასიც მიითვალა. ჩირომ, როგორც ჩანს, "დორტმუნდში" გატარებული უიღბლო პერიოდი საბოლოოდ დაივიწყა. პრინციპში, ამის ნიშნები უკვე გასულ სეზონშიც ჩანდა...

განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში ჩავარდა სტუმართა დაცვა და მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა. "ლაციომ" თუ ასე გააგრძელა, უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლებს იტალიის ჩემპიონატში, ოღონდ სიმონე ინძაგიმ ბოლო წლების გამოცდილება უნდა გაითვალისწინოს და სტაბილურობაზე იზრუნოს.

"მფრინავმა ვირებმა" ტურინში ვერ იფრინეს. "იუვენტუსმა", "ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის კარსმომდგარ ჯახზე რომ ფიქრობდა, "კიევოსგან" ქვა ქვაზე არ დატოვა. შეაგდო ჩემპიონატის ერთ-ერთმა საუკეთესო ბომბარდირმა, პაულო დიბალამაც. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა კლასის ხარჯზე მოიგო და ამაში მეტოქეც შეეშველა ავტოგოლით.

დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა "ინტერმა". ბევრი ელოდა გოლების წვიმას სპალ-თან, მაგრამ მილანელებმა მხოლოდ ორი ბურთი იკმარეს. აქაც გაიტანა ბომბარდირმა, საგოლე იშტაზე მოსულმა მაურო იკარდიმ. შესანიშნავი სტარტის მიუხედავად, გუნდის მთავარი მწვრთნელი, გამოცდილი ლუჩანო სპალეტი ჯერ საჩემპიონო დაპირებებს მაინც ვერ იძლევა.

ახალმა "ფიორენტინამ" ცოტა უცნაური, მაგრამ ძალიან საინტერესო შემადგენლობით, როგორც იქნა, გამოიღვიძა. აღსანიშნავია დიეგო სიმეონეს ვაჟის, ჯოვანი სიმეონეს გოლი. ის უაღრესად საინტერესო ფორვარდად მოჩანს...

პოტენციურად ძლიერმა "ტორინომ", რომელმაც სეზონი ყოჩაღად დაიწყო, ადემ ლიაიჩის დიდებულ პასს მოყოლებული იაგო ფალკეს გოლით ბოლო წუთზეღა გატეხა შინ ბოლომდე მებრძოლი "ბენევენტო".

ტურის ბოლო მატჩში "ნაპოლიმ" "ბოლონია" მეორე ტაიმში გატეხა. მაურიციო სარის გუნდი, "იუვენტუსსა" და "ინტერთან" ერთად, უდანაკარგოდ მიიწევს წინ. 100-პროცენტიანი შედეგი აქვს "სამპდორიასაც", თუმცა ცნობილი მიზეზის გამო მესამე ტურმა გენუელთა გარეშე ჩაიარა...

ფაქტები
  • "ვერონას" აქამდე არასოდეს წაეგო შინ 4 და მეტი ბურთის სხვაობით.
  • "ფიორენტინამ" "ვერონას" პირველ ტაიმში 8-ჯერ დაურტყა კარში, რაც მისთვის საუკეთესო შედეგია სერია A-ში 2005/06 წლების სეზონის შემდეგ.
  • "ვერონას" განადგურებამდე, "ფიორენტინას" სერია A-ს ზედიზედ ოთხ მატჩში არ ჰქონდა გამარჯვება.
  • "ინტერის" მიერ მიმდინარე სეზონში გატანილ ყველა 8 გოლში წვლილი მიუძღვით ან მაურო იკარდის, ან ივან პერიშიჩს (გოლით ან საგოლე პასით).
  • "იუვენტუსმა" პირველ 3 ტურში 10 და მეტი გოლი ბოლოს 1981 წელს გაიტანა.
  • გონსალო იგუაინმა "იუვენტუსის" მაისურით გატანილი ყველა 26 გოლი სათამაშო სიტუაციებიდან შეაგდო.
  • "კიევოსთან" მატჩის პირველ ტაიმში "იუვენტუსის" 7 ფეხბურთელს თითოჯერ მაინც ჰქონდა დარტყმული კარში.
  • 2010 წლის აპრილის შემდეგ პირველი შემთხვევაა, რომ "იუვენტუსს" მოედანზე არ ჰყავდა ბუფონის, ბარძალის, ბონუჩისა და კიელინის კვარტეტიდან - არც ერთი.
  • უკანასკნელად, "ლაციომ" "მილანს" 4 გოლი 1999/00 წლები სეზონში გაუტანა (4:4) და იმ წელს სკუდეტოც მოიგო.
  • "მილანმა" ზედიზედ მე-19 მატჩში შეძლო გოლის გატანა.
  • "ბენევენტომ" სერია A-ს პირველი სამი მატჩიდან თითოეულში, მინიმუმ, 15-ჯერ დაარტყა კარში, მაგრამ მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა.
  • ლორენცო ინსინიე ბოლო 7 მატჩში "ნაპოლის" 9 გოლში მონაწილეობდა - 4 თავად გაიტანა, 5 შემთხვევაში თანაგუნდელებს დაეხმარა.

იუვენტუსი-კიევო 3:0
გოლები: 1:0 ჰეტემაი (17-საკ. კარში), 2:0 იგუაინი (58), 3:0 დიბალა (83)
იუვენტუსი (4-3-3): შჩესნი - ლიხტშტაინერი, ბენატია, რუგანი, ასამოა - სტურარო (76. ბერნარდესკი), პიანიჩი, მატუიდი - დუგლას კოშტა (54. დიბალა), იგუაინი, მანჯუკიჩი (83. ბეტანკური).


ინტერი-სპალ 2:0
გოლები: 1:0 იკარდი (27-პენ), 2:0 პერიშიჩი (87)
ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - დ'ამბროზიო, სკრინიარი, მირანდა, დალბერტი - გალიარდინი, ბორხა ვალერო (78. ვესინო) - კანდრევა (88. მარტინსი), ჟოაო მარიო (66. ბროზოვიჩი), პერიშიჩი - იკარდი.


ატალანტა-სასუოლო 2:1
გოლები: 0:1 სენსი (27), 1:1 კორნელიუსი (35), 2:1 პატანია (77)

კალიარი-კროტონე 1:0
გოლი: 1:0 საუ (33)

ლაციო-მილანი 4:1
გოლები: 1:0 იმობილე (38-პენ), 2:0 იმობილე (43), 3:0 იმობილე (48), 4:0 ლუის ალბერტო (49), 4:1 მონტოლივო (56)
ლაციო (3-4-2-1): სტრაკოშა - უოლასი (15. ბასტოსი), ლუიზ ფელიპე (80. რადუ), დე ვრეი - ბასტა, პაროლო, ლუკას ლეივა, ლულიჩი - ლუის ალბერტო, მილინკოვიჩ-სავიჩი - იმობილე.
მილანი (4-3-3): დონარუმა - კალაბრია, ბონუჩი, მუზაკიო, როდრიგესი - კესი, ბილია, მონტოლივო - სუსო (54. ბონავენტურა), კუტრონე (56. ჩალჰანოღლუ), ბორინი (56. კალინიჩი).
გაძევება: პაროლო (90. ლაციო)


უდინეზე-ჯენოა 1:0
გოლი:1:0 იანკტო (15)
გაძევება: ბერტოლაჩი (37. ჯენოა), პეცელა (79. უდინეზე)


ვერონა-ფიორენტინა 0:5
გოლები: 0:1 სიმეონე (2), 0:2 ტერო (10-პენ), 0:3 ასტორი (24), 0:4 ვერეტო (62), 0:5 ჟილი (89)


ბენევენტო-ტორინო 0:1
გოლი: 0:1 ფალკე (90)

ბოლონია-ნაპოლი 0:3
გოლები: 0:1 კალიეხონი (67), 0:2 მერტენსი (83), 0:3 ზელინსკი (88)
ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰისაი, კირიკეში (43. ალბიოლი), კულიბალი, გულამი - ალანი, ჟორჟინიო (77. დიავარა), ჰამშიკი (62. ზელინსკი) - კალიეხონი, მერტენსი, ინსინიე.


სამპდორია-რომა გადაიდო

ბომბარდირები: 5 - პაულო დიბალა (იუვენტუსი), მაურო იკარდი (ინტერი); 4 - ჩირო იმობილე (ლაციო); 3 - ფაბიო კვალიარელა (სამპდორია), სირილ ტერო (ფიორენტინა)

მომდევნო ტური
16 სექტემბერი:
კროტონე-ინტერი, ფიორენტინა-ბოლონია, რომა-ვერონა

17 სექტემბერი:
სასუოლო-იუვენტუსი, მილანი-უდინეზე, ნაპოლი-ბენევენტო, სპალ-კალიარი, ტორინო-სამპდორია, კიევო-ატალანტა, ჯენოა-ლაციო

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული