ნეაპოლში დაუმარცხებელთა ომია - ლიდერ "ნაპოლის" მდევარი "ინტერი" სტუმრობს და ეს არათუ სერია A-ს, არამედ მთელი უქმეების ცენტრალური მატჩიცაა.
"ინტერს" არ ანაღვლებს ევროთასები, "ნაპოლი" კი ჩემპიონთა ლიგაზეც გააფთრებით იბრძვის და ინგლისურ ჯახში მინიმალური ანგარიშით წააგო "მანჩესტერ სიტისთან". არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ მასპინძლებს გადაღლილობის კვალი დაეტყობათ.
"ნაპოლის" დარად, ლუჩანო სპალეტის "ინტერზე" ბევრს არ ლაპარაკობენ, მაგრამ გუნდი მშვიდად აკეთებს თავის საქმეს და მაურო იკარდიც ჩინებულ ფორმაშია. არგენტინელმა ფორვარდმა წინა ტურში "დერბი დელა მადონინა" ჩაუმწარა
კარგია, რომ გუნდები თითქმის ოპტიმალური შემადგენლობებით ითამაშებენ. "ნაპოლის" პოლონეთის ნაკრების ფორვარდი არკადიუშ მილიკი არ ეყოლება, "ინტერი" კი ხორვატ მარსელო ბროზოვიჩს მოისაკლისებს.
"მილანს" უეჭველად მოსაგები აქვს საშინაო მატჩი "ჯენოასთან". მას შემდეგ, რაც გუნდმა დრამატული დერბი წააგო, ვინჩენცო მონტელას სხვა შედეგს აღარ აპატიებენ. "როსონერის", შეიძლება, დაუბრუნდეს ნიკოლა კალინიჩი, ვინც ტრავმის გამო არ თამაშობდა. რაც შეეხებათ კონტისა და რომანიოლის, ისინი ვერავითარ შემთხვევაში ვერ გავლენ მინდორზე.
დე შილიოს, ჰიოვედესისა და მარკიზიოს გარეშე "იუვენტუსსაც" აუცილებლად მოსაგები თამაში აქვს "უდინეზესთან", რათა კიდევ უფრო არ ჩამორჩეს ლიდერებს. მასიმილიანო ალეგრის გუნდი კარგ ხასიათზეა, რადგან ჩემპიონთა ლიგაში "სპორტინგი" დაამარცხა, და მართალია, გაუჭირდა, მაგრამ მაინც...
ისე როგორ იქნება, ბოლო დროს შესანიშნავ ფორმაში მყოფ "ლაციოზეც" არ ვთქვათ. ჩირო იმობილეს თამადობით, "ბიანკოჩელესტე" მართლაც ძალიან კარგად თამაშობს და ახლა საშინაო ასპარეზზე იღებს "კალიარის", ვისაც ბოლო სამ საშინაო მატჩში 10 გოლი გაუტანა. მასპინძლებს დააკლდებიან ფელიპე ანდერსონი და ბასტა, მაგრამ გუნდი უკვე მიეჩვია ამ ბრაზილიელისა და სერბის გარეშე თამაშს.
ფაქტები
- "ნაპოლი" და "ინტერი" - მხოლოდ ამ ორმა გუნდმა არ იცის მარცხის სიმწარე სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში.
- ვერონულ დერბის "კიევო" შესანიშნავ ფორმაში ხვდება - გუნდს ბოლო 5 ტურია, არ წაუგია.
- "მილანმა" სერია A-ს ბოლო სამ მატჩში ვერ მოახერხა კარის "მშრალად" შენახვა.
- "ტორინოსა" და "რომას" შორის გამართულ ბოლო ხუთ შეხვედრაში ორივე გუნდმა გაიტანა.
- "კალიარიმ" "ლაციოს" სერია A-ში ბოლოს 2013 წელს მოუგო.
- "ბენევენტო" ამ ტურში შეეცდება ტოპლიგაში პირველი ქულ(ებ)ის მოპოვებას.
სერია A. IX ტური
შაბათი, 21 ოქტომბერი
სამპდორია-კროტონე 20:00
ნაპოლი-ინტერი 22:45
კვირა, 22 ოქტომბერი
კიევო-ვერონა 14:30
მილანი-ჯენოა 17:00
ატალანტა-ბოლონია 17:00
ბენევენტო-ფიორენტინა 17:00
სპალ-სასუოლო 17:00
ტორინო-რომა 17:00
უდინეზე-იუვენტუსი 20:00
ლაციო-კალიარი 22:45
ბომბარდირები: 11 - ჩირო იმობილე (ლაციო); 10 - პაულო დიბალა (იუვენტუსი); 9 - მაურო იკარდი (ინტერი); 7 - დრის მერტენსი (ნაპოლი), ედინ ჯეკო (რომა).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"