სერია A. XVI ტური: ლიდერები თამაშგარეში "მილანის" გარდა [VIDEO]

AutoSharing Option
უცნაური ტური გამოვიდა სერია A-ში: ლიდერებმა არათუ ვერ მოიგეს, გოლებიც კი ვერ გაიტანეს...

სრულიად იტალიურ დერბიში გოლები უნდა გვენახა და ვერ ვნახეთ. ერთი მხრივ, ფეხბურთს გოლები ამშვენებს; მეორე მხრივ, თამაშის შეფასება მხოლოდ გოლებზე დაყრდნობით არ შეიძლება. ეს არ ყოფილა საფეხბურთო სპექტაკლი, რომელსაც გრანდების თამაშებისგან ხშირად ველით, მაგრამ ვერც იმას ვიტყვით, რომ თამაში მოსაწყენი აღმოჩნდა.

იმთავითვე ვიტყვით - რომ არა სამირ ჰანდანოვიჩის დიდებული თამაში, "ინტერი" აუცილებლად დამარცხდებოდა და ვერ აიღებდა იმ ქულას, რომელსაც იტალიის ჩემპიონატში ჯერაც წაუგებელი მილანელები ასე უფრთხილდებოდნენ მთელი
შეხვედრის განმავლობაში.
ამ შეხვედრაში მცველები უკეთესები იყვნენ, ვიდრე თავდამსხმელები. იქნებ ბევრი მაურო იკარდისა და გონსალო იგუაინის საგოლე ფეერიას ელოდა, მაგრამ ამის ნაცვლად ვიხილეთ დაცვისა და ჰანდანოვიჩის დიდებული გარჯა.

პირველ ტაიმში მარიო მანჯუკიჩი, უბრალოდ, ვალდებული იყო, ანგარიში გაეხსნა. მას სამი შესანიშნავი მომენტი ჰქონდა. ჯერ იყო და, მის მიერ დარტყმული ბურთი "ინტერის" კარში მეკარემ არ შეუშვა, მერე უაღრესად დამაჯერებლად მოთამაშე მირანდამ აარიდა საფრთხე "ინტერის" კარს, ბოლოს კი "ნერაძურის" ხარიხა მოევლინა მშველელად.

მეორე ტაიმი ისევ "ბებერი ქალბატონისა" იყო. ჰანდანოვიჩმა ამჯერადაც დიდებულად ითამაშა. განსაკუთრებით რთული ბურთი აუღო მან კვადვო ასამოას. იკარდის კი "ინტერის" იშვიათი კონტრშეტევისას მიეცა ერთადერთი შანსი, თუმცა კარში დარტყმა დააგვიანა.

საბოლოო ჯამში, ლიდერთა ზავი დიდებული შანსი იყო ჩასაფრებული კონკურენტებისთვის, რათა თავიანთი წარმატებული თამაშით ესარგებლათ, მაგრამ...

მასიმილიანო ალეგრი ("იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი): "უნდა შევაქო ჩემი ფეხბურთელები იმისთვის, რაც გააკეთეს. პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ "იუვენტუსმა" ითამაშა იმაზე უკეთ, ვიდრე ველოდი. უბრალოდ, გოლი ვერ გავიტანეთ".

ლუჩანო სპალეტი ("ინტერის" მთავარი მწვრთნელი): "როცა ტურინიდან შინ ქულა მიგაქვს, ეს არის პოზიტიური შედეგი და უკმაყოფილო ვერ იქნები. არ მინდა, ფეხბურთელებს დავუკარგო ის დიდი თავდადება, რომელიც დღეს ვნახეთ. და მაინც, მიმაჩნია, რომ ჩვენ ვერ გავაკეთეთ იმის მაქსიმუმი, რაც შეგვეძლო".


პირველი, ვინც ლიდერთა ზავით ვერ ისარგებლა, "რომა" იყო, რომელიც მხოლოდ ქულას გამორჩა "კიევოსთან" სტუმრობისას. "ჯალოროსი" უპირატესობას კი ფლობდა, მაგრამ გოლი ვერა და ვერ გაიტანა. ალბათ, არ უნდა დაესვენა ედინ ჯეკოს, ვინც თამაშის დასრულებამდე 26 წუთით ადრე გამოჩნდა მინდორზე. მის გარეშე რომაელთა შეტევებს გვირგვინი აკლდა.

და მაინც, "რომას" ჰქონდა საგოლე შანსები, თუმცა მასპინძელთა მეკარემ და მცველებმა ყველაფერი გააკეთეს ღირსეული ქულის მოსაპოვებლად. ცხადია, შეხვედრის შედეგით სტუმრები ძალიან უკმაყოფილონი დარჩნენ:

"ჩვენ დავიმსახურეთ გოლი, მაგრამ ფეხბურთი ყოველთვის არ მთავრდება ისე, როგორც გინდა, რომ დამთავრდეს. ეს იყო თამაში ცალ კარში. სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ მომენტები გვქონდა როგორც პირველ, ისე მეორე ტაიმში, მაგრამ რას ვიზამთ, შედეგს ვეღარ შევცვლით. ჩვენი მიზანია, უკეთ გამოვიყენოთ საგოლე მომენტები. ამაზე ბევრი უნდა ვიმუშაოთ. სადღეისოდ სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი ნაკლი და ის უნდა გამოსწორდეს", - თქვა "რომას" მწვრთნელმა ეუსებიო დი ფრანჩესკომ.

ლიდერებს მხარი "აუბა" "ნაპოლიმ", რომელმაც საშინაო ასპარეზზე ვერაფერი დააკლო "ფიორენტინას". პარადოქსია, მაგრამ ფაქტია - ორი ზეშემტევი გუნდის შეხვედრა 0:0 დასრულდა. რა თქმა უნდა, ამ შედეგს აქტივში უფრო ფლორენციელები შეიტანენ.

ბოლო მატჩებში "ნაპოლი" თითქოს დაიღალა და ჩვეულად ეფექტური ვეღარ არის. და მაინც, ზელინსკისა და მერტენსს მოწინააღმდეგის კარის აღების ჩინებული შანსები ჰქონდათ, თუმცა საწადელს ვერ მიაღწიეს. უნდა ითქვას ისიც, რომ არბიტრმა ფიორენტინელი სიმეონეს გოლი გააუქმა.

"ნაპოლის" გადაღლა გასაკვირი არ უნდა იყოს, რადგან გუნდი, პრაქტიკულად, ერთი შემადგენლობით თამაშობს ევროპაშიც და შინაურ ფრონტზეც. გრძელ სატურნირო დისტანციაზე მეტი საკადრო სიღრმეა საჭირო. ასეთ ვითარებაში კი სკუდეტოსთვის ბრძოლა ძალიან რთული იქნება. თუნდაც, "იუვენტუსის" საკადრო რესურსიდან გამომდინარე.

"პირველ ტაიმში ჩვენ იმაზე ცუდები ვიყავით, ვიდრე ვართ ხოლმე. მეორე ნახევარში თამაში მნიშვნელოვნად გამოვასწორეთ. არ ვიცი, დამეთანხმებით თუ არა, მაგრამ ეს იყო კარგი ფეხბურთი როგორც ჩვენი, ისე მოწინააღმდეგის მხრიდან. ცხადია, ჩვენ გვინდოდა მოგება და არაერთი შანსიც გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ... მინდა, მადლობა გადავუხადო მოწინააღმდეგეს. ეს იყო ნამდვილი შემტევი და ვაჟკაცური ფეხბურთი. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას უმაღლესი მიზნებისთვის და გვჯერა, შევძლებთ გულშემატკივრების გახარებას", - თქვა თამაშის დასრულების შემდეგ "ნაპოლის" თავკაცმა მაურიციო სარიმ.

ფაქტები
  • "სასუოლომ" სერია A-ს მიმდინარე სეზონში 6-დან 4 პენალტი ვერ გამოიყენა.
  • "იუვენტუსმა", "ნაპოლიმ", "ინტერმა" და "რომამ" ამ ტურში ვერც ერთი გოლი ვერ გაიტანეს, რაც პირველი შემთხვევაა 1994/95 წლების სეზონის 22-ე ტურიდან მოყოლებული.
  • "იუვენტუსმა", "ნაპოლიმ", "ინტერმა" და "რომამ" ერთ კონკრეტულ ტურში უგოლო ფრეები ითამაშეს პირველად, 1965/66 წლების სეზონის მე-17 ტურის შემდეგ.
  • მაურიციო სარის მწვრთნელობის პერიოდში "ნაპოლიმ" პირველად ვერ შეძლო ზედიზედ ორ ტურში გოლის გატანა.
  • "ფიორენტინასთან" მატჩის პირველ ტაიმში "ნაპოლიმ" მხოლოდ ერთხელ დაარტყა კარის მიმართულებით, რაც ამ გუნდისთვის მიმდინარე სეზონში ყველაზე ნეგატიური შედეგია.
  • "რომამ" "კიევოს" კარისკენ 26-ჯერ დაარტყა, რაც ცალკე აღებული მატჩისთვის მიმდინარე სეზონში რომაელთა რეკორდია.
  • "ინტერამდე" უკანასკნელი გუნდი, რომელმაც "იუვენტუსთან" საგარეო მატჩში (2015 წლის აგვისტო) კარი "მშრალად" შეინახა, იყო "უდინეზე".
  • "იუვენტუსმა" სერია A-ში უკანასკნელი 0:0 "ბოლონიასთან", 2016 წლის თებერვალში ითამაშა.
  • 2014 წლის მაისის ("მილანთან") შემდეგ პირველად მოხდა, რომ "ინტერმა" სერია A-ს ერთი ცალკე აღებული მატჩის პირველ ტაიმში ერთხელაც ვერ დაარტყა კარისკენ.
  • ჯორჯო კიელინიმ "იუვენტუსის" მაისურით ყველა ოფიციალურ ტურნირში 450-ე მატჩი ჩაატარა.
  • 2010 წლის აპრილის შემდეგ "კალიარი" პირველი გუნდია სერია A-ში, რომელმაც სამივე შეცვლა პირველივე ტაიმში გამოიყენა. 7 წლის წინ ანალოგიური შემთხვევა ჰქონდა "ფიორენტინასაც" ("კიევოსთან" მატჩში).
სერია A. XVI ტური
კალიარი-სამპდორია 2:2
გოლები: 0:1 კვალიარეალა (12), 0:2 კვალიარელა (19), 1:2 ფარიასი (56), 2:2 პავოლეტი (60)
იუვენტუსი-ინტერი 0:0
იუვენტუსი (4-3-3): შჩესნი - დე შილიო, ბენატია, კიელინი, ასამოა - ხედირა (75. დიბალა), პიანიჩი (85. ბენტანკური), მატუიდი - კუადრადო, იგუაინი, მანჯუკიჩი
ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - დ'ამბროზიო, შკრინიარი, მირანდა, სანტონი (63. დალბერტი) - ვესინო, ბორხა ვალერო - კანდრევა (69. გალიარდინი), ბროზოვიჩი, პერიშიჩი - იკარდი (85. ედერი)

კიევო-რომა 0:0
რომა (4-3-3): ალისონი - პერესი, ფასიო, ჟეზუში, კოლაროვი - ნაინგოლანი, გონალონი, სტროოტმანი (80. უნდერი) - ჟერსონი (64. ჯეკო), შიკი, ელ შაარავი (72. პეროტი)

ნაპოლი-ფიორენტინა 0:0
ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰისაი, ალბიოლი, კულიბალი, მარიო რუი - ალანი (76. როგი), ჟორჟინიო (82. დიავარა), ჰამშიკი - კალიეხონი, მერტენსი, ზელინსკი (74. უნასი)

სპალ-ვერონა 2:2
გოლები: 0:1 ჩერჩი (55-პენ) 0:2 კასერესი (69), 1:2 პალოსკი (86), 2:2 ანტენუჩი (88-პენ)
უდინეზე-ბენევენტო 2:0
გოლები: 1:0 ბარაკი (5), 2:0 ლასანია (41)

სასუოლო-კროტონე 2:1
გოლები: 1:0 გოლდანიგა (49), 2:0 პოლიტანო (61), 2:1 აჩერბი (66-საკ. კარში)
გამოუყენებელი პენალტი: მატრი (89. სასუოლო)

მილანი-ბოლონია 2:1
გოლები: 1:0 ბონავენტურა (10), 1:1 ვერდი (23), 2:1 ბონავენტურა (76)
მილანი (4-3-3): დონარუმა - აბატე (59. კუტრონე), მუსაკიო, ბონუჩი, როდრიგესი - კესი, მონტოლივო, ბონავენტურა - სუსო, ბორინი (83. კალაბრია), კალინიჩი (68. ანდრე სილვა)


ორშაბათი, 11 დეკემბერი

ჯენოა-ატალანტა 22:00
ლაციო-ტორინო 23:59

ბომბარდირი:
16 - მაურო იკარდი (ინტერი); 15 - ჩირო იმობილე (ლაციო); 12 - პაულო დიბალა (იუვენტუსი); 10 - დრის მერტენსი (ნაპოლი); 9 - გონსალო იგუაინი (იუვენტუსი), ფაბიო კვალიარელა (სამპდორია); 8 - ედინ ჯეკო (რომა).

მომდევნო ტური
16 დეკემბერი: ინტერი-უდინეზე, ტორინო-ნაპოლი, რომა-კალიარი
17 დეკემბერი: ვერონა-მილანი, ბოლონია-იუვენტუსი, კროტონე-კიევო, ფიორენტინა-ჯენოა, სამპდორია-სასუოლო, ბენევენტო-სპალ, ატალანტა-ლაციო

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
es shabati da kvira iyo solidarobas plius totalizatori...yvelaperi vaxda uintereso am qveyanaze daje sicocxlec ki....
euhh
11 დეკემბერი 2017 12:57
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული