იტალიის თასი: "ატალანტამ" "ნაპოლი" თამაშგარეთ დატოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიაში 2018 წლის საფეხბურთო სეზონი სათასო მატჩით გაიხსნა, სადაც ერთმანეთს "ნაპოლი" და "ატალანტა" დაუპირისპირდნენ.

მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო სარიმ შემადგენლობა გადაახალისა, რაც "სან პაოლოს" ბინადრებს ცუდად დაუჯდათ.

პირველმა ნახევარმა თანაბარ ორთაბრძოლაში ჩაიარა და გუნდებმა ერთმანეთის კარი ვერ აიღეს.

მეორე ნახევრის დებიუტშივე კი "ნაპოლის" საჯარიმოში არსებული არეულობით ბელგიელმა ფორვარდმა ტიმოთი კასტანმა ისარგებლა და ბერგამოელთა მაისურით პირველი გოლიც გაიტანა.

ამის შემდეგ მაურისიო სარიმ მოედანზე დრის მერტენსი და ლორენცო ინსინიე შეუშვა.

თუმცა, გოლი კვლავ ნეაპოლიტანელთა კარში გავიდა.

81-ე წუთზე "ატალანტას" ტანმორჩილმა არგენტინელმა ფორვარდმა
ალეხანდრო გომესმა შესანიშნავად იმოქმედა, მეტოქე მცველი ვლად კირიკეშიც ბავშვივით მოატყუა და მეკარე სეპეს კარი აიღო.

ერთადერთი, რაც მასპინძლებმა მოახერხეს, 83-ე წუთზე დრის მერტენსის მიერ სხვაობის შემამცირებელი გატანილი ბურთი იყო.

საბოლოოდ, 2:1 "ატალანტას" სასარგებლოდ და ბერგამოელები იტალიის თასის ნახევარფინალში იასპარეზებენ.

"ნაპოლის" კი ახლა შეუძლია მთლიანად "ევროპის ლიგასა" და "სერია ა"-ზე გადაერთოს.

იტალიის თასის ბოლო ნახევარფინალისტის ვინაობას დღეს "იუვენტუსისა" და "ტორინოს" შეხვედრა გაარკვევს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული