სერია A. XX ტურის წინ: რა ელის "ნერაძურის" ფლორენციაში?

AutoSharing Option
ამ უქმეებზე სერია A-ს მთავარი მატჩი ფლორენციაშია, სადაც "ფიორენტინას" ძველი მეტოქე, არცთუ კარგ ფორმაში მყოფი "ინტერი" ეწვევა.

"იებს" ჩემპიონატში 5 ნოემბრის მერე არ წაუგიათ, "ნერაძურიმ" კი ზედიზედ ორი მარცხი იწვნია, პოზიციები დათმო და თან იტალიის თასიდანაც გავარდა.

ასე რომ, მიუხედავად მეტოქეებს შორის 14-ქულიანი სხვაობისა, ვერ ვიტყვით, რომ "ინტერი" მტკიცე ფავორიტია. დავუმატოთ ამას ისიც, რომ ლუჩანო სპალეტის გუნდს უკანა ხაზში ორი მნიშვნელოვანი ფიგურა აკლია, დანილო დ'ამბროზიოსა და მირანდას სახით.

ლიდერი "ნაპოლი" საშინაო ასპარეზზე "ვერონას" მიიღებს. რა თქმა უნდა, ამ შეხვედრაში მაურიციო
სარის გუნდი აშკარა ფავორიტია.

ნეაპოლელებს მხოლოდ არკადიუშ მილიკი და ფავზი გულამი დააკლდებიან. გაცილებით მეტია "ვერონას" დანაკლისი.

"ნაპოლი", რომელიც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ვერ გავიდა და რამდენიმე დღის წინ იტალიის თასის გათამაშებასაც დაემშვიდობა ("ატალანტასთან" შინ 1:2 წააგო), ახლა მთელ რესურსს საჩემპიონო რბოლას მოახმარს. ასე რომ, "ვერონას" ადგილზე ახლა ბევრი გუნდი არ ისურვებდა ყოფნას.

სარის გუნდის მთავარი კონკურენტი "იუვენტუსი" გასვლაზე ეთამაშება "კალიარის", რომელიც ტურინელთა მწვრთნელის, მასიმილიანო ალეგრის ყოფილი კლუბია და აქედან გაიცნო კიდეც საფეხბურთო სამყარომ.

ამ შეხვედრაში "ბებერი ქალბატონის" აქციები გაცილებით ძვირად ფასობს. მით უმეტეს, "იუვემ" კარგი ტემპი აიღო და ახლა მისი დაგდების უფლება არ აქვს. სარდინიელებს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი აკლიათ, ისევე, როგორც ტურინელებს - ტრავმის გამო ვერ ითამაშებს გერმანელი მცველი ბენედიქტ ჰიოვედესი, ხოლო ჯანლუიჯი ბუფონის, ხუან კუადრადოსა და მატია დე შილიოს ჯანმრთელობის მდგომარეობა გარკვეულ კითხვებს კი ბადებს, თუმცა რომელიმე მათგანის მოედანზე გასვლა გამორიცხული არ არის.

წესით, თვალსასეირო უნდა გამოდგეს მატჩი, რომელშიც "რომა" უმასპინძლებს "ატალანტას".

ბერგამოელებმა ორიოდ დღის წინ იტალიის თასზე სტუმრად მოუგეს (2:1) "ნაპოლის" და ნახევარფინალში გავიდნენ. თუმცა ახლა ჩემპიონატის თამაშია, თან, რა ძალასაც წარმოადგენს "ჯალოროსი" "ოლიმპიკოზე", ამის შეხსენება არ გჭირდებათ. ოღონდ ეგ არის, ბოლო პერიოდში ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდი ვერ არის მთლად კარგ ფორმაში, მაშინ, როცა "ატალანტა" ბოლო პერიოდში საგარეო მატჩებშიც ყოჩაღობს.

"მილანი" საშინაო შეხვედრაში ისტუმრებს "კროტონეს" და აუცილებლად უნდა მოიგოს, თორემ ჯენარო გატუზო, ძალიან დიდი ალბათობით, პოსტს დატოვებს. თან "როსონერის" არ აქვს იმდენად სერიოზული დანაკლისი, რომ ერთ-ერთი აუტსაიდერის წინააღმდეგობა ვერ დაძლიოს.

"ლაციო" სტუმრობს სპალ-ს და მიზნად მხოლოდ 3 ქულის აღება აქვს დასახული. სხვათა შორის, ამ გუნდებს შორის პირველი წრის მატჩი "ოლიმპიკოზე" 0:0 დასრულდა.

ფაქტები
  • "ფიორენტინასა" და "ინტერს" შორის სერია A-ს ბოლო 15 მატჩიდან მხოლოდ ერთი დასრულდა ფრედ.
  • "ფიორენტინასა" და "ინტერს" შორის ბოლო 5 დაპირისპირებაში 26 გოლი გავიდა.
  • "ინტერს", ყველა ტურნირის ჩათვლით, ბოლო 309 წუთია, არ გაუტანია გოლი.
  • "ნაპოლისა" და "ვერონას" 2004 წლის მერე (ყველა ტურნირის ჩათვლით) ერთმანეთში ფრედ არ უთამაშიათ.
  • "ნაპოლიმ" "ვერონას" ბოლო 4 ურთიერთდაპირისპირება (ყველა ტურნირის ჩათვლით) მოუგო საერთო ანგარიშით - 11:1.
  • "იუვენტუსმა", ყველა ტურნირის გათვალისწინებით, ბოლო 10 მატჩიდან 8 მოიგო (2 ფრე), აქედან 5 - ზედიზედ. ამასთან, აღნიშნულ სერიაში გაუშვა მხოლოდ ერთი გოლი.
  • "იუვენტუსმა" "კალიარის" სერია A-ს ბოლო 14 მატჩიდან მოუგო 11, ხოლო ფრედ ითამაშა 3 მატჩი.
  • "კალიარიმ", რომელსაც საკუთარ მოედანზე არ მოუგია სერია A-ს ბოლო 3 მატჩი, "იუვენტუსი" შინ ბოლოს 2009 წლის 29 ნოემბერს დაამარცხა (2:0).
  • "რომამ" ბოლო 3 მატჩიდან (ყველა ტურნირის ჩათვლით) 2 წააგო და ერთი ფრედ ითამაშა.
  • "ატალანტამ" უკანასკნელი 5 გასვლითი მატჩიდან (ყველა ტურნირის ჩათვლით) 4 მოიგო და ერთხელაც ფრედ ითამაშა.
  • "რომამ" "ატალანტა", სერია A-ს ეგიდით, შინ ბოლოს 2014 წლის 12 აპრილს დაამარცხა (3:1).
  • "კროტონეს", ყველა ტურნირის ჩათვლით, არ უთამაშია ფრედ 15 ოქტომბრის შემდეგ, ხოლო, ასევე ყველა ტურნირის გათვალისწინებით, ბოლო 8 მატჩიდან 7 წააგო (1 მოგება).
  • "მილანსა" და "კროტონეს" შორის ბოლო 3 ურთიერთდაპირისპირებიდან 2 მატჩი მილანური კლუბის გამარჯვებით დასრულდა, ხოლო ერთშიც ფრე დაფიქსირდა.
  • "ლაციომ", ყველა ტურნირის ჩათვლით, ბოლო 5 მატჩიდან 3 მოიგო და 2 ფრედ ითამაშა.
  • სპალ-მა, ყველა ტურნირის გათვალისწინებით, 27 აგვისტოს შემდეგ საკუთარ მოედანზე მხოლოდ 1 მატჩი მოიგო.
  • "უდინეზემ", ყველა ტურნირის ჩათვლით, ბოლო 8 მატჩიდან 7 მოიგო და ერთხელ დამარცხდა.
  • "ბოლონიას" სერია A-ში სტუმრად ფრედ არ უთამაშია 2017 წლის 15 აპრილის შემდეგ.

სერია A. XX ტური
პარასკევი, 5 იანვარი
კიევო-უდინეზე 21:00
ფიორენტინა-ინტერი 23:45

შაბათი, 6 იანვარი
ტორინო-ბოლონია 15:30
მილანი-კროტონე 18:00
ბენევენტო-სამპდორია 18:00
ჯენოა-სასუოლო 18:00
ნაპოლი-ვერონა 18:00
სპალ-ლაციო 18:00
რომა-ატალანტა 21:00
კალიარი-იუვენტუსი 23:45

ბომბარდირები: 17 - მაურო იკარდი (ინტერი); 16 - ჩირო იმობილე (ლაციო); 14 - პაულო დიბალა (იუვენტუსი); 12 - ფაბიო კვალიარელა (სამპდორია), დრის მერტენსი (ნაპოლი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული