მასიმილიანო ალეგრის გუნდმა 3-ქულიანი გოლი მაშინღა შეაგდო, როცა თამაშის დასრულებამდე წამებიღა რჩებოდა. ეს პაულო დიბალამ მოახერხა. "იუვეს" "ათიანმა" არად ჩააგდო ორი რომაელი მცველის წინააღმდეგობა და, მართალია, მათთან ბრძოლაში დაეცა, მაგრამ გადამწყვეტი დარტყმის შესრულება მაინც მოასწრო. არადა, არგენტინელი მთელი შეხვედრის განმავლობაში ძალიან პასიური იყო და გაუკვირდებოდა კიდეც ქომაგს, ალეგრიმ ადრევე რომ არ შეცვალა.
მაგრამ სწორედ ამით განსხვავდებიან მწვრთნელები რიგითი ქომაგებისგან.
ბედის ირონიით, "იუვეს" ეს საგოლე დარტყმა მთელი მატჩის განმავლობაში იყო ერთადერთი - "ლაციოს" კარის ჩარჩოში. რა თქმა უნდა, რომაელებს გული დასწყდათ ასეთი შედეგის გამო, თუმცა ისინი მხოლოდ საკუთარ თავს უნდა გაუბრაზდნენ. ორჯერ ჩირო იმობილეს ჰქონდა შესანიშნავი შანსი, ერთხელაც სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩს მართებდა გატანა. დიდებულად ითამაშა ჯიჯი ბუფონმა, ვინც ერთხელაც დაამტკიცა, რომ იმსახურებს იტალიის ნაკრებში დაბრუნებას.
"იუვემ" ჩაგდებული პირველი ტაიმის შემდეგ თამაში გაათანაბრა, მეტოქე მიაძინა და ბოლოს საწადელსაც ეწია. მატჩის დასრულების შემდეგ ალეგრი კმაყოფილებას ვერ მალავდა და ეს სავსებით ბუნებრივია.
"ბებერმა ქალბატონმა" ტრავმირებული გონსალო იგუაინი მოისაკლისა. ძირითადში არ იყო ჯორჯო კიელინიც. დაშავებულები არიან ფედერიკო ბერნარდესკი, ხუან კუადრადო და მატია დე შილიოც. ამ პირობებში "ლაციოსთან" სტუმრად მოგებას შეიძლება 3 ქულაზე მეტი ფასიც ჰქონდეს...
"ეს იყო უმნიშვნელოვანესი მატჩი. ასეთ დროს მატჩის ბედს ერთი კონკრეტული ეპიზოდი წყვეტს და ახლაც ასე მოხდა. ჩვენ არ ჩაგვიტარებია იდეალური მატჩი თუნდაც ტექნიკური თვალსაზრისით, მაგრამ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი იყო 3 ქულა. ჩვენი მეტოქე იტალიის ჩემპიონატში მესამე ადგილზეა და ამით ყველაფერია ნათქვამი", - თქვა ალეგრიმ ნამატჩევს.
"ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ, მაგრამ გოლი მაშინ გავუშვით, როცა მატჩის ბოლომდე მხოლოდ 20 წამი იყო დარჩენილი... რას ვიზამთ, ფეხბურთში ყოველთვის ყველაფერი სამართლიანად არ ხდება", - ეს კი "ლაციოს" მთავარი მწვრთნელის, სიმონე ინძაგის სიტყვებია.
"ნაპოლიმ" ულაპარაკოდ წააგო "რომასთან" და დაკარგული ქულებით "იუვენტუსი" გაალიდერა.
14 მარტს ტურინელები შინ ჩაატარებენ "ატალანტასთან" გამოტოვებულ მატჩს და გამარჯვების შემთხვევაში, ნეაპოლელებს 2 ქულით ჩამოიტოვებენ. ხოლო, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მათი უშუალო დაპირისპირებაც ტურინში უნდა გაიმართოს (22 აპრილი), მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ "იუვენტუსმა" სკუდეტოსთვის ბრძოლაში უპირატესობა ხელთ იგდო, თუმცა ჯერ მაინც ადრეა დასკვნების გაკეთება და არც "ნაპოლის" ჩამოწერას აპირებს ვინმე.
ტურინელებს ხომ ჩემპიონთა ლიგაშიც მოუწევთ ბრძოლა და საკითხავია, ამდენი საკადრო პრობლემების ფონზე როგორ შეინარჩუნებენ ფორმას? ლოგიკურად, ასე უნდა მსჯელობდნენ ნეაპოლშიც...
მაურისიო სარის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა მიმდინარე სეზონში პირველად გაუშვა 3 (და მეტი) გოლი. "ნაპოლი" საკუთარ თავს არ ჰგავდა. ერთია, რომ "რომამ" შესანიშნავად ითამაშა და მეორე ის, რომ მასპინძლებმა დაცვაში ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს. ჩემპიონობის მოსურნე გუნდი ასე არავითარ შემთხვევაში არ უნდა თამაშობდეს.
გრიპიანი მარეკ ჰამშიკი სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო თამაშში, მანამდე კი მის ნაცვლად ლიდერობა ვერავინ ითავა. "ნაპოლი" ლორენცო ინსინიეს მიერ გატანილი გოლით ადრევე დაწინაურდა, მაგრამ ჩენგიზ უნდერმა ერთ წუთში გაათანაბრა, მოგვიანებით კი ედინ ჯეკომ სტუმარი წინ გაიყვანა და მერე დუბლიც გაიფორმა.
ბოსნიელი ფორვარდის თამაში ცალკე თემაა. მან "ნაპოლის" დაცვა მართლაც რომ საშინელ დღეში ჩააგდო. აქვე უნდა აღინიშნოს რომაელთა ბრაზილიელი მეკარის, ალისონის დიდებული გარჯა - მან არაერთხელ აარიდა საფრთხე საკუთარ კარს. სამხრეთამერიკელი კიპერი განსაკუთრებით კარგი იყო იმ ეპიზოდში, როცა ზედიზედ ორი ურთულესი ბურთი აუღო ინსინიეს.
"ნაპოლის" ბოლო ლურსმანი არგენტინელმა დიეგო პეროტიმ ჩაასო, დრის მერტენსის გვიანმა გოლმა (შორეული დარტყმით) კი მასპინძელს ნამუსი ვეღარ მოსწმინდა.
"ჩვენმა ფანებმა იციან, რომ რეალურად "ნაპოლი" არ არის იტალიის უძლიერესი კლუბი, მაგრამ აგრძელებენ ჩვენს არნახულ მხარდაჭერას, რისთვისაც მათ მადლობა უნდა გადავუხადოთ. თავიდან უნდა ვუყურო თამაშს და ყველაფერი კარგად გავაანალიზო. იყო არაერთი პოზიტიური რამ ჩვენთვის. მაგალითად, 13-ჯერ დავარტყით ბურთი მეტოქის კარის ჩარჩოში. ასე რომ, თავი არ შეგვირცხვენია", - ასე შეაფასა თამაში სარიმ.
"მილანთან" მარცხის შემდეგ ბევრი გვაკრიტიკებდა და ამ კრიტიკას საკადრისი პასუხი გავეცით. ედინ ჯეკო შესანიშნავი იყო. ვფიქრობ, ესეც ძალიან არგუმენტირებული პასუხი გახლდათ მათ მიმართ, ვინც ჯეკოს შესაძლებლობებს ეჭვის თვალით უყურებს", - თქვა "რომას" თავკაცმა ეუსებიო დი ფრანჩესკომ.
სერია A. XXVII ტური
სპალ-ბოლონია 1:0
გოლი: 1:0 გრასი (48)
გაძევება: გონსალესი (10. ბოლონია), მატიელო (90. სპალ)
ლაციო-იუვენტუსი 0:1
გოლი: 0:1 დიბალა (90+3)
ლაციო (3-5-2): სტრაკოშა - რამოს მარკი, დე ვრეი, რადუ - ლულიჩი (90. მურჯა), პაროლო, ლუკას ლეივა, მილინკოვიჩ-სავიჩი, ლუკაკუ - ალბერტო (70. ანდერსონი), იმობილე (79. კაისედო).
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარძალი, ბენატია, რუგანი - ლიხტშტაინერი (57. დუგლას კოშტა), ხედირა, პიანიჩი, მატუიდი, ასამოა - დიბალა (90+5. კიელინი), მანჯუკიჩი (72. ალექს სანდრო).
ნაპოლი-რომა 2:4
გოლები: 1:0 ინსინიე (6), 1:1 უნდერი (7), 1:2 ჯეკო (26), 1:3 ჯეკო (73), 1:4 პეროტი (79), 2:4 მერტენსი (90+2)
ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰისაი, ალბიოლი, კულიბალი, მარიო რუი - ალანი, ჟორჟინიო (75. მილიკი), ზელინსკი (65. ჰამშიკი) - კალიეხონი, ინსინიე, მერტენსი.
რომა (4-3-3): ალისონი - ფლორენცი, მანოლასი, ფასიო, კოლაროვი - ნაინგოლანი, დე როსი (88. ელ შაარავი), სტროოტმანი - უნდერი (72. ჟერსონი), პეროტი (80. პელეგრინი), ჯეკო.
ჯენოა-კალიარი გადაიდო
ატალანტა-სამპდორია გადაიდო
ბენევენტო-ვერონა გადაიდო
კიევო-სასუოლო გადაიდო
ტორინო-კროტონე გადაიდო
უდინეზე-ფიორენტინა გადაიდო
მილანი-ინტერი გადაიდო
ბომბარდირები: 23 - ჩირო იმობილე (ლაციო); 18 - მაურო იკარდი (ინტერი); 17 - ფაბიო კვალიარელა (სამპდორია); 16 - დრის მერტენსი (ნაპოლი); 15 - პაულო დიბალა (იუვენტუსი); 14 - გონსალო იგუაინი (იუვენტუსი).
მომდევნო ტური
9 მარტი: რომა-ტორინო
10 მარტი: ვერონა-კიევო
11 მარტი: ფიორენტინა-ბენევენტო, ბოლონია-ატალანტა, კალიარი-ლაციო, კროტონე-სამპდორია, იუვენტუსი-უდინეზე, სასუოლო-სპალ, ჯენოა-მილანი, ინტერი-ნაპოლი
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"