მოკლედ, "იუვენტუსში" გადასვლის შემდეგ პორტუგალიელმა მეგავარსკვლავმა პირველი საგოლე პასი (თუმცა ეს უფრო შემთხვევითობა იყო, ვიდრე პასი) გაიფორმა, საიდანაც მარიო მანჯუკიჩმა მეორე ბურთი გაიტანა "ლაციოს" კარში და ყველა კითხვა მოხსნა დღის წესრიგიდან.
"კიევოსთან" დიდი წვალებით მოგებული (3:2) წინა მატჩის შემდეგ მასიმილიანო ალეგრიმ ტაქტიკური სქემა, რომელშიც კრიშტიანო რონალდო ერთადერთი ფორვარდი იყო, შეცვალა - ამჯერად, წინა ხაზზე, რონალდოსთან ერთად, ფედერიკო ბერნარდესკი
პატარა ისტორიული ექსკურსი: შარშან "ლაციომ" სიცოცხლე გაუმწარა "იუვეს" - სერია A-ში ორწლიანი საშინაო წაუგებელი სერია შეუწყვიტა და მერე იტალიის სუპერთასზეც სძლია.
ამჯერად, ასე ვეღარ იყო. მართალია, "ლაციალე" არ იჯდა გულხელდაკრეფილი, მაგრამ ტურინელთა კლასთან ვერაფერს გახდა. დაახლოებით 20 მეტრიდან ბრწყინვალე გოლი გამოუვიდა მირალემ პიანიჩს - ბურთს დაშვება არ აცალა, ეგრევე ამოსცხო და მეკარისგან მარცხენა დაბალ კუთხეში გაახვია.
75-ე წუთზე კი, მანჯუკიჩის საგოლე დარტყმამდე წამით ადრე, გატანა რონალდოს შეეძლო - ჟოაო კანსელოს მიერ მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი მეკარისგან ფეხზე მოხვდა კრიშტიანოს და ამის შემდეგ მიუგორდა ხორვატს. პორტუგალიელს ეს საგოლე პასად ჩაეთვალა.
"იუვეს" ფანებს კი სწორედ რონალდოს გოლის ხილვა ეჩქარებათ. ამასთან დაკავშირებით ალეგრიმ თქვა:
"ეს იყო მისი პირველი მატჩი ჩვენს სტადიონზე. ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ - მსოფლიოს ჩემპიონატი, ახალი გარემო... მოდი, ვიქონიოთ მოთმინება. რონალდო ბრწყინვალედ მუშაობს და გოლებიც იქნება. იტალიისა და ესპანეთის ჩემპიონატები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. ასე რომ, ადაპტაციისთვის გარკვეული დროა საჭირო".
გაცილებით საინტერესო და დრამატული გამოდგა შაბათის მეორე მატჩი. "ნაპოლიმ" სტარტზე ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო და კვლავ ანალოგიური სცენარით - ამ შემთხვევაშიც, თავიდან წინ მეტოქე იყო, თან "მილანი" სულაც ორბურთიანი სხვაობით იგებდა...
მატჩის ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა იყო ჯენარო გატუზო თავისი ყოფილი გურუს, კარლო ანჩელოტის წინააღმდეგ. როგორც ჩანს, ოსტატს შეგირდისთვის ხეზე ასვლა არ უსწავლებია.
მატჩის შემდეგ გატუზომ თქვა:
"ძალიან ვწუხვარ, რაც მოხდა. 2:1-ის შემდეგ "მილანი" მოედნიდან გაქრა. რა თქმა უნდა, იყო ფეხბურთელთა ინდივიდუალური შეცდომები, მაგრამ ამაზე ლაპარაკი არ მიყვარს, ყველაფერს საკუთარ თავზე ვიღებ. პირველივე შეცდომის შემდეგ ყველაფერი თავზე დაგვენგრა და არ შეიძლება, ეს მხოლოდ ფეხბურთელების ბრალი იყოს. ასე ხშირად მოგვდიოდა გასულ სეზონშიც".
ანჩელოტიმ დიპლომატიურად შეაქო "მილანი" - გატუზოს შესანიშნავი გუნდი ჰყავსო, შეტევაში დიდი პოტენციალი აქვსო... რა თქმა უნდა, ქათინაურები არც თავის გუნდს დააკლო:
"ჩემმა ფეხბურთელებმა თამაშის გადარჩენის უდიდესი სურვილი გამოავლინეს, ყველაზე რთულ მომენტშიც კი არ დაკარგეს საკუთარი ძალების რწმენა და ეს ძალიან მაიმედებს ხანგრძლივი მარათონის ფონზე. თუმცა სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს".
გატუზოს ფიასკომ კიდევ ერთხელ წამოსწია წინა პლანზე მისი შესაძლო გათავისუფლების თემა. გასათვალისწინებელია, რომ კლუბში აღარ არიან მასიმილიანო მირაბელი და მარკო ფასონე - "როსონერის" ორი მაღალჩინოსანი, ვისი ფავორიტიც გახლდათ სწორედ გატუზო. იტალიურ მედიაში წერენ, რომ ანტონიო კონტე, რომელიც "ჩელსიდან" წამოსვლის შემდეგ უმუშევარია, მზად არის "მილანში" სამუშაოდ...
...კვირას ბევრი გოლი გავიდა. შთამბეჭდავი იყო "ფიორენტინა", "ინტერმა" კი, რომელზეც გვარიანი ავანსები გაიცა სეზონის დაწყებამდე, მეორე ტურში ვერ მოიგო. ეს კი არა, "ტორინომ" არა მხოლოდ ორბურთიანი დეფიციტი გააბათილა, მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში დომინირებდა და კინაღამ გამარჯვების გოლიც გაიტანა...
ფაქტები
- 2011 წლის შემდეგ "ნაპოლიმ" პირველად შეძლო ისეთი თამაშის მოგება, რომელსაც თავიდან 2-ბურთიანი სხვაობით აგებდა.
- პიოტრ ზელინსკის მიერ სერია A-ში გატანილი გოლების 25 პროცენტი "მილანის" წინააღმდეგ მოდის - 4 გოლი 16-დან.
- ჯაკომო ბონავენტურამ "ნაპოლის" კარში მე-4 გოლი გაიტანა.
- სიმონე ინძაგის მწვრთნელობისას პირველად მოხდა, რომ "ლაციომ" სერია A-ში, წინა სეზონის ჩათვლით, ზედიზედ მე-5 მატჩი წააგო.
- "იუვენტუსმა" სერია A-ში მოიგო ყველა ის 22 მატჩი, რომელშიც მარიო მანჯუკიჩმა გაიტანა მინიმუმ ერთი გოლი მაინც.
- 2018 წელს მირალემ პიანიჩმა სერია A-ში მე-3 გოლი გაიტანა, სამივე - საშინაო მატჩში და სამივე - საჯარიმოს გარედან.
სერია A. II ტური
იუვენტუსი-ლაციო 2:0
გოლები: 1:0 პიანიჩი (30), 2:0 მანჯუკიჩი (75)
იუვენტუსი (4-3-3): შჩესნი - კანსელო, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო - ხედირა (84. ბენტანკური), პიანიჩი (69. ემრე ჯანი), მატუიდი - ბერნარდესკი (59. დუგლას კოშტა), რონალდო, მანჯუკიჩი.
ლაციო (3-5-2): სტრაკოშა - უოლასი, აჩერბი, რადუ - მარუშიჩი, პაროლო (64. ბადელი), ლუკას ლეივა, მილინკოვიჩ-სავიჩი (79. დურმისი), ლულიჩი - ლუის ალბერტო (64. კორეა), იმობილე.
ნაპოლი-მილანი 3:2
გოლები: 0:1 ბონავენტურა (15), 0:2 კალაბრია (49), 1:2 ზელინსკი (53), 2:2 ზელინსკი (67), 3:2 მერტენსი (80)
ნაპოლი (4-3-3): ოსპინა - ჰისაი, ალბიოლი, კულიბალი, მარიო რუი (75. ლუპერტო) - ალანი, ჰამშიკი (63. მერტენსი), ზელინსკი (73. დიავარა) - კალიეხონი, ინსინიე, მილიკი.
მილანი (4-3-3): ჯ. დონარუმა - კალაბრია, მუსაკიო, რომანიოლი, როდრიგესი - კესი, ბილია (58. ბაკაიოკო), ბონავენტურა (82. კუტრონე) - სუსო, ბორინი (71. ლაქსალტი), იგუაინი.
სპალ-პარმა 1:0
გოლი: 1:0 ანტენუჩი (49)
კალიარი-სასუოლო 2:2
გოლები: 1:0 პავოლეტი (10), 1:1 ბერარდი (53), 2:1 პავოლეტი (73), 2:2 ბაბაქარი (90+9-პენ)
გაძევება: მარლონი (90+2. სასუოლო)
ფიორენტინა-კიევო 6:1
გოლები: 1:0 მილენკოვიჩი (8), 2:0 ჟერსონი (42), 3:0 ბენასი (54), 4:0 კიეზა (71), 4:1 ტომოვიჩი (76), 5:1 ბენასი (90), 6:1 სიმეონე (90+3)
ჯენოა-ემპოლი 2:1
გოლები: 1:0 პიატეკი (6), 2:0 კუამე (18), 2:1 მრაზი (90+4)
ინტერი-ტორინო 2:2
გოლები: 1:0 პერიშიჩი (7), 2:0 დე ვრეი (32), 2:1 ბელოტი (55), 2:2 მეიტე (68)
ინტერი (3-4-2-1): ჰანდანოვიჩი - დ"ამბროზიო, დე ვრეი, შკრინიარი - ასამოა (66. დალბერტი), ვესინო, ბროზოვიჩი, ვრსალკო (72. კეიტა) - პოლიტანო (90+2. მარტინესი), პერიშიჩი - იკარდი.
უდინეზე-სამპდორია 1:0
გოლი: 1:0 დე პაული (9)
ფროზინონე-ბოლონია 0:0
ორშაბათი. 27 აგვისტო
რომა-ატალანტა 22:30
ბომბარდირი: 2 - ალეხანდრო გომესი (ატალანტა), მარკო ბენასი (ფიორენტინა), დომენიკო ბერარდი (სასუოლო), როდრიგო დე პაული (უდინეზე), ლეონარდო პავოლეტი (კალიარი), პიოტრ ზელინსკი (ნაპოლი).
მომდევნო ტური
31 აგვისტო. მილანი-რომა
1-ლი სექტემბერი. ბოლონია-ინტერი, პარმა-იუვენტუსი
2 სექტემბერი. ფიორენტინა-უდინეზე, ატალანტა-კალიარი, კიევო-ემპოლი, ლაციო-ფროზინონე, სამპდორია-ნაპოლი, სასუოლო-ჯენოა, ტორინო-სპალ
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"