სერია A. XVIII ტურის წინ: გატყდება ნავსი ინტერი-ნაპოლის მატჩში?

AutoSharing Option
ტურის მთავარი მატჩი მილანშია, სადაც მასპინძელი "ინტერი" "ნაპოლის" დაუხვდება.

თავდაპირველად ნავსის გატეხვა უნდა ვისურვოთ. საქმე ისაა, რომ ამ გუნდებს შორის ბოლო 2 მატჩი 0:0 მორჩა და ანალოგიურის გამეორება ქომაგებისთვის სახარბიელო პერსპექტივა ვერ იქნება. მით უმეტეს, ორივე გუნდს აქვს იმის პოტენციალი, რომ შემტევი და სანახაობრივი ფეხბურთი ითამაშოს.

"ინტერი" და "ნაპოლი" ერთმანეთს ოპტიმალური შემადგენლობით დაუპირისპირდებიან. ერთადერთი დანაკლისი აქვთ მილანელებს - წესით, ვერ უნდა ითამაშოს ბრაზილიელმა ცენტრალურმა მცველმა მირანდამ. დანარჩენები ჯანმრთელად არიან.

"ნაპოლი", ალბათ, სულ ტყუილად, მაგრამ შეძლებისდაგვარად მაინც მისდევს "იუვენტუსს". "ინტერს" კი
ჩემპიონთა ლიგაში თამაში არ გამოუვიდა და ახლა შიდა ჩემპიონატს უნდა მიხედოს.

თუ "მილანი" გასვლით შეხვედრაში ვერ მოუგებს "ფროზინონეს" და მერე სპალ-თანაც წაიფორხილებს, ჯენარო გატუზოს უთუოდ ახალი სამსახურის ძებნა მოუწევს. "მილანს" საკადრო პრობლემებიც აწუხებს - ვერ ითამაშებენ ლუკას ბილია, ჯაკომო ბონავენტურა და მატია კალდარა.

ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგება ბერგამოში, სადაც "ატალანტას" თვით "იუვენტუსი" სტუმრობს. ტურინელებს ფენომენალური (და რეკორდულიც) სტარტი აქვთ სერია A-ში და ახლაც ფავორიტებად ითვლებიან. "იუვეს" რიგებში ტრავმების გამო ვერ ვიხილავთ ფედერიკო ბერნარდესკის, ანდრეა ბარძალის, ჟოაო კანსელოსა და ხუან კუადრადოს.

მასიმილიანო ალეგრის თქმით, "იუვენტუსის" ძირითადი შემადგენლობაში არ იქნება კრიშტიანო რონალდო, რასაც ის ასე ხსნის:

"ჩვენ ერთად ვუყურებთ ამ თამაშს სათადარიგოთა სკამიდან. მოკლე პერიოდში გვიწევს თამაშების ჩატარება და აუცილებელია ძალების ჭკვიანურად გადანაწილება. ეს აუცილებელია რონალდოსთვისაც, რათა ისიც და ყველა ჩვენი ფეხბურთელი ფორმის პიკზე იყოს მარტისთვის, როცა ჩემპიონთა ლიგაში გადამწყვეტი მატჩები გვექნება ჩასატარებელი".

"რომა" ვალდებულია დანიელე დე როსის გარეშეც დაამარცხოს "სასუოლო" - ეუსებიო დი ფრანჩესკოს ყოფილი გუნდი.

დი ფრანჩესკო ახლა "რომაში" დარჩენისთვის იბრძვის. მისი გუნდი ვერ არის იდეალურ ფორმაში და ყოჩაღად მოთამაშე "სასუოლოსთანაც" (რომელიც დღევანდელ მეტოქეს 2 საფეხურით უსწრებს) ვერ ექნება იოლი გასეირნება. საქმეს ისეთი პირი უჩანს, დი ფრანჩესკოს კიდევ ერთ ფეხის დაცდენას ნამდვილად არ აპატიებენ. როგორც იტყვიან, "რომას" უკან დასახევი გზა მოჭრილი აქვს.

"ლაციო" თამაშობს "ბოლონიასთან" და უნდა მოიგოს, თუ რეალურად სურს ოთხეულისთვის ბრძოლა. სიმონე ინძაგი თავის ძმას, ფილიპოს უმასპინძლებს. ამიტომ, ეს განსაკუთრებული თამაშია.

"ლაციალემ" წინა ტურში შინ "კალიარი" დაამარცხა და ხასიათი გამოიკეთა. რომაელები ოპტიმალური შემადგენლობით დაუხვდებიან მეტოქეს, რაც კიდევ უფრო ზრდის მათ შანსს.

ფაქტები
  • "ფროზინონესა" და "მილანის" ბოლო მატჩი 3:3 დასრულდა.
  • ყველა ფრონტზე "ატალანტასა" და "იუვენტუსის" ბოლო 3 შეხვედრაში ორივეს არ გაუტანია.
  • "ბოლონიასა" და "ლაციოს" ბოლო მატჩი ფრედ დასრულდა.
  • "კალიარისა" და "ჯენოას" შორის უკანასკნელ 4 შეხვედრაში ორივემ გაიტანა.
  • "ფიორენტინასა" და "პარმას" ბოლო 2 მატჩში ორივეს არ გაუტანია.
  • "სამპდორიამ" და "კიევომ" ბოლო 4 შეხვედრაში ერთმანეთს მინიმუმ თითო გოლი გაუტანეს.
  • "რომასა" და "სასუოლოს" ბოლო 3 შეხვედრაში ორივემ გაიტანა მინიმუმ ერთი გოლი მაინც.
  • "უდინეზეს" არასოდეს მოუგია სპალ-ისთვის.
  • "ტორინოსა" და "ემპოლის" ბოლო 2 მატჩში 2,5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.
  • "ინტერისა" და "ნაპოლის" შორი უკანასკნელი 2 დაპირისპირება უგოლო ფრით აღინიშნა.

სერია A. XVIII ტური
ოთხშაბათი, 26 დეკემბერი
ფროზინონე-მილანი 15:30
ატალანტა-იუვენტუსი 18:00
ბოლონია-ლაციო 18:00
კალიარი-ჯენოა 18:00
ფიორენტინა-პარმა 18:00
სამპდორია-კიევო 18:00
რომა-სასუოლო 21:00
სპალ-უდინეზე 21:00
ტორინო-ემპოლი 21:00
ინტერი-ნაპოლი 23:30

ბომბარდირები: 13 - კშიშტოფ პიატეკი (ჯენოა); 11 - კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი); 10 - ჩირო იმობილე (ლაციო), ფაბიო კვალიარელა (სამპდორია); 9 - ფრანჩესკო კაპუტო (ემპოლი), მაურო იკარდი (ინტერი);

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ატალანტა-იუვე 1X მორჩება, უფრო 1-1
ინტერი მოიგებს,
ქომაგი
12:14 26-12-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული