სერია A. XX ტური: ვინ უსტვინა "ინტერს"? [VIDEO]

AutoSharing Option
"ინტერმა" ვერც ამჯერად მოუგო "სასუოლოს". თამაში ძალიან თვალსასეირო გამოვიდა. ეგაა, არცერთი გოლი არ გასულა. "ნერაძურის" გამარჯვების მოპოვება გულით სურდა, მაგრამ ამას ვინ ჩივის, კინაღამ მე-5 შეხვედრა წააგო არცთუ ძლიერ მოწინააღმდეგესთან.

მართლაც, "სასუოლოს" ფეხბურთელებს მეტოქის კართან შექმნილი საგოლე მომენტები რომ გამოეყენებინათ, "ინტერი" ვერანაირად ვერ გადაურჩებოდა მარცხს. გულშემატკივრებმა თავისიანებს უსტვინეს, რაზეც კომენტარი ლუჩანო სპალეტიმაც გააკეთა, მაგრამ ამაზე ქვემოთ...
რაც შეეხება მაურო იკარდის, გუნდის უდავო ლიდერის თამაში შაბათს ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. ის მხოლოდ რამდენჯერმე ჩაერთო ნორმალურად თამაშში, რაც თავისთავად არ აღმოჩნდა საკმარისი
მოსაგებად.

"ჩვენ იმ დონეზე ვერ ვითამაშეთ, რა დონეზეც უნდა თამაშობდეს "ინტერი", მაგრამ ფეხბურთში ჩავარდნა ჩვეულებრივი ამბავია. რას ვიზამთ, როგორც ჩანს, მოწინააღმდეგემ ძალიან კარგად შეგვისწავლა. მაურო იკარდიმ ვერ მიიღო ის სივრცე, რომელიც მას სჭირდება გოლის გასატანად... რა თქმა უნდა, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას დასახული მიზნების მისაღწევად. ამ გზაზე არის სირთულეები და ამაში გასაკვირი არაფერია. ჩვენ გვისტვენდნენ, მაგრამ რა იცით, რომ ეს "ინტერის" ნამდვილი გულშემატკივრები იყვნენ და არ იყო ბავშვების უბრალო ჯგუფი?", - თქვა თამაშის დასრულების შემდეგ ლუჩანო სპალეტიმ.

"რომამ" ძალიან თვალსასეირო შეხვედრაში მოუგო "ტორინოს" ნიკოლა ძანიოლოს, ალექსანდრ კოლაროვისა და სტეფან ელ შაარავის გოლებით. შემტევი და სანახაობრივი ფეხბურთის ზეიმი ვიხილეთ. ძანიოლომ კი დიდებულად ითამაშა.

ამ ბიჭმა მთელი იტალიური მედია გადარია და ვნახოთ, რა და როგორ იქნება - "სკუადრა აძურას" ნამდვილად სჭირდება ახალი ვარსკვლავები.

"ჩვენ დღეს გაბრაზებულები ვიყავით და გვქონდა განსაკუთრებული ლტოლვა გამარჯვებისკენ. სწორედ ასე უნდა ვითამაშოთ მომავალში. არადა, გვქონდა გარკვეული პრობლემები დაცვაში. ამის უარყოფა შეუძლებელია. ძანიოლო კი უბრალოდ შესანიშნავი იყო", - თქვა "რომას" დამრიგებელმა ეუსებიო დი ფრანჩესკომ.


ზოგადად, ტურის მიმოხილვისას მხოლოდ გრანდებზე ვწერთ, მაგრამ გვერდს ვერ ავუვლით "ატალანტას" კოლუმბიელი ფორვარდის, დუვან ზაპატას მიღწევას, რომელმაც მართლაც ფენომენალური შეხვედრა ჩაატარა "ფროზინონესთან". მან პოკერი შეასრულა და გახდა "ატალანტას" პირველი ფეხბურთელი 1952 წლიდან, ვინც ეს შეძლო.


ორშაბათს ითამაშებენ "მილანი" და "იუვენტუსი", რომლებსაც დამატებით დასვენების დღე მიეცათ იმის გამო, რომ იტალიის სუპერთასზე ითამაშეს. "იუვეს", წესით, იოლი გასეირნება უნდა ჰქონდეს "კიევოსთან" შეხვედრაში.

ტურის ცენტრალური მატჩი სტატუსის შესაბამისი გამოდგა. "ნაპოლიმ" და "ლაციომ" მართლაც შესანიშნავი ფეხბურთი გვიჩვენეს. წასაგებად ორივე გუნდი ცოდო იყო, მაგრამ ბედმა უფრო ნეაპოლელებს გაუღიმა. არავინ იცის, რა და როგორ იქნებოდა, რომაელთა მცველ ფრანჩესკო აჩერბის ვადაზე ადრე რომ არ დაეტოვებინა მინდორი.

პირველი ტაიმის მეორე ნახევარში ჯერ ხოსე კალიეხონმა შეაგდო დრის მერტენსის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ, მერე კი არკადიუშ მილიკმა შეასრულა უზადოდ საჯარიმო დარტყმა. "ლაციომ" ცოტა გვიან, მაგრამ მაინც გამოიღვიძა. რომაელთა მიერ შექმნილი რამდენიმე სახიფათო მომენტის შემდეგ კორეას შესანიშნავი გადაცემით ჩირო იმობილემ იხეირა. ორივე გუნდის მცდელობის მიუხედავად, ანგარიში აღარ შეცვლილა.


სერია A. XX ტური
რომა-ტორინო 3:2
გოლები: 1:0 ძანიოლო (15), 2:0 კოლაროვი (34-პენ), 2:1 რინკონი (51), 2:2 ანსალდი (67), 3:2 ელ შაარავი (73)
რომა (4-2-3-1): ოლსენი - კარსდორპი (80. სანტონი), მანოლასი, ფასიო, კოლაროვი - ლორ. პელეგრინი, კრისტანტე - იუნდერი (6. ელ შაარავი), ძანიოლო, კლუივერტი (72. შიკი) - ჯეკო.

უდინეზე-პარმა 1:2
გოლები: 0:1 ინგლეზე (11-პენ), 1:1 ოკაკა (50), 1:2 ჟერვინიო (68)

ინტერი-სასუოლო 0:0
ინტერი (4-3-3): ჰანდანოვიჩი - დ"ამბროზიო, დე ვრეი, შკრინიარი, ასამოა - ვესინო (82. ბორხა ვალერო), ბროზოვიჩი - პოლიტანო (81. მარტინესი), ჟოაო მარიო (60. ნაინგოლანი), პერიშიჩი - იკარდი.

ფროზინონე-ატალანტა 0:5
გოლები: 0:1 მანჩინი (11), 0:2 დ. საპატა (44), 0:3 დ. საპატა (47), 0:4 დ. საპატა (64), 0:5 დ. საპატა (73)

ფიორენტინა-სამპდორია 3:3
გოლები: 1:0 მურიელი (34), 1:1 რამირესი (44), 2:1 მურიელი (70), 2:2 კვალიარელა (81-პენ), 2:3 კვალიარელა (85), 3:3 პეცელა (90+3)

სპალ-ბოლონია 1:1
გოლები: 0:1 პალასიო (24), 1:1 კურტიჩი (64)

კალიარი-ემპოლი 2:2
გოლები: 1:0 პავოლეტი (36), 1:1 დი ლორენცო (70), 1:2 ზაიცი (81), 2:2 ფარიასი (90+1)

ნაპოლი-ლაციო 2:1
გოლები: 1:0 კალიეხონი (34), 2:0 მილიკი (37), 2:1 იმობილე (65)
ნაპოლი (4-4-2): მერეტი - მალკუიტი, ალბიოლი, მაქსიმოვიჩი, მარიო რუი - კალიეხონი (88. ჰისაი), დიავარა (72. ვერდი), ზელინსკი, რუისი - მილიკი, მერტენსი (83. უნასი).
ლაციო (3-5-2): სტრაკოშა - ლუიზ ფელიპე (28. ბასტოსი), აჩერბი, რადუ - ლულიჩი, პაროლო, ლუკას ლეივა, მილინკოვიჩ-სავიჩი (73. პატრიკი), ლუკაკუ (46. ლუკაკუ) - იმობილე, ლუის ალბერტო.
გაძევება: აჩერბი (70. ლაციო)

ორშაბათი, 21 იანვარი
ჯენოა-მილანი 18:00
იუვენტუსი-კიევო 23:30

ბომბარდირები: 14 - კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი), ფაბიო კვალიარელა (სამპდორია), დუვან საპატა (ატალანტა); 13 - კშიშტოფ პიონტეკი (ჯენოა); 11 - ჩირო იმობილე (ლაციო), არკადიუშ მილიკი (ნაპოლი).

მომდევნო ტური
26 იანვარი: სასუოლო-კალიარი, სამპდორია-უდინეზე, მილანი-ნაპოლი
27 იანვარი: კიევო-ფიორენტინა, ატალანტა-რომა, ბოლონია-ფროზინონე, პარმა-სპალ, ტორინო-ინტერი, ლაციო-იუვენტუსი
28 იანვარი: ემპოლი-ჯენოა

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული