სერია A. XXII ტური: წაგების ტოლფასი ფრე "იუვენტუსისთვის" [VIDEO]

AutoSharing Option
"ატლეტიკოსთან" მოახლოებული ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის წინ "იუვენტუსი" სწრაფი ტემპით კარგავს დამაჯერებლობას. შუა კვირას მასიმილიანო ალეგრის გუნდი იტალიის თასიდან გავარდა "ატალანტასთან" (0:3), ახლა კი შინ "პარმასთან" გამარჯვება გაუშვა ხელიდან.

შაბათის მატჩის წინ ალეგრიმ განაცხადა, რომ ძირითად შემადგენლობაში იქნებოდა მარიო მანჯუკიჩი, რომელმაც თითქმის ერთი თვე გამოტოვა ტრავმის გამო. ხორვატის დაბრუნებას ძალიან ელოდა გულშემატკივარი და სამწვრთნელო შტაბი. იტალიაში მიაჩნიათ, რომ მანჯუკიჩი ტურინელების თავდასხმას უფრო მრავალფეროვანს ხდის და კრიშტიანო რონალდოს მოქმედების მეტ თავისუფლებას აძლევს.

შეტევაში პრობლემების მოგვარების პარალელურად, მასპინძლებმა დაცვაში მიიღეს სირთულეები. ტრავმების გამო
ორი ძირითადი მცველი დაკარგეს - ჯორჯო კიელინი და ლეონარდო ბონუჩი. ასე რომ, "იუვენტუსი" მატჩზე დაცვის ცენტრში ექსპერიმენტული წყვილით გადიოდა - კასერესი-რუგანი.

ტურინელებისთვის ყველაფერი შესანიშნავად იწყებოდა: ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მყოფმა რონალდომ 10 მეტრიდან გახსნა ანგარიში, რუგანიმ კი მეორე ტაიმის შუაში ორამდე გაზარდა უპირატესობა.

პარმეზანელები რისკზე წავიდნენ, "იუვენტუსის" მარცხენა ფლანგი გაარღვიეს და ბარილამ სხვაობა შეამცირა. კრიშტიანომ მაშინვე აჩვენა, რომ თავით თამაშითაც ყველაფერი წესრიგში აქვს და ანგარიში 3:1 გახადა.

მასპინძლები მოდუნდნენ, ისევ ჩავარდა სპინაცოლას მარცხენა ფლანგი და ჟერვინიომ ჩასვა ბურთი ახლო კუთხეში. ტურინელებმა საბოლოოდ გააფუჭეს ყველაფერი კომპენსირებულ დროში და გოლი ისევ მარცხნიდან მიიღეს. მანჯუკიჩმა დაკარგა ბურთი კუთხურის ალამთან, სტუმრებმა ის საჯარიმომდე მიიტანეს და ჟერვინიომ დუბლი შეასრულა. 3:3 - ეს არის თითქმის წაგების ტოლფასი ფრე "იუვენტუსისთვის".


ტურის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა გახდა ფაბიო კვალიარელას სერიის შეწყვეტა. "ნაპოლი" გახდა ის გუნდი, რომელმაც შეძლო "სამპდორიას" 36 წლის ბომბარდირის შეჩერება.

ცოტა ხნის წინ იტალიის ნაკრებში გამოძახებული ვეტერანი ზედიზედ 11 მატჩში იტანდა, მაგრამ მისი გუნდი ბოლო ტურში 0:3 განადგურდა "ნაპოლისთან". მიუხედავად ამისა, ნეაპოლელი გულშემატკივრები არც ისე კარგ ხასიათზე არიან, რადგან სულ მალე ჩინეთში გაემგზავრება მარეკ ჰამშიკი, რომელმაც "ნაპოლის" 12 წელი უერთგულა.


ეს ტური განსაკუთრებული იყო სინიშა მიხაილოვიჩისთვის, რომელმაც "ბოლონიას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფილიპო ინძაგი შეცვალა და სადებიუტო მატჩში "ინტერი" სტუმრად 1:0 დაამარცხა. მილანურმა კლუბმა ზედიზედ მეორედ წააგო, შუა კვირას იტალიის თასიდან გავარდა. ასე რომ, ლუჩანო სპალეტიმ მალე, შესაძლოა, ინძაგის ბედი გაიზიაროს.


ფაქტები
  • კრიშტიანო რონალდოს 17 გოლი დაუგროვდა სერია A-ში. "იუვენტუსის" ბოლო ფეხბურთელი, რომელსაც 22 ტურის შემდეგ ასეთივე მონაგარი ჰქონდა, დავიდ ტრეზეგე იყო 2005-06 წლების სეზონში.
  • შარშანდელი სეზონიდან მოყოლებული, "იუვენტუსი" სერია A-ში 26 მატჩია არ მარცხდება.
  • "ნაპოლის" ზედიზედ 17 მატჩია საკუთარ მოედანზე არ წაუგია. ეს ყველაზე გრძელი მოქმედი სერიაა.
  • "ემპოლი" შვიდი ტურია ვერ იგებს.
  • სპალ-მა შინ ზედიზედ მეექვსე მატჩი დაასრულა ფრედ.
  • "ბოლონიამ" შეწყვიტა 14-მატჩიანი მოუგებელი სერია.
  • "ბოლონიამ" პირველად მოიგო სტუმრად 2018 წლის 6 იანვრის შემდეგ. ეს სერია 21 მატჩს მოიცავდა.

სერია A. XXII ტური
ემპოლი-კიევო 2:2
გოლები: 0:1 ჯაკერინი (31), 0:2 სტეპინსკი (45+1), 1:2 კაპუტო (45+2), 2:2 კაპუტო (52)

ნაპოლი-სამპდორია 3:0
გოლები: 1:0 მილიკი (25), 2:0 ინსინიე (26), 3:0 ვერდი (89-პენ)
ნაპოლი (4-4-2): მერეტი - ჰისაი, მაქსიმოვიჩი, კულიბალი, მარიო რუი - კალიეხონი, ალანი, ჰამშიკი (74. დიავარა), ზელინსკი - ინსინიე (83. ვერდი), მილიკი (90. უნასი).

სპალ-ტორინო 0:0
გაძევება: ნ'კულუ (65. ტორინო)

იუვენტუსი-პარმა 3:3
გოლები: 1:0 რონალდო (36), 2:0 რუგანი (62), 2:1 ბარილა (64), 3:1 რონალდო (66), 3:2 ჟერვინიო (74), 3:3 ჟერვინიო (90+3)
იუვენტუსი (4-3-3): პერინი - კანსელო, რუგანი, კასერესი, სპინაცოლა - ხედირა (79. ბენტანკური), პიანიჩი, მატუიდი - დუგლას კოშტა (46. ბერნარდესკი/87. ემრე ჯანი), რონალდო, მანჯუკიჩი.

ჯენოა-სასუოლო 1:1
გოლები: 0:1 ჯურიჩიჩი (28), 1:1 სანაბრია (41)

უდინეზე-ფიორენტინა 1:1
გოლები: 1:0 ლარსენი (56), 1:1 ფერნანდესი (65)

ინტერი-ბოლონია 0:1
გოლი: 0:1 სანტანდერი (32)
ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - სოარეში (78. რანოკია), დე ვრეი, შკრინიარი, დალბერტი - ვესინო, ბროზოვიჩი - კანდრევა (46. მარტინესი), ნაინგოლანი (68. ჟოაო მარიო), პერიშიჩი - იკარდი.

რომა-მილანი 1:1
გოლები: 0:1 პიონტეკი (26), 1:1 ძანიოლო (46)
რომა (4-2-3-1): ოლსენი - კარსდორპი (86. სანტონი), მანოლასი, ფასიო, კოლაროვი - დე როსი, ლორ. პელეგრინი - შიკი (81. კლუივერტი), ფლორენცი (65. ელ შაარავი), ძანიოლო - ჯეკო.
მილანი (4-3-3): დონარუმა - კაბარია, მუსაკიო, რომანიოლი, როდრიგესი - კესი, ბაკაიოკო, პაკეტა (77. კასტილიეხო) - სუსო (87. ლაქსალტი), ჩალჰანოღლუ, პიონტეკი (87. კუტრონე).


ორშაბათი, 4 თებერვალი
ფროზინონე-ლაციო 22:00
კალიარი-ატალანტა 23:59

ბომბარდირები: 17 - კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი); 16 - ფაბიო კვალიარელა (სამპდორია); 15 - დუვან საპატა (ატალანტა); 14 - კშიშტოფ პიონტეკი (ჯენოა/მილანი); 12 - არკადიუშ მილიკი (ნაპოლი); 11 - ჩირო იმობილე (ლაციო).

მომდევნო ტური
7 თებერვალი: ლაციო-ემპოლი
8 თებერვალი: კიევო-რომა
9 თებერვალი: ფიორენტინა-ნაპოლი, პარმა-ინტერი
10 თებერვალი: ბოლონია-ჯენოა, ატალანტა-სპალ, სამპდორია-ფროზინონე, ტორინო-უდინეზე, სასუოლო-იუვენტუსი, მილანი-კალიარი

გიორგი თვალია (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული