სერია A. XXIV ტურის წინ: ერა ჰამშიკის შემდეგ და იკარდის პრობლემა

AutoSharing Option
სერია A-ს მორიგი ტური "იუვენტუსი"-"ფროზინონეს" მატჩით იხსნება. ლაპარაკი იმაზე, რომ "ბებერი ქალბატონი" ფორმიდან ამოვარდა და შეიძლება "ნაპოლი" წამოეწიოს, ილუზია აღმოჩნდა - მასიმო ალეგრის ბიჭებმა წინა ტურში "კიევოს" არ დაუტოვეს შანსი, "ნაპოლიმ" კი ქულები დაკარგა ფლორენციაში. ასე რომ, აქ კითხვები ჯერჯერობით მოხსნილია.

რა თქმა უნდა, "იუვეს" არ უნდა ეშინოდეს "ფროზინონესი", თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ სერია A-ს ერთ-ერთმა აუტსაიდერმა ზედიზედ 2 გასვლითი მატჩი მოიგო: 1:0 - "სამპდორიასთან", 4:0 - "ბოლონიასთან".

ალბათ, ტურინის "ალიანც არენაზე" მარკო ბარონის ბიჭებს "როგორმე" გააჩერებენ. და მაინც, "იუვენტუსს"
პრობლემები ექნება დაცვაში - არ იქნებიან ალექს სანდრო და ჯორჯო კიელინი; ეჭვქვეშაა ლეონარდო ბონუჩის ჯანმრთელობა, ხოლო წინა ხაზს დააკლდება ხუან კუადრადო;  
ამავე დროს, კითხვის ნიშნები აქვს დუგლას კოშტას გამოჩენას.

"ნაპოლი" ეთამაშება "ტორინოს", რომლის მწვრთნელი ვალტერ მაძარი ერთ დროს "სან პაოლოს" კერპთაგანი იყო. ოფიციალურად დადასტურდა, რომ ნეაპოლში იწყება ახალი ერა მარეკ ჰამშიკის გარეშე - სლოვაკმა ლიდერმა დატოვა გუნდი და კარიერას ჩინურ "დალიანში" გააგრძელებს.

ძალიან საინტერესო თამაში უნდა იყოს "ატალანტასა" და "მილანს" შორის. დღესდღეობით ორივე გუნდი კარგ ფორმაშია. "როსონერის" აშკარად გამოადგა პოლონელი ბომბარდირი კშიშტოფ პიონტეკი. შეტევაში შესანიშნავია "ატალანტაც" - ბერგამოელები შედეგიანობით თვით "იუვენტუსსაც" კი უსწრებენ.

საინტერესოა, რომ "ატალანტასა" და "მილანს" შორის სერიას A-ს ბოლო 7 თამაშიდან 5 ფრედ დასრულდა, ხოლო 2 მატჩი ბერგამოელებმა მოიგეს. ასე რომ, "მილანმა" "ატალანტას" ტაბუ უნდა ახსნას...

მაურო იკარდით თუ მის გარეშე? ასე უდგას საკითხი "ინტერს" მას მერე, რაც არგენტინელმა ბომბარდირმა ბუნტი მოაწყო და გუნდს "რაპიდთან" სათამაშოდ არ გაჰყვა. თუმცა მოგვიანებით მან სოციალურ ქსელში ატვირთა ფოტო, რითიც იმის დამტკიცება სურდა, რომ კოჭის ტრავმა აქვს.

აქედან გამომდინარე, ითამაშებს თუ არა იკარდი "სამპდორიას" (მისი ყოფილი კლუბი) წინააღმდეგ, ჯერჯერობით უცნობია. ტრავმაც რომ არა, სახეზეა კონფლიქტი ფეხბურთელსა და კლუბს შორის, რაც გადაწყვეტას მოითხოვს. ლუჩანო სპალეტიმ თქვა, რომ იკარდის "რაპიდთან" მატჩის შემდეგ დაელაპარაკება...

ფაქტები
  • "ნაპოლისა" და "ტორინოს" შორის ბოლო სერია A-ს ბოლო 7 მატჩში 31 ბურთი გავიდა, რაც საშუალოდ თამაშში 4,4 გოლია.
  • "ტორინომ" "ნაპოლი" უკანასკნელად 2015 წლის მარტში დაამარცხა.
  • "იუვენტუსი" სულ 5-ჯერ შეხვდა "ფროზინონეს", მათ შორის ორჯერ - სერია B-ში. აქედან ტურინელებმა 4 თამაში მოიგეს (1 ფრე) და მხოლოდ 1 გოლი გაუშვეს.
  • "მილანმა" "ატალანტა" სერია A-ში უკანასკნელად 2015 წლის 30 მაისს დაამარცხა - 3:1 ბერგამოში.
  • "ლაციოსა" და "ჯენოას" შორის ბოლო 6 მატჩში (ყველა ტურნირის გათვალისწინებით) 27 ბურთი გავიდა, რაც საშუალოდ თამაშში 4.5 გოლია.
  • "ინტერსა" და "სამპდორიას" არ უთამაშიათ ფრედ სერია A-ს ბოლო 6 მატჩში.
  • "სასუოლომ" "ემპოლის" ზედიზედ მოუგო სერია A-ს ბოლო 4 თამაში და თითოეულ ამ მატჩში 3 გოლი გაიტანა.
  • "უდინეზეს" "კიევოსთან" შინ 2014 წლის შემდეგ არ მოუგია.

სერია A. XXIV ტური
პარასკევი, 15 თებერვალი
იუვენტუსი-ფროზინონე 23:30

შაბათი, 16 თებერვალი
კალიარი-პარმა 21:00
ატალანტა-მილანი 23:30

კვირა, 17 თებერვალი
სპალ-ფიორენტინა 15:30
ემპოლი-სასუოლო 18:00
ჯენოა-ლაციო 18:00
უდინეზე-კიევო 18:00
ინტერი-სამპდორია 21:00
ნაპოლი-ტორინო 23:30

ორშაბათი, 18 თებერვალი
რომა-ბოლონია 23:30

ბომბარდირები: 18 - კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი); 16 - ფაბიო კვალიარელა (სამპდორია), დუვან საპატა (ატალანტა); 15 - კშიშტოფ პიონტეკი (ჯენოა/მილანი); 12 - არკადიუშ მილიკი (ნაპოლი); 11 - ჩირო იმობილე (ლაციო), ფრანჩესკო კაპუტო (ემპოლი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული