სერია A. XXVI ტურის წინ: ნაპოლი-იუვენტუსი კრიშტიანო რონალდოს გარეშე?

AutoSharing Option
სერია A-ს მორიგ ტურში ორი ისეთი ჯახია, რომელიც ჩრდილავს ყველა დანარჩენს. თავისი მნიშვნელობით ეს ორი დაპირისპირება თავისუფლად იმსახურებს არათუ ტურის, არამედ ჩემპიონატის გამორჩეულ თამაშებად დასახელებასაც კი.

დავიწყოთ რომაული დერბით. ამ შეხვედრას ძალიან დიდი სატურნირო დატვირთვა აქვს. თუ "ლაციოს" სურს, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში რეალურად დარჩეს, ეს თამაში ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მოიგოს. არადა, როგორი გასაკეთებელია ეს, როცა მეტოქე თანაქალაქელი "რომაა".

ორივე გუნდს აქვს გარკვეული პრობლემები შემადგენლობასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ოდნავაც ვერ დასწევს დაბლა დუღილის ტემპერატურას თუნდაც იმის გამო, რომ "რომას"
მიზანიც ლიგის საგზურის მოპოვებაა. ერთი სიტყვით, ისეთი თამაშია, დანდობა რომ არ იქნება და ყურება რომ ღირს.

"ნაპოლი" მასპინძლობს "იუვენტუსს" - დღევანდელი საზომით ეს ისეთი წინადადებაა, რაიმეს დამატებას რომ არ საჭიროებს, მაგრამ უთქმელობაც არ შეიძლება. დღესდღეობით სერია A-ს მოქმედი ჩემპიონი ნეაპოლელ მდევარს იმდენით უსწრებს, რომ სკუდეტოსთვის ბრძოლაში ყველაფერი გადაწყვეტილად მოჩანს, მაგრამ მასპინძლებისთვის მატჩს საპრესტიჟო დანიშნულებაც აქვს.

თუმცა აქ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსია - არ ითამაშებს კრიშტიანო რონალდო, რომელსაც ტრავმა აქვს. მართალია, დაზიანება არ არის სერიოზული, მაგრამ მასიმილიანო ალეგრის ურჩევნია, გარისკოს ახლა, ვიდრე რონალდოს გარეშე დარჩეს "ატლეტიკოსთან" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩში, სადაც ორბურთიანი დეფიციტი აქვს აღმოსაფხვრელი.

ამას გარდა, "ნაპოლის" გულშემატკივრები განსაკუთრებული აგრესიით არიან განწყობილები "იუვენტუსის" მიმართ. ისინი მიიჩნევენ, რომ სწორედ "იუვეა" ის ბარიერი, რომელიც ათასი დაშვებული თუ დაუშვებელი მეთოდით პირველობამდე არა და არ უშვებს ახალი ფორმაციის მეტად სიმპათიურ "ნაპოლის".

რთული თამაშები ელით "მილანს" და "ინტერსაც". "როსონერის" სასარგებლოდ ის ფაქტიც მეტყველებს, რომ გუნდი საშინაო ასპარეზზე დაუხვდება "სასუოლოს", თუმცა დიდი ბრძოლის გადატანა მოუწევს. "ინტერი" კი გასვლაზე ითამაშებს "კალიარისთან". ცხადია, "ნერაძური" ფავორიტია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ლუჩანო სპალეტის გუნდს სტაბილურობა აკლია მიმდინარე სეზონში.

დიდი ალბათობით, "ინტერის" რიგებში კვლავ არ ითამაშებს გაფიცული მაურო იკარდი, თუმცა დაგვეთანხმებით, მის არყოფნას "ინტერისთვის" კატასტროფა არ მოუტანია. შეიძლება პირიქითაც იყოს...

ფაქტები
  • ვარსკვლავური ომები რომსა და ნეაპოლში
  • "ინტერმა" ზედიზედ 4 მატჩი მოუგო "კალიარის".
  • "ემპოლისა" და "პარმას" ბოლო 2 შეხვედრაში ორივეს არ გაუტანია.
  • "მილანისა" და "სასუოლოს" ბოლო 2 შეხვედრაში ორივემ გაიტანა მინიმუმ ერთი გოლი მაინც.
  • "ლაციომ" ბოლოს 2017 წელს მოუგო "რომას".
  • "ტორინოსა" და "კიევოს" ბოლო 3 შეხვედრაში 2,5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.
  • "ჯენოასა" და "ფროზინონეს" შორის უკანასკნელ 3 მატჩში გუნდებმა 2,5-ზე მეტი გოლი გაიტანეს.
  • ანალოგიური მაჩვენებელი დაფიქსირდა "სამპდორიასა" და სპალ-ის ბოლო 2 მატჩში.
  • "ატალანტასა" და "ფიორენტინას" ბოლო 5 შეხვედრაში 2,5-ზე ნაკლები გოლი ვნახეთ.
  • "ნაპოლისა" და "იუვენტუსის" ბოლო შეხვედრა ტურინელებმა მოიგეს.

სერია A. XXVI ტური
პარასკევი, 1-ლი მარტი
კალიარი-ინტერი 23:30

შაბათი, 2 მარტი
ემპოლი-პარმა 18:00
მილანი-სასუოლო 21:00
ლაციო-რომა 23:30

კვირა, 3 მარტი
ტორინო-კიევო 15:30
ჯენოა-ფროზინონე 18:00
სპალ-სამპდორია 18:00
უდინეზე-ბოლონია 18:00
ატალანტა-ფიორენტინა 21:00
ნაპოლი-იუვენტუსი 23:00

ბომბარდირები: 19 - კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი); 18 - კშიშტოფ პიონტეკი (ჯენოა/მილანი); 17 - ფაბიო კვალიარელა (სამპდორია); 16 - დუვან საპატა (ატალანტა); 14 - არკადიუშ მილიკი (ნაპოლი); 11 - ჩირო იმობილე (ლაციო), ფრანჩესკო კაპუტო (ემპოლი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული