სერია A-ს მორიგი ტურის მთავარი ჯახი მილანში შედგება - "დერბი დელა მადონინა", ანუ ღვთაებრივი დერბი, როგორც მას იტალიაში ეძახიან. ეს მატჩი სატურნირო თვალსაზრისით არაფერს რომ არ წყვეტდეს, მაინც ცენტრალური იქნებოდა ტურში და ახლა ხომ - მით უმეტეს.
მილანური გრანდები გააფთრებით იბრძვიან ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად.
ამ დროისთვის "მილანი" უკეთეს ფორმაშია. ჯენარო გატუზოს გაწვრთნილ გუნდს მიჯრით 5 მოგება დაუგროვდა. კშიშტოფ პიონტეკის შეჩერება კი ყველსთვის ძალიან დიდი თავსატეხია. ახალგაზრდა პოლონელ ფორვარდს "მილანში" ადაპტაციის პრობლემა არ ჰქონია და გოლი გოლზე გააქვს.დავამატოთ ამას ისიც,
რომ "ინტერს" მოსისხლე მტრისთვის უკვე კარგა ხანია, არ მოუგია. ამაზე ზრუნვა ლუჩანო სპალეტის გუნდს აჯანყებული მაურო იკარდის გარეშე მოუწევს, ვინც ჯერაც უარობს მინდორზე გასვლას "ნერაძურის" მაისურით.
ჩემპიონთა ლიგაზე მოპოვებული წარმატების შემდეგ "იუვენტუსი" "ჯენოას" ესტუმრება. მასილიანო ალეგრის გუნდს რამდენიმე ფეხბურთელი კი აკლია, მაგრამ ამის მიუხედავად წყვილის აშკარა ფავორიტია. "იუვემ" კარგად იცის, რომ უკვე ჩემპიონია და საკუთარი სიამოვნებისათვის თამაშობს.
ამ ტურში განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ორი რომაული გუნდის მატჩები. "რომასა" და "ლაციოს" ერთადერთი მიზანი ხომ ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრაა. შედარებით რთული გამოცდის ჩაბარება "რომას" მოუწევს, რომელიც გასვლაზე ითამაშებს სპალ-თან.
რაც შეეხება "ლაციოს", ბოლო წლებში რომაული გუნდი სულ უგებს "პარმას" და რაღაც განსაკუთრებული უნდა მოხდეს, სიმონე ინძაგის მიერ გაწვრთნილმა კრებულმა ახლა რომ წაიფორხილოს. ჩემპიონთა ლიგის საგზურებისათვის ბრძოლა მართლაც განსაკუთრებით დაძაბულია. თავისუფლად შეიძლება, ამ ბრძოლაში სხვა კლუბებიც ჩაერიონ. მაგალითად, "ტორინო", რომელსაც შემადგენლობის თვალსაზრისით ნამდვილად არაფერი დაეწუნება.
ფაქტები
- "სასუოლოსა" და "სამპდორიას" ბოლო 3 შეხვედრაში ორივეს არ გაუტანია.
- სპალ-მა ბოლო შეხვედრაში აჯობა "რომას".
- "ტორინოსა" და "ბოლონიას" ბოლო შეხვედრა ფრედ დასრულდა. ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა "იუვენტუსისა" და "ჯენოას" ბოლო მატჩში.
- "ატალანტამ" ბოლო 2 შეხვედრაში შეძლო "კიევოს" დამარცხება.
- "ემპოლისა" და "ფროზინონეს" უკანასკნელ 4 დაპირისპირებაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.
- "ლაციომ" მიჯრით 5 თამაში მოუგო "პარმას".
- "ნაპოლი" ბოლო 4 შემთხვევაში აღმოჩნდა "უდინეზეზე" ძლიერი.
- "მილანმა" დერბიში "ინტერს" ბოლოს 2016 წელს აჯობა.
სერია A. XXVIII ტური
პარასკევი, 15 მარტი
კალიარი-ფიორენტინა 23:30
შაბათი, 16 მარტი
სასუოლო-სამპდორია 18:00სპალ-რომა 21:00
ტორინო-ბოლონია 23:30
კვირა, 17 მარტი
ჯენოა-იუვენტუსი 15:30ატალანტა-კიევო 18:00
ემპოლი-ფროზინონე 18:00
ლაციო-პარმა 18:00
ნაპოლი-უდინეზე 21:00
მილანი-ინტერი 23:30
ბომბარდირები: 20 - კვალიარელა (სამპდორია); 19 - რონალდო (იუვენტუსი), პიონტეკი (ჯენოა/მილანი); 17 - დ. საპატა (ატალანტა); 14 - მილიკი (ნაპოლი); 13 - იმობილე (ლაციო).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"