სერია A. XXIX ტურის: ვინ მიუახლოვდება ლიგას?

AutoSharing Option
მოქმედი ჩემპიონითა და "სკუდეტოს" პრაქტიკული მფლობელით დავიწყოთ. "იუვენტუსი" მასპინძლობს "ემპოლის" და, ალბათ, მე-8 მატჩსაც მოუგებს ლევან მჭედლიძის გუნდს. მართალია, კრიშტიანო რონალდოს ტრავმა სერიოზული არაა, მაგრამ დიდი ალბათობით, მასიმილიანო ალეგრი მას ძირითად შემადგენლობაში არ დააყენებს.

მოგეხსენებათ, რონალდო პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობაში დაშავდა სერბეთთან შეხვედრაში. მართალია, ტრავმა სერიოზული არ არის, მაგრამ წინ "აიაქსთან" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალია და ალეგრი ნამდვილად არ გარისკავს სუპერვარსკვლავის ჯანმრთელობით. სერია A-ში კი რონალდოს გარეშეც შეინარჩუნებს "ნაპოლისთან" 15-ქულიან უპირატესობას.

ტურის მთავარი შეხვედრა "სან სიროზე" შედგება. დადგება დრო და ეს ლეგენდარული
სტადიონი აღარ იქნება. ასე რომ, ამ არენაზე გამართული რაც შეიძლება ბევრი მატჩი უნდა ვნახოთ, რომ მერე ნოსტალგიამ არ დაგვრიოს ხელი...

ეს იქით იყოს და, "ლაციო" ბოლო დროს კარგ ფორმაში შევიდა. გუნდს აქვს ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების შანსი, მაგრამ თუ ეს უნდა, ქულები არ უნდა დაკარგოს. ბოლო დროს "ინტერის" თამაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა, მაგრამ დერბიში "მილანის" დამარცხებამ ლუჩანო სპალეტის გუნდს ახალი ძალა უნდა აპოვნინოს.

ასევე დიდ ბრძოლას ველით "რომასა" და "ნაპოლის" შეხვედრაში. "ნაპოლის" ჯერ მაინც არ შეუძლია მოდუნება, რათა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენოს მეორე ადგილი. "რომას" კი ჰაერივით სჭორდება ქულები, რათა ლიგის სანუკვარ საგზურს უწიოს.

ძალიან საინტერესო უნდა გამოდგეს "სამპდორიასა" და "მილანის" შეხვედრა. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ფაბიო კვალიარელა - ვეტერან იტალიელ შემტევს მეორე სუნთქვა გაეხსნა და მინდვრიდან უგოლოდ აღარ გადის. აგერ, იტალიის ნაკრების დამრიგებელი რობერტო მანჩინი მას ენდო და ფაბიოც რეკორდსმენის რანგში დაუბრუნდა კლუბს. ცხადია, ამ შეხვედრაში თავისი გეგმები აქვს "მილანსაც". მოკლედ, დიდი ბრძოლის მოლოდინში ვართ.

ფაქტები
  • "კიევოსა" და "კალიარის" ბოლო 3 შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.
  • "ჯენოას" 8 მატჩია, "უდინეზე" არ დაუმარცხებია.
  • "იუვენტუსი" ზედიზედ 7 შეხვედრაა, ამარცხებს "ემპოლის".
  • "მილანმა" ზედიზედ 2 შეხვედრა მოუგო "სამპდორიას".
  • "პარმასა" და "ატალანტას" ბოლო 4 ურთიერთშეხვედრაში არ გაუტანიათ.
  • "რომასა" და "ნაპოლის" ბოლო 2 შეხვედრაში ორივემ გაიტანა.
  • "ფროზინონემ" 3-დან 3 შეხვედრა მოუგო სპალ-ს.
  • "ბოლონიასა" და "სასუოლოს" შორის ბოლო 2 შეხვედრაში ორივემ გაიტანა.
  • "ინტერმა" ბოლო ორ შეხვედრაში აჯობა "ლაციოს".

სერია A. XXIX ტური
პარასკევი, 29 მარტი
კიევო-კალიარი 23:30

შაბათი, 30 მარტი
უდინეზე-ჯენოა 18:00
იუვენტუსი-ემპოლი 21:00
სამპდორია-მილანი 22:30

კვირა, 31 მარტი
პარმა-ატალანტა 14:30
რომა-ნაპოლი 17:00
ფიორენტინა-ტორინო 17:00
ფროზინონე-სპალ 17:00
ბოლონია-სასუოლო 20:00
ინტერი-ლაციო 22:30

ბომბარდირები: 21 - კვალიარელა (სამპდორია); 19 - რონალდო (იუვენტუსი), პიონტეკი (ჯენოა/მილანი); 17 - დ. საპატა (ატალანტა); 15 - მილიკი (ნაპოლი); 13 - იმობილე (ლაციო), კაპუტო (ემპოლი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული