ილიჩიჩზე წერდნენ, ცოლმა უღალატაო; არადა, დეპრესიის მიზეზი უფრო ღრმა და მტკივნეულია

AutoSharing Option
ბერგამოს "ატალანტას" ლიდერმა იოსიპ ილიჩიჩმა სეზონის ბოლო მონაკვეთი გამოტოვა, რისი მიზეზიც ღრმა დეპრესია გახლდათ. დეპრესია კი არა საჯაროდ თქმულმა ცოლის ღალატმა, არამედ ბავშვობიდან გონებაში დალექილმა ტრაგედიამ და ტკივილმა გამოიწვია.

მირზა გელოვანის ლექსის ბოლო ორი ტაეპი რომ გავიხსენოთ - "მე მაქვს უბავშვო ბიოგრაფია და ერთადერთი ამით ვარ ქვეყნად", სწორედ ილიჩიჩზე ითქმის. ის ბოსნიაში, ქალაქ პრიედორში დაიბადა. გასული საუკუნის 90-იან წლებში იუგოსლავია დაიშალა, სერბეთმა ბოსნიის წინააღმდეგ ომი დაიწყო და პრიედორიც ცეცხლის ალში გაეხვა.

ილიჩიჩის ოჯახი შიშში ცხოვრობდა - პრიედორში დღედაღამ სროლის ხმა
ისმოდა, დილით კი დახოცილები სატვირთო მანქანებით გადაჰყავდათ. იოსიპი 7 თვის იყო, როცა ერთ-ერთ ასეთ მანქანაში მამამისის სხეული მოხვდა - ის სახლთან ახლოს სერბებმა მოკლეს. ქმრის გარდაცვალებიდან მალე დედა ანამ იოსიპი და მისი ძმა იგორი უსაფრთხო სლოვენიაში გადაიყვანა.

წესით, იოსიპს ომი საერთოდ არ უნდა ახსოვდეს, თუმცა რეალობა სხვა არის. ფეხბურთელს ომის მოგონებები დიდი ხნის განმავლობაში ტანჯავდნენ.

"ის ძალიან პატარა იყო. იმედი მქონდა, არაფერი დაამახსოვრდებოდა, მაგრამ კოშმარებს ომის შესახებ ხშირად ხედავდა. მამას ვერ იხსენებდა, თუმცა სულ მეკითხებოდა მასზე და დარდობდა. ხშირად უმიზეზოდ იწყებდა ტირილს. ჩვენ სლოვენიაში ლტოლვილები ვიყავით, ამიტომ ფსიქოლოგზე ფიქრიც არ შეგვეძლო. არადა, ახლა ვხვდები, რომ ბავშვობასა და მოზრდილობაში ჩემს შვილს ბევრი პრობლემა ჰქონდა", - გაიხსენა ერთ-ერთ ინტერვიუში იოსიპის დედამ, ანამ.

სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ სერია A-ს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ცხოვრებას ტრაგიკულად უყურებდა. 21 წლის ასაკში კი მის ცხოვრებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ მოხდა, როცა "ინტერბლოკში" გატარებული რამდენიმე სეზონის შემდეგ უკლუბოდ დარჩა. იოსიპმა ხელი ჩაიქნია და ფეხბურთიდან წასვლაზე სერიოზულად ფიქრობდა.

"ეს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი იყო. ჩემით მოლდოვიდან ინტერესდებოდნენ, თუმცა აგენტმა მომატყუა და კლუბის გარეშე დავრჩი. მტვირთავად მუშაობაზე ვფიქრობდი, რადგან ხშირად დღეებს მშიერი ვატარებდი", - გაიხსენა იოსიპმა.

ილიჩიჩი რთული სიტუაციიდან გამოძვრა, "მარიბორმა" გაიფორმა, შემდეგ კი "პალერმოში" აღმოჩნდა. წესით, სიცოცხლე წყნარ კალაპოტში უნდა ჩამჯდარიყო, პარტნიორები კავანი და პასტორე ჰყავდა, ლეგენდარული ფაბრიციო მიკოლი, 3 წელში "ფიორენტინაში" უხმეს, თუმცა მისი მელანქოლია არ გამქრალა...

იოსიპის ცოლი თინა იხსენებდა, რომ ქმარს ხშირად ჰქონდა ისტერიკული შეტევა, დღე-ღამეების განმავლობაში არ ჭამდა და სვამდა, შვილებსა და მეუღლეს ვერც ამჩნევდა, სულ თვითმკვლელობაზე ლაპარაკობდა...

La Gazzetta dello Sport-ს ილიჩიჩის ერთ-ერთმა თანაგუნდელმა ანონიმურად უთხრა, რომ "იოსიპი დიდ ხეს ჰგავს, რომლის მოჭრაც ძალიან ადვილია".

ცნობილმა ფსიქოთერაპევტმა პიერო მარანჯელომ სლოვენიის ნაკრების ნახევარმცველს ბიპოლარული აშლილობა დაუდგინა. "ეს არის გუნება-განწყობილების აშლილობა, რომელიც დეპრესიისა და მანიის პერიოდების მონაცვლეობით ხასიათდება. ბიპოლარული აშლილობის ძირითადი განმსაზღვრელი კლინიკური მახასიათებელი კლინიკური დეპრესიისა და მანიაკალური ეპიზოდების მონაცვლეობაა, როდესაც ადამიანი აღმაფრენისა და აღტაცების მწვერვალებიდან უკიდურეს სასოწარკვეთილებაში ეშვება (წყარო: css.ge)."

ექიმმა იოსიპს სხვადასხვა სახის წამალი გამოუწერა, თუმცა მედიკამენტებს ბიპოლარული აშლილობის სრულად განკურნება არ შეუძლია, რადგან ერთმა სამწუხარო ფაქტმა, შესაძლოა, ყველაფერი გააფუჭოს. ილიჩიჩს ასეთ მოვლენად დავიდე ასტორის სიკვდილი მოევლინა.

მიუხედავად იმისა, რომ იოსიპი უკვე "ატალანტას" ფეხბურთელი იყო, ასტორისთან კონტაქტი არასდროს გაუწყვეტია.

"დავიდეს სიკვდილის შემდეგ რამდენიმე დღე არ მიძინია. სულ იმაზე ვფიქრობდი, რაც მას დაემართა", - გაიხსენა ილიჩიჩმა.

2018 წლის ივლისში კი უბედურება თავს თავად მას დაატყდა. მსოფლიო თასის მიმდინარეობისას ბოსნიელი სახლში, ბერგამოში იმყოფებოდა, როცა კისერში ტკივილი იგრძნო. მას ბაქტერიული ინფექცია დაუდგინეს, რომელიც მალე გაურთულდა და სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, წინააღმდეგ შემთხვევაში სიკვდილი ემუქრებოდა.

იოსიპს ცოლი და თანაგუნდელები ყოველდღე თავს ეხვივნენ. მისი ფიზიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა ფსიქოლოგიური - არა.

"დაძინების მეშინოდა. ასტორის სიკვდილის დავიწყებას ვერ ვახერხებდი, ვფიქრობდი, მეც რომ ვერ გავიღვიძო? თავში მხოლოდ ერთი რამ მიტრიალებდა, რომ უნდა გადავრჩენილიყავი, რათა ოჯახთან და შვილებთან ერთად დარჩენა შემძლებოდა. იყო დრო, როცა უკვე ნორმალური ადამიანივით დავდიოდი და დავრბოდი, თუმცა ფეხბურთში დაბრუნებაზე არც კი ვფიქრობდი", - თქვა "ატალანტას" ლიდერმა.

აღსანიშნავია, რომ იოსიპი ყველა სირთულეს მეუღლე თინასთან ერთად უმკლავდებოდა. წყვილმა ერთმანეთი სლოვენიაში გაიცნო, ერთსა და იმავე დარბაზში ვარჯიშობდნენ, იოსიპი "ინტერბლოკში" თამაშობდა, თინა 400 და 800 მეტრზე რბენაში იღებდა მონაწილეობას. გაცნობიდან 4 თვეში დაქორწინდნენ და თინა მეუღლეს ყველა სირთულეში გვერდით ედგა. 2016 წელს პირველი გოგონა შეეძინათ, 1 წელში კი - მეორე. გოლის აღნიშვნისას იოსიპი თინასთვის მიძღვნის სიმბოლოს გამოხატავს.

"იოსიპს არცერთ დაავადებას არ დავუთმობ. ჩვენ ერთად ვიბრძოდით ყველგან და ყოველთვის გავიმარჯვებთ. ის იდეალური ქმარი და მამაა, მას არასდროს მივატოვებ", - ამბობდა თინა.

თითქოს ყველაფერი გამოსწორდა, "ატალანტა" ბრწყინვალედ ათამაშდა, ილიჩიჩი გუნდის ლიდერი იყო. კლუბში ბოსნიელს ბებია შეარქვეს, რადგან ყველაზე ზრუნავდა.

"იოსიპი ყველასა და ყველაფერზე დარდობს. ის ბუნებით ასეთი ადამიანია. ჩვენ მის გვერდით ვიქნებით და მუდმივად ვეცდებით მის დახმარებას", - განაცხადა "ატალანტას" კაპიტანმა პაპუ გომესმა.

გუნდელების დახმარებამ და გასპერინის ნდობამ ილიჩიჩი უმაღლესი დონის ფეხბურთელად აქცია და თავს ამ დროს დაატყდა კორონავირუსის პანდემია. 120-ათასიანი ბერგამო ვირუსის მსოფლიო ეპიცენტრი გახდა, გაზეთები ნეკროლოგებს ნეკროლოგებზე წერდნენ, კრემატორიუმში ახალი სხეულები არ ილეოდა...

Corriere della Sera-თან საუბარში ილიჩიჩის ყოფილმა თარჯიმანმა და დამხმარე ანტონიო სივკმა აღნიშნა:

"დროდადრო ვურეკავდი და მისი მდგომარეობის შესახებ ვეკითხებოდი. თუმცა იოსიპი აღარ მპასუხობს. მითხრა, რომ პანდემიის ეშინია და შვილებზე დარდობს. მას სურს საუკეთესო მამა იყო, რადგან თავად ილიჩიჩს მშობელი საერთოდ არ ახსოვს. ბერგამოში კი პანდემია მძვინვარებს: სირენების ხმა, დაღუპულები სატვირთო მანქანებით გადაჰყავთ. ეს კი იოსიპს ბავშვობასა და ომს ახსენებს. შიშმა ფეხები მოწყვიტა, არაა დარწმუნებული, რომ ფეხბურთის თამაშს ოდესმე შეძლებს."

La Repubblica-ს ჟურნალისტი ფრანკო ვანი კიდევ უფრო დეტალურად აღწერდა მის მდგომარეობას:

"ილიჩიჩს თვითიზოლაციის დროს რაღაც უცნაური რამ დაემართა. მას საბაზისო, მარტივი მოქმედებების გაკეთებაც კი არ შეეძლო. კონტაქტში არავისთან შედის. მხოლოდ ექიმებს შეუძლიათ იმის თქმა, ეს დეპრესიაა თუ სხვა რამ."

ეს მდგომარეობა სწორედ ღრმა დეპრესიის მაჩვენებელია. Il Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ილიჩიჩმა წონაში 5 კილოგრამით დაიკლო.

იტალიურ პრესაში დაიწერა, რომ "იუვენტუსთან" (2:2) გამართული მატჩის შემდეგ გასპერინიმ ილიჩიჩი სლოვენიაში გაუშვა, სადაც სახლში მისულს ცოლი მისსავე ლოგინში მონტენეგროელ ფრენბურთელთან ერთად დახვდა. ზოგი იმასაც წერდა, რომ ილიჩიჩმა ცოლის ღალატის სცენა იტალიიდან დაინახა, კამერით, რომლის გამორთვაც მეუღლეს დაავიწყდა.

თინას "ინსტაგრამგვერდზე" უამრავი შეურაცხმყოფელი კომენტარი დაიწერა, მან კი მხოლოდ ერთი რამ განაცხადა: "მე მოღალატე არ ვარ!" აგვისტოს დასაწყისში ილიჩიჩმა "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე ცოლთან ერთად გადაღებული ფოტო დადო, რაც ღალატის ვერსიას გარკვეულწილად უარყოფდა. Corriere dello Sport-მა კი პირდაპირ დაწერა, რომ ეს ამბავი გამოგონილი იყო.

დეპრესია საშინელი დაავადებაა, რომელსაც ფატალური შედეგების გამოწვევა შეუძლია. 2009 წელს სწორედ დეპრესიის გამო მოიკლა თავი გერმანიის ნაკრების მეკარე რობერტ ენკემ, რომელიც ბრემენიდან ჰამბურგში მიმავალ მატარებელს ჩაუწვა ბორბლებში.

ილიჩიჩს ენკეზე მეტად გაუმართლა. La Gazzetta dello Sport-მა დაწერა, რომ იოსიპი უკეთ არის და "ატალანტას" სეზონისწინა ეტაპზე შეურთდება. სლოვენიის ნაკრების შემტევმა უკვე დაიწყო ვარჯიში და საუკეთესო ფორმაში შესვლას ცდილობს.

"ატალანტას" ბაზასთან ფანებმა გამოაკრეს ბანერი, რომელზეც წერია: "იოსიპ, არ დანებდე, ბერგამო შენ გვერდითაა! (Mola mia Josip. Bergamo è con te)"

მიუხედავად ყველაფრისა, ფსიქოლოგიის მეცნიერებაში გაურკვეველ გულშემატკივრებს უკვირთ: როგორ ვერ შეძლო ილიჩიჩმა კარიერის უმნიშვნელოვანეს მატჩში, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში ერთი თამაშის მაინც ჩატარება? როგორ ვერ მოახერხა გასპერინიმ მისი მოტივირება?

რეალობა კი ის გახლავთ, რომ დეპრესია არა მხოლოდ ფსიქოლოგიური, არამედ ბიოლოგიური პრობლემაა. ამ დაავადების დროს ორგანიზმი იმდენ სტრესულ ჰორმონს გამოჰყოფს, რომ მასთან გამკლავება სიტყვებს არ შეუძლია. სხეულის სტრესული პასუხი დაუძლეველია, მისგან გათავისუფლებას დრო სჭირდება და როგორც ჩანს, "ატალანტას" ექიმებმა და მწვრთნელმა ეს ვერ მოასწრეს...

მომზადებულია sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 9 /
ერთი საერთო კითხვა სერბების გამპრავებლებს:
აი საიდან იცით რითი დგინდება რო მთელი ბალკანეთი მაგათია? ან ეგ რა ლოგიკაა რო რადგან მართლმადიდებლები არიან ყველაფერი მაგათია, აქაური მღვდლები ეგრე გასწავლიან ხოლმე?
სერბეთი არის რუსეთი 2, ჩვეულებრივი რუსეთი, ოღონდ კიდევ კარგი მასშტაბებით ბევრად უფრო პატარა, უსაზიზღრესი ხალხი.
რაც შეეხება ალბანელებთან კონფლიქტს ილირიელები მანდ ცხოვრობდნენ გაცილებით უფრო ადრე, ვიდრე სლავი ვანიები გადასახლდებოდნენ, თუ ისტორიული კუთხით ვაფასებთ ვის რა ეკუთვნის მანდ
xcom
12:22 29-08-2020
0
ხორვატები და ბოსნიელები სერბები არიანო ალბათ გადაჭარბებული ნათქვამია, მაგრამ ზოგადად ერთ ენაზე მოსაუბრე ხალხია, რომლებიც ეთნიკურად რელიგიაზე დაყრდნობით იყოფიან, ასეთი ისტორიული წესრიგი აქვთ. კათოლიკეები და მართლმადიდებლები შედარებით ადრე გაიყვნენ და მეოცე საუკუნის დასაწყისში უკვე გარკვეული ჰქონდათ ხორვატებს და სერბებს, რომ სხვადასხვა ერებად მიიჩნევდნენ თავს, აი მუსლიმებს კი ცალკე ერად არცერთი მიიჩნევდა, მაგრამ მათი სრული უგულვებელყოფაც შეუძლებელი იყო და ერთიანი იუგოსლავიის ჩამოყალიბების შემდეგ, შეიქმნა ერთგვარი ბუფერული რესპუბლიკა ბოსნიის სახით, რომელიც მუსლიმების გარდა ხორვატებით და სერბებით დასახლებული მიწებით შეავსეს, თავად სერბების და ხორვატების თანხმობით, რათა ბოხნიაში მუსლიმების პროცენტული წილი არ ყოფილიყო 50 ზე მაღალი. ამ პერიოდში ტერმინი ბოსნიელი ნიშნავდა ნებისმიერ ბოსნიის მოქალაქეს და არ იყო ეს ტერმინი მხოლოდ მუსლიმების, ეთნიკურ აღწერაშიც კი ბოსნიელი ეროვნებად არ იწერებოდა, ბოსნიაში მცხოვრებ ხორვატებს ეწერათ ხორვატი, სერბებს სერბი, ხოლო მუსლიმებს მუსლიმი და არა ბოსნიელი, თუმცა მიუხედავად ოფიციალური ნაწილისა ნელნელა ბოსნიელებად არაოფიციალურად მუსლიმების მოხსენიება დაიწყეს და ფაქტი გახდა, რომ ეს ტერმინი მალე ახლადჩამოყალიბებული მუსლიმი იუგოსლავიელების სახელი ხდებოდა. გავიდა წლები იუგოსლავია დაიშალა და სხვა რესპუბლიკების მსგავსად ბოსნიამაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა, მაგრამ აქ იყო განსხვავებული სიტუაცია სხვა რესპუბლიკებისგან ბოსნიის შემადგენლობაში შედიოდა უამრავი სერბული და ხორვატული დასახლება, რომელიც თავის დტოზე ეთნიკური ბალანსის დასაცავად მიაკუთვნეს ბოსნიას, ხორვატებმა და სერბებმა თავიანთი ხალხის "დასაცავად" ჯარი შეიყვანეს და სამმხრივი კონფლიქტიც დაიწყო. მოგვიანებით საერთაშორისო ორგანიზაციებმა ხორვატებთან შეძლეს მოლაპარაკება და გარკვეული დაპირებების ხარჯზე, ხორვატებმა მშვიდობიან მოლაპარაკებაზე და ბოსნიის ფედერაციის ტიპის მოწყობაზე თანხმობა განაცხადეს, სერბებმა კი რათქმაუნდა უარი თქვეს რადგან საერთაშორისო ორგანიზაციებს წარმოადგენდა სხვებთან ერთად ნატოც, რომელიც ამ დროს სერბების მოწინააღმდეგე ალბანელებს უჭერდა მხარს სერბეთის მეორე ფრონტზე კოსოვოში. სერბებმა ნატოს საპირწონედ რუსეთის ღია მხარდაჭერა გამოაცხადეს და დღემდე მათი უახლოესი პარტნიორები არიან. გარკვეული პერიოდის შემდეგ სერბებმა საკუთარი რესპუბლიკა ჩამოაყალიბეს ბოსნიის ტერიტორიაზე და მხოლოდ 2000იანი წლევის დასაწყისში შეუერთდნენ ბოსნიის ფედერაციას, მაგრამ მთელი რიგი პირობებით, ამ პირობებს შორისაა, ის რომ სერბულ ნაწილში განათლების ნაწილს სერბეთი განკარგავს, ფულად მიმოქცევაშია სერბული ვალიუტა და ბოსნიელი სერბები სავალდებულო სამხედრო სამსახურს სერბეთში გადიან, მოკლედ ფაქტიურად ფოფმალურად არიან ბოსნიის შემადგენლობაში, თუმცა რაც მთავარია ქვეყანაში მშვიდობამ დაისადგურა.
სულ2
02:59 29-08-2020
0

სიახლეები პოპულარული