"კალიარისთან" სერია A-ს 27-ე ტურის მატჩში (3:1) "იუვენტუსის" თავდამსხმელმა რონალდომ ჰეთ-თრიკი შეასრულა, მე-14 წუთზე კი მეტოქე გუნდის მეკარე ალესიო კრანიო მასთან ბურთზე ბრძოლისას დაშავდა და სისხლი წამოუვიდა. მსაჯმა ჯანპაოლო კალვარეზემ კრიშტიანოს ყვითელი ბარათი უჩვენა. სარდინიული კლუბის პრეზიდენტი ტომაზო ჯულინი კი თვლის, რომ პორტუგალიელი გასაძევებელი იყო.
"ყველაზე მეტად იმით ვარ იმედგაცრუებული, რომ რონალდო არ გააძევეს. ამ ინციდენტს თამაშის შეცვლა შეეძლო. ეს სახიფათო თამაშია და ჩვენი მეკარის უსაფრთხოება არ გახლდათ დაცული. წესების მსგავსი დარღვევისათვის ფეხბურთელი წითელ ბარათს იმსახურებს. ასე წერია ფეხბურთის წესებში",
- განუცხადა ჯულინიმ Football Italia-ს.