"შახტარმა", რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების მცველი დავით ხოჭოლავა იცავს, ეს სეზონი ჩააგდო და მწვრთნელს, ლუიშ კაშტრუს დაემშვიდობება.
დონბასური კლუბის ხელმძღვანელობა პორტუგალიელის შემცვლელს იტალიაში ეძებს: ჯერ საუბარი დროებით უმუშევარ მასიმილიანო ალეგრიზე იყო, მაგრამ ეს ვარიანტი, როგორც ჩანს, გამოირიცხა, ვინაიდან სავარაუდოდ, "იუვენტუსში" დაბრუნდება. შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "შახტარი" "სასუოლოს" თავკაცს, რობერტო დე ძერბის დაუკავშირდა, ორწლიანი კონტრაქტი და სეზონურ გასამრჯელოდ 4 მილიონი ევრო შესთავაზა. ახლა კი Campania Sport-ი იტყობინება, რომ "მეშახტეები" "ნაპოლის" მწვრთნელს, ჯენარო გატუზოს ეპატიჟებიან.
"ნაპოლი" სერია A-ში მეხუთე ადგილზეა და ჩემპიონთა
ლიგაზე გასვლის შანსი აქვს, მაგრამ სეზონის დასრულებისთანავე გატუზო გუნდს დატოვებს. მისი სამსახურით აგრეთვე "ფიორენტინა" და "ტოტენჰემი" არიან დაინტერესებულნი.