გუშინ, 20 ნოემბერს, იტალიის სერია A-ს მე-13 ტურის 3 შეხვედრა გაიმართა. სანამ მიმოხილვას დავიწყებთ უნდა აღვნიშნოთ, რომ ჯამში გუნდებმა მეტოქის კარის აღება 16-ჯერ მოახერხეს.
ცენტრალური მატჩი ფლორენციაში, ადგილობრივ "ფიორენტინასა" და "მილანს" შორის გაიმართა. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით 4:3 დასრულდა.
"იებმა" პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს, გოლები ალფრედ დანკანმა (15) და რიკარდო საპონარამ (45+1) გაიტანეს.
მეორე ნახევარში გულშემატკივარმა 5 გოლი იხილა, მე-60 წუთზე დუსან ვლაჰოვიჩმა ანგარიში გამანადგურებელი (3:0) გახადა.
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა სხვაობა 62-ე და 67-ე წუთზე შეამცირა. "მილანი" მეტოქეს მაგრად აწვებოდა, თუმცა ვლაჰოვიჩის
შეჩერება ვერადავერ მოახერხეს, სერბმა ფორვარდმა 85-ე წუთზე ლომბარდიელების კარი მეორედ აიღო.
საბოლოო ანგარიში კი ლორენცო ვენუტის ავტოგოლის (90+6) შემდეგ დაფიქსირდა.
ამრიგად, "მილანმა" სერია A-ს მიმდინარე სეზონში პირველი შეხვედრა წააგო, 32 ქულით მე-2 ადგილზე დარჩა, მომდევნო მატჩს კი 28 ნოემბერს, "სასუოლოს" წინააღმდეგ ჩაატარებს.
"ფიორენტინა" 21 ქულით მე-7 პოზიციას იკავებს, შემდეგ შეხვედრას კი 27 ნოემბერს, "ემპოლისთან" გამართავს.
"იუვენტუსი" "ლაციოს" ესტუმრა და 2:0 დაამარცხა.
სტუმრების რიგებიდან ლეონარდო ბონუჩიმ დუბლის შესრულება პენალტებით მოახერხა, "ბიანკონერის" მცველმა თავი 23-ე და 83-ე წუთებზე გამოიჩინა.
ამრიგად, 13 ტურის შემდეგ ორივე გუნდს თანაბარი, 21-21 ქულა აქვს და მე-5 მე-6 ადგილს ინაწილებენ.
"ბებერი ქალბატონი" მომდევნო შეხვედრას 27 ნოემბერს, "ატალანტას" წინააღმდეგ ჩაატარებს, "ლაციო" 28 ნოემბერს, ნეაპოლელებს ესტუმრება.
ბერგამოს "ატალანტამ" "სპეციას" უმასპინძლა და 5:2 დაამარცხა.
პირველი ნახევარი 3:1 დასრულდა, ანგარიში სტუმართა ფორვარდმა, მბალა ნზოლამ მე-11 წუთზე გახსნა, საპასუხოდ მარიო პაშალიჩმა (18, 41) და დუვან ზაპატა (38) "სპეციას" კარი აიღეს და შესვენებაზე კომფორტული უპირატესობით გავიდნენ.
მეორე ნახევარში ლუის მურიელმა (83) და რუსლან მალინოვსკიმ (89) სხვაობა გამანადგურებელი გახადეს, საბოლოო ანგარიში კი იმავე მბალა ნზოლამ 90+1 წუთზე დააფიქსირა.
ბერგამოელები 13 ტურის შემდეგ 25 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფებიან, მომდევნო შეხვედრას 27 ნოემბერს, "იუვენტუსის" წინააღმდეგ ჩაატარებენ.
"სპეცია" 11 ქულით მე-16 ადგილს იკავებს, შემდეგ ტურში (28 ნოემბერს) "ბოლონიას" უმასპინძლებს.