"ხავის ადგილას, კონტრაქტს დღესვე გავწყვეტდი" - "ნაპოლის" გულშემატკივრის საინტერესო საუბარი

AutoSharing Option
საქართველოში იტალიურ ფეხბურთს საკმაოდ ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. მათ შორის "ნაპოლის" ქომაგებიც არიან. შალვა ჭიკაიძე Napoli Georgia-ს ხელმძღვანელობს. ეს გვერდი სოციალურ ქსელში საკმაოდ პოპულარულია. შაკო საინტერესო რესპონდენტია - sportall.ge კი, ძირითადად, იტალიური ფეხბურთის ირგვლივ ესაუბრა.

- 90-იანი წლების სერია "ა" საუკეთესო ტურნირი იყო, რაც კი გვინახავს?
- ჩემი და "კალჩოს" ურთიერთობა 2000-იანებიდან იწყება - სამწუხაროდ, 90-იან წლებს ვერ მოვესწარი. ის, რაც ჩანაწერებში მინახავს, ჩემთვის საკმარისია იმის სათქმელად, რომ ამ პერიოდის იტალიის ჩემპიონატი საუკეთესოთა შორის საუკეთესოა.

2005 წლამდე სერია "ა"-ს მაინც ჰქონდა
90-იანების ხიბლი გამოყოლილი და მოხარული ვარ, რომ ამ მატჩებს თვალს ვადევნებდი.

- რატომ "უყვარს" და ეხერხება "იუვენტუსს" ჩემპი
ნთა ლიგის ფინალებში წაგება?

- მე, როგორც "ნაპოლის" ქომაგს, "იუვენტუსთან" არცთუ ისე კარგი დამოკიდებულება მაქვს. ფინალში საერთოდ როგორ გადის ეს გუნდი, ჩემთვის ესეც რთულად ასახსნელია. გადამწყვეტ მატჩებში ამდენ მარცხთან უიღბლობა არაფერ შუაშია, ეს უბრალოდ მათი მაქსიმუმია.

- მარადონა ნეაპოლში არგენტინელებზე მეტად უყვარდათ?
- მარადონა ნეაპოლელებისთვის ღმერთია, რომელმაც კლუბი იმ მწვერვალებზე აიყვანა, რომელიც არც მანამდე და არც მას შემდეგ მას არ ღირსებია. კარგად გვახსოვს, "სან პაოლოზე" შეკრებილი პუბლიკა მხარს მარადონასა და არგენტინის ნაკრებს უჭერდა. ეს იმ სიყვარულს ასახავს, რომელიც კლუბს და ფეხბურთელს შორის იყო. თუმცა არ ვფიქრობ, რომ ეს სწორი საქციელი იყო.

- რა მისცა იტალიის ჩემპიონატს კრიშტიანო რონალდოს ტრანსფერმა?

- კრიშტიანოს ტრანსფერმა "კალჩოს" მისცა ის, რომ საშუალო და მათზე ოდნავ მაღალი დონის მოთამაშეებმა იტალიას მიაშურეს. გაძლიერდა "ინტერი" და "მილანი" - მრისხანე "იუვენტუსის" წინააღმდეგ თავის გამოჩენა ყველას სურდა. რთულია, არ მოგწონდეს იქ თამაში, სადაც მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე გამოდის.

- მარადონას ფასი მაშინ სულ რაღაც 5 მილიონი იყო. ვინ ღირს დღეს ამდენი სერია "ა"-ში?

- მთლიანად "იუვენტუსი".

- კახა კალაძის ფაქტორი რამდენად დიდია იმაში, რომ საქართველოში სერია "ა" და "მილანი" უყვართ, "ინტერს" კი ცოტა გულშემატკივარი ჰყავს?

- "კალჩოს" სიყვარულში მთლად კახა კალაძის წვლილის გამოკვეთა ცოტა უხერხულია, იმიტომ, რომ იმდროინდელ სერია "ა"-ს უამრავი ვარსკვლავი ამშვენებდა და რომ არა ჩვენი თანამემამულე, მაინც ბევრ ადამიანს ეყვარებოდა, თუმცა წვლილი იმაში, რომ "მილანი" უფრო უყვართ, ვიდრე "ინტერი", კალაძეს ნამდვილად დიდი აქვს.

- გიორგი შაშიაშვილის გოლი ტიფოზებს დღესაც ახსოვთ?

- დიახ, თუმცა მახსოვს, როგორც საქართველოს ნაკრების ქომაგს და არა იტალიური ფეხბურთის ტიფოზს. ჩემთვის სამშობლო ყოველთვის ყველაფერზე მაღლა დგას.

- იტალიის ნაკრებს საქართველოსთან საკმაოდ უჭირს - ერთხელ ფრეც გავახერხეთ. რას უკავშირებთ?
- ალბათ, ჩვენ მიმართ გარკვეული პატივისცემა აქვთ.

- ტოლდო ბუფონთან ჭიდილში სამართლდ დაიჩაგრა?
- როდესაც ვსაუბრობთ ბუფონზე, იქ უსამართლობა არ უნდა ვახსენოთ - ჯიჯი ჩემთვის ყველა დროის საუკეთესო მეკარეა და არ არსებობს ვინმე, თუნდაც ეს ტოლდო იყოს, რომელზეც ვიტყვით, რომ მასთან მიმართებით უსამართლოდ დაიჩაგრა. ფრანჩესკოს არ გაუმართლა, რომ თამაში ბუფონის ეპოქაში მოუწია - ეს არის და ეს.

- რომელია
თქვენთაობის ყველაზე დიდი იტალიელი ფეხბურთელი?
- ჩემი თაობის, ანუ 1995 წლიდან დღემდე, ალბათ, მაინც პაოლო მალდინი. მინდოდა ის ჩემი ინსპირაცია გამხდარიყო, მეც მარცხენა მცველად ვთამაშობდი, მაგრამ ვერაფრით დავემსგავსე.

- ვიცით, რომ საფეხბურთო ტურნირს ატარებთ. მასზე ცოტა მეტი რომ გვითხრათ...
- საფეხბურთო ტურნირების ჩატარება თავდაპირველად ფან-კლუბებს შორის დავიწყე და პირველად სულ 4 გუნდი იყო წარმოდგენილი. ბოლოს 16-გუნდიანი გახდა. ჩემი ბავშვობის მეგობარი გარდაიცვალა და გათამაშებაც მისი სახელობის გახდა. მას შემდეგ ვიკრიბებით ხოლმე ახლობლები, მეგობრები (ყველას შეუძლია მონაწილეობის მიღება) და წელიწადში 2-ჯერ "ბესოს თასს" ვატარებთ, რომელიც საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობს და თავს ბევრ ნიჭიერ ახალგაზრდას უყრის.

სამწუხაროდ, სათანადო ფინანსები არ გვაქვს. უახლოესი გათამაშება თებერვალში უნდა ჩავატაროთ და ისევ საინტერესო და დაძაბული ტურნირის მოლოდინში ვარ. იმედია, ერთხელ ჩემი გუნდიც გაიმარჯვებს.

- როგორც "ნაპოლის" გულშემატკივარს, როგორ მოგწონთ დღევანდელი გუნდი და რა შანსი აქვს თქვენთან "ბარსელონას"?
- ხავის ადგილას, კონტრაქტს დღესვე გავწყვეტდი - რა აზრი აქვს, ახლა წავა თუ თებერვალში?! დღევანდელი "ნაპოლი" ძალიან მომწონს, თუმცა ეს არის 2011-12 წლების ანალოგი, როცა მთელი სეზონი ერთი შემადგენლობით თამაში უწევდათ. როცა ყველა მოთამაშე ჯანმრთელად იყო, გუნდი საუცხოო ფეხბურთს გვთავაზობდა - დაიწყო ტრავმები და შესაბამისად, პრობლემებიც. რთულია სკუდეტოს მოგებაზე ფიქრი მაშინ, როცა სათადარიგოთა სკამზე სათანადო ფეხბურთელი არ გყავს.

- მარიო რუის მიმართ განსაკუთრებული "სიყვარული" როდიდან გაქვთ?
- მას შემდეგ, რაც "ნაპოლის" წევრი გახდა. საოცარი კაცია. ახლა ცოტათი ისწავლა თამაში. გუნდის ყველა თამაშს თვალს ვადევნებდი - მას არაფერი გამოსდიოდა. რაც "ენფილდზე", "ლივერპულთან" სალაჰის წინააღმდეგ მოხდა, მაგას დღემდე ვერ ვხსნი - ადამიანი ასე როგორ უნდა დავარდეს... ახლა ყველაფერი კარგადაა, ნაკლებად მანერვიულებს, თუმცა ის, რომ ჩემი გვერდი დღეს პოპულარულია, სწორედ მისი დამსახურებაა - მას შემდეგ, რაც "ნაპოლის" წევრი გახდა. 

- ახალი წელი მოახლოვდა, რა სურვილები გაქვთ?

- საახალწლო სურვილებს ჩემს გამომწერებთან ერთად რეალობად ვაქცევ და ეს მე ძალიან მახარებს - გაჭირვებულებს ვეხმარებით. მინდა, რომ იტალიაში საჩემპიონო ბრძოლა დაიძაბოს, ყველაფერი ბოლო ტურში გადაწყდეს, მას კი თვალს სტადიონიდან ვადევნებდე. კიდევ რა სურვილი მაქვს? - ჩემი შვილი "ბარსელონას" გულშემატკივარი არ იყოს.

altზლატანი რომის პაპს წაეტრაბახა

altიბრაჰიმოვიჩმა მესისა და რონალდოს შორის არჩევანი გააკეთა

alt"სამპდორიას" პრეზიდენტი თაღლითობისთვის დააპატიმრეს




მკითხველის კომენტარები / 3 /
და რა არის ნაპოლის მაქსიმუმი?ერთი საშუალო დონის იტალიური გუნდია,თავს წამოყოფს ხოლმე მაშინ,როცა ლიდერებს კრიზისი დაუდგებათ.არ მესმის შენაირი ხალხის,თავი ისე მოგაქვს თითქოს იტალიელი და თანაც ნეაპოლელი იყო.მათ აქვთ სიძულვილის მიზეზი,მაგრამ შენ რომელი სამხრეთ იტალიელი მყავხარ.მარადონა ნეაპოლში არ გახსოვს,როგორც ჩანს ინტერნეტით გაიცანი,გეთანხმები ლეგენდა იყო,არის და იქნება,მაგრამ გეყურა იუვეს თამაშებსაც ინტერნეტით.როგორ შეიძლება ფეხბურთის მოყვარულს იუვე გძულდეს,პირიქით უნდა გიხაროდეს მისი არსებობა,ისევე როგორც ბარსასი,რეალის,ბაიერნის,მილანის და ა.შ.ასე მგონია შენაირებისთვის ფეხბურთი სოც.ქსელებში აქტიურობის და ლანძღვის საბაბია,ეჯიბრებით ერთმანეთს ვითომ თქვენი რჩეული გუნდების და ფეხბურთელების ლანძღვით.თუ თქვენი გუნდი და ფეხბურთელი არ თამაშობს ფეხბურთიდან ესტეტირ სიამოვნებას ვერც კი აღიქვამთ,შვილსაც კი აუკრძალავ ბარსა სიყვარულს,ისე თითქოს მოსკოვის სპარტაკი იყოს,კაი რა
levan
08:41 17-12-2021
2
შალვა, კარგი რა :)))
ალექსა
14:01 15-12-2021
0

myquiz

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული