გუშინ, კოპა იტალიის 1/8-ფინალში, "ფიორენტინა" "ნაპოლის" ესტუმრა და 5:2 დაამარცხა.
პირველი ტაიმი ფრედ, 1:1 დასრულდა, დუსან ვლაჰოვიჩის (41) გოლს დრის მერტენსმა (44) უპასუხა. 45+2 წუთზე "იები" 10 კაცით დარჩა, ბართლომიე დრაგოვსკიმ (მეკარემ) ელიფ ელმასი საჯარიმოს გარეთ წააქცია და არბიტრისგან წითელი ბარათიც დაიმსახურა.
მეორე ნახევარში სტუმრები კრისტიანო ბირაღიმ (57) დააწინაურა. 84-ე და 90+3 წუთებზე ნეაპოლელების მხრიდან ირვინგ ლოზანო და ფაბიან რუიზი გააძევეს და ახლა უკვე მასპინძლები დარჩნენ უმცირესობაში. ყველაფრისდა მიუხედავად, 90+5 წუთზე ანგარიშის გათანაბრება მაინც მოახერხეს. თავი ანდრეა პეტანამ გამოიჩინა.
დამატებით დროში 9-კაციანი "ნაპოლის" წინააღმდეგ "ფიორენტინას" აღარ გასჭირვებია და დარჩენილ 30 წუთში 3 გოლიც გაუტანა. მეტოქის კარი ლორენცო ვენუტიმ (105+1), კრიშტოკ პიატეკიმ (108) და იუსუფ მალემ (119) აიღეს.
ამრიგად, "იები" იტალიის თასის მეოთხედფინალში გავიდა, სადაც "მილანს" შეხვდება. შეგახსენებთ, "როსონერიმ", თავის მხრივ, "ჯენოა" 3:1 დაამარცხა.