14 წლის ქუთაისელ ფიდეს ქალთა ოსტატ ანასტასია კირთაძეს (მწვრთნელი დიდოსტატი გიგა ყუფარაძე) წლეულს ოქროს მოსავალი აქვს. ჯერ კიდევ აპრილში ბერძნულ როდოსზე 7-17 წლის მოჭადრაკეთა მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატზე 15-წლამდელ გოგონებში ტურნირი დაუმარცხებლად განვლო - 6 ორთაბრძოლა მოიგო და სამ მეტოქეს დაუზავდა. საბოლოოდ 9 შესაძლებლობიდან 7.5 ქულა მოაგროვა და მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა. მსგავსი შედეგი ქართველ მოზარდებს გოგონებში ბოლოს 12 წლის განმავლობაში არ ჰქონიათ.
და აი, ახალი წარმატება - სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებულმა სწრაფ ჭადრაკშიც ყველას დაუმტკიცა, რომ თავის ასაკობრივ კატეგორიაში პლანეტაზე ტოლი არ
ჰყავს. აჭარის დედაქალაქში, სადაც 8 ინვისს 8-18 წლის გოგონათა და ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატი დამთავრდა რაპიდში, ანასტასიამ 14-წლამდელებში ვადამდე მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ოქროს მედალი.
კირთაძემ ამჯერადაც დაუმარცხებლად განვლო შეჯიბრება - რვა პარტია მოიგო, სამ მეტოქეს ყაიმზე შეუთანხმდა და თერთმეტი შესაძლებლობიდან 9.5 ქულას მოუყარა თავი. ქართველ მოჭადრაკეს თითო ქულით ჩამორჩნენ მეორე-მესამე ადგილებზე გასული ზარინა ნურგალიევა (ყაზახეთი) და ანა შუხმანი (რუსეთი).