"ვიცი, რომ ეს მწვრთნელი "ნაპოლიში" ბრუნდება" - იმობილეს "პარტენოპეის" ახალი სავარაუდო დამრიგებლის გამო თავს ესხმიან, პრეზიდენტმა კი უცნაური განცხადება გააკეთა

AutoSharing Option
"ლაციოს" 34 წლის ფორვარდ ჩირო იმობილეს კარგი პერიოდი ნამდვილად არ უდგას და კარიერაში ერთ-ერთი ცუდი სეზონი აქვს.

ვეტერანმა შემტევმა მიმდინარე სერია A-ში ჩატარებულ 25 შეხვედრაში 6 გოლი შეაგდო, თუმცა უკვე ყოფილი მწვრთნელი მაურისიო სარი მცირე სათამაშო დროს აძლევდა.

მოგეხსენებათ, რომაული გუნდის ყოფილმა დამრიგებელმა "უდინეზესთან" საშინაო მარცხის შემდეგ (1:2) საკუთარი ინიციატივით დაკავებული თანამდეობა დატოვა და მის ნაცვლად ხორვატი იგორ ტუდორი დანიშნეს. 

Corriere della Sera წერს, რომ სარის გათავისუფლების უკან სწორედ ჩირო დგას, რომელსაც ყოფილ მენეჯერთან არც თუ ისე კარგი ურთიერთობა ჰქონდა.

ეს ამბავი უკვე სპორტულ და ონლაინ სივრცესაც გასცდა, სადაც იტალიელ თავდამსხმელს შეურაცხყოფას აყენებენ. იმობილემ სოციალურ მედიაში განაცხადა, რომ მას მეუღლის თვალწინ ფიზიკურად და სიტყვიერად თავს დაესხნენ, როდესაც ისინი ოთხი წლის ქალიშვილის სკოლიდან გამოსაყვანად მიდიოდნენ. 

საინტერესოა, რომ კლუბის შემტევის დაცვა "ბიანკოჩელესტის" პრეზიდენტ კლაუდიო ლოტიტოს არ უფიქრია და მეტად უცნაური განცხადება გააკეთა:

"მსგავსი რამ ყოველდღიურად მემართება და სწორედ ამიტომ გადავაადგილდები 20 წელია დაცვასთან ერთად. ყოველდღიურად სიკვდილით მემუქრებიან როგორც მე, ასევე ჩემს ოჯახს.

რა არის აქ მთავარი ამბავი? - ვარ გუნდის პრეზიდენტი, მყავს 8000 თანამშრმელი და არ ვახდნენ აურზარს. მხოლოდ ამას ვიტყვი. წერტილი", - თქვა ლოტიტომ იტალიურ მედიასთან საუბარში. 

პრეზიდენტისგან განსხვავებით, ჩიროს თანამდგომა აღუთქვა და სოლიდარობა გამოუცხადა "ლაციოს" სოციალური ქსელის გვერდმა, სადაც გავრცელებულ პოსტში ვკითხულობთ:

"მთელი "ლაციოს სრულ სოლიდარობას უცხადებს თავის კაპიტან ჩირო იმობილეს და მის ოჯახს ბოლო დღეებში განხორციელებული შემაშფოთებელი და მიუღებელი თავდასხმებისთვის.

სპორტი და, შესაბამისად, მისი ეთიკური ღირებულება უნდა დარჩეს ასეთი: სიტყვიერი ან ფიზიკური ძალადობის ნებისმიერი ქმედება უნდა მიიღოს ერთსულოვანი დაგმობა, მტკიცედ და დაუსაბუთებლად", - წერია განცხადებაში. 

ყველაფერი ამის შემდეგ, ჩვენი იტალიელი კოლეგები წერენ, რომ 34 წლის თავდამსხმელისთვის ეს "ოლიმპიკოზე" უკვე ბოლო სეზონია და ის რომიდან ზაფხულში აიბარგებს.

მარადიული ქალაქიდან უკვე აბარგებული სარი კი თუ ყოფილ იტალიელ ფეხბურთელ სებინო ნელას დავუჯერებთ, "ნაპოლიში" დაბრუნდება. აი, რა უთხარ მან რადიო Rai-ს:

"მაურისიო სარი ბრუნდება "ნაპოლიში", ეს იმ ადამიანმა მითხრა, რომელიც საფეხბურთო ამბებში ჩახედული და გარკვეულია. მას შესაძლოა, თან გაჰყვეს იგლი ტარე, რომელიც ახლა "ლაციოს" სპორტული დირექტორია", - ამბობს ნელა. 

შეგახსენებთ, რომ სარი "პარტენოპეის" 2015-18 წლებში ავარჯიშებდა და იტალიის ჩემპიონობის მოპოვებამდე მცირედი დააკლდა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
კონტემ რაო?
G.LA
21:05 13-07-2024
0
სარრი როგორ უნდა დაბრუნდეს ნაპოლიში ის დე ლაურენტისი ვერ იტანენ ერთმანეთს :)
რობი
15:06 17-03-2024
0

სიახლეები პოპულარული