გუშინ "ნაპოლისა" და "ფროზინონეს" ფრედ დასრულებულ მატჩს (2:2) ნეაპოლური გუნდის ყოფილი და იტალიის ნაკრების ამჟამინდელი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი დაესწრო.
რაც "ნაპოლი" დატოვა, სპალეტი პირველად მივიდა "დიეგო მარადონაზე" და გულთბილი შეხვედრაც მოუწყვეს: სტადიონის დიქტორმა გამოაცხადა, რომ ტრიბუნაზე განსაკუთრებული სტუმარი იმყოფებოდა, ის ტაბლოზე გამოაჩინეს, მაყურებლები ფეხზე წამოუდგნენ და ოვაციები გაუმართეს.
ლუჩანოს თვალზე ცრემლები მოადგა და შემდეგ იხილა, რა დღეში ჩააგდეს თავისი ყოფილი გუნდი - არასრულ სეზონში მესამე მწვრთნელის დანიშვნით და უაზრო ტრანსფერებით.
ნამატჩევს "სკუადრა აძურას" თავკაცი თავის საყვარელ რესტორან Cicciotto a Marechiaro-ში
წავიდა და იქაც ყურადღების ცენტრში მოექცა. მას ყველა ესალმებოდა, სურათის გადაღებას და ავტოგრაფებს სთხოვდა, თავად კი მშვენიერ ხასიათზე გახლდათ, ნეაპოლელებს სიყვარულში გამოუტყდა და რესტორნის მზარეულებს კერძები შეუქო.