მუნდიალი 2018. ევროპა. X ტური: გერმანიის ნაკრებმა ათივე მატჩი მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
8 ოქტომბერს, ევროპის ზონის 3 ჯგუფში მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ბოლო ტური გაიმართა.

C ჯგუფში კაიზერსლაუტერნში აზერბაიჯანმა ერთი ტაიმი კი გაუძლო გერმანიას, მაგრამ ნაანტრაქტევს ბუნდესგუნდმა 4 გოლი გაიტანა და 5:1 მოიგო. აღსანიშნავია, რომ იოახიმ ლიოვის შეგირდებმა საკვალიფიკაციო ეტაპის ათივე შეხვედრაში იმარჯვეს, მთლიანობაში კი შესარჩევ ტურნირზე მიჯრით მე-16 გამარჯვება მოიპოვეს და თავისივე მსოფლიოს რეკორდი გაიმეორეს. ამას გარდა, გერმანიამ ამ შესარჩევ ციკლში  43 გოლი გაიტანა და 2000 წელს ესპანელთა დამყარებული რეკორდი დაამხო. ზედიზედ მე-5 სანაკრებო მატჩში გაიტანა გოლი „ჰოფენჰაიმის“ 29 წლის თავდამსხმელმა
სანდრო ვაგნერმა
.

ჩრდილოეთ ირლანდიას პლეი - ოფში თამაში გარანტირებული ქონდა და ოსლოში ნორვეგიასთან 0:1 წააგო. ჩეხეთმა კი შინ სან მარინო გაანადგურა (5:0).

E ჯგუფში პოლონეთმა ვარშავაში მონტენეგროს 4:2 მოუგო და მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. ამ შეხვედრაში ერთი გოლი მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა და 16 გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. დანია სახლში რუმინეთს დაუზავდა (1:1) და პლეი - ოფში ითამაშებს. ყაზახეთი - სომხეთი 1:1 დასრულდა.

F ჯგუფში ვილნიუსში ინგლისმა, რომელსაც უკვე განაღდებული ქონდა პირველი ადგილი, ექსპერიმენტალური შემადგენლობით ლიტვას 1:0 სძლია. ეს ერთადერთი გოლი გარი კეინმა გაიტანა. მან „სამი ლომის“ უკანასკნელ 5 შეხვედრაში 5-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი, ნაკრებისა და კლუბის ბოლო 10 მატჩში კი 15 გოლი გაიტანა. ინგლისელთა მწვრთნელმა გარეთ საუთგეითმა განაცხადა, რომ უფრო დიდი ანგარიშით გამარჯვება უნდოდათ, მაგრამ 3 ახალი ფეხბურთელი გამოსცადა და მომავალ თვეში გაცილებით უფრო ძლიერ ბრაზილიისა და გერმანიის ნაკრებებს დაუპირისპირდებიან.

სლოვაკეთმა მალტას ტრნავაში 3:0 მოუგო (დუბლი ადამ ნემეცმა მიითვალა), სლოვენია - შოტლანდია 2:2 დასრულდა, სლოვაკეთმა და შოტლანდიამ 18-18 ქულა დააგროვეს და ბურთების უკეთესი სხვაობით მე-2 ადგილი სლოვაკებმა დაიკავეს.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული