მუნდიალი 2018. II დღის მატჩების წინ: პირველი სუპერმატჩი!

AutoSharing Option
და ჰა, მუნდიალის პირველი სუპერმატჩიც, რომელიც მეორე დღეს გაიმართება - ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი, მაგრამ სამწვრთნელო სკანდალში გახვეული ესპანეთი ევროპის ჩემპიონი პორტუგალიის წინააღმდეგ. კრიშტიანო რონალდოს ესპანეთში დღეს აღარც მადრიდელები უქომაგებენ...

ასეთი რამ მსოფლიოს არ ახსოვს - მუნდიალის დაწყებამდე 24 საათით ადრე ერთ-ერთი ფავორიტი ნაკრების მწვრთნელი მოხსნეს და ახალი დანიშნეს - ესპანეთის ნაკრებში დიდი არეულობაა, რომელსაც სათავე ზინედინ ზიდანმა დაუდო.

რატომ ზიდანმა? სწორედ მისმა გადადგომამ გააჩინა "რეალში" მწვრთნელის პოზიცია ვაკანტური.

რამდენიმე უარის შემდეგ ფლორენტინო პერესმა მაინც მოძებნა ახალი მწვრთნელი - ხულიენ ლოპეტეგი.
კაცს 2020 წლამდე ჰქონდა კონტრაქტი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციასთან და მათგან მალულად შეუთანხმდა "რეალს".

ლოპეტეგის, ალბათ, ეგონა, რომ როცა ყველას ფაქტის წინაშე დააყენებდა, მათ შეგუების გარდა სხვა გამოსავალი არ ექნებოდათ, მაგრამ მწარედ შეცდა. ის კინწისკვრით გააგდეს ნაკრებიდან და გუნდში ფერნანდო იერო დანიშნეს.

აი, ასე დაკარგა 51 წლის ბასკმა მუნდიალზე თავის გამოჩენის შესანიშნავი შანსი და ნაკრებიც გაურკვევლობაში დატოვა.

alt"რეალმა" ხულენ ლოპეტეგი მწვრთნელად წარადგინა


არადა, "ფურია როხას" გადამწყვეტი მატჩი აქვს დღეს, ევროპის ჩემპიონ პორტუგალიის წინააღმდეგ. რა შეიძლება მოასწროს იერომ ამ მოკლე დროში? ვერაფერი! კარგი იქნება, თუ ამ კრიზისამდე არსებულ სიტუაციას შეინარჩუნებს.

ესპანელებს გამოუჯანმრთელდათ ლიგის ფინალში დაშავებული კარვახალი, მაგრამ მისი თამაში საეჭვოა. საეჭვოა მუხლმტკივანი პიკეს თამაშიც. იერომ უნდა გადაწყვიტოს, ვის ენდობა ძირითადში - კოკეს თუ ტიაგო ალკანტარას.

ფერნანდო სანტუშს ჯერ არ გადაუწყვეტია, ვის შეუწყვილებს დაცვის ცენტრში პეპეს. ვარიანტი სამია, თუმცა, ალბათ, უფრო ბრუნო ალვეშს უნდა ველოდოთ სასტარტოში.

პორტუგალიის ნაკრები ზედიზედ მეხუთე მუნდიალზე თამაშობს. ესპანეთის ნაკრებს 1974 წლის მერე არ გამოუტოვებია მუნდიალები.

იბერიული დერბი 37-ედ გაიმართება. ესპანელების უპირატესობა აშკარაა - 17 მოგება, პორტუგალიელთა 6 გამარჯვების წინააღმდეგ.

altსერხიო რამოსი: პორტუგალიასთან თამაშის წინ ისეთ დღეში ვართ, თითქოს დამკრძალავ ბიუროში ვიმყოფებოდეთ


ფაქტები
  • მას მერე, რაც ევროპის ჩემპიონატი მოიგო, პორტუგალიის ნაკრებმა ძირითად დროში სულ 3 თამაში (25-დან) დათმო.
  • ევრო 2016-დან გავარდნის შემდეგ ესპანეთის ნაკრებს საერთოდ არ წაუგია - ზედიზედ 20 თამაშია.
  • პორტუგალიამ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბოლო 9 თამაში მოიგო.
  • ესპანეთმა ბოლო 8 საკვალიფიკაციო მატჩი მოიგო.
  • პორტუგალიამ ბოლო 6 საკვალიფიკაციოდან 5-ში კარი "მშრალად შეინახა".
  • მას მერე, რაც პორუტუგალიამ მუნდიალის საგზური მოიპოვა, გუნდმა 7 ამხანაგური თამაშიდან მხოლოდ 3 მოიგო.

პარასკევი. 15 ივნისი. სოჭი. ოლიმპიური
პორტუგალია-ესპანეთი 22:00
სავარაუდო შემადგენლობები
პორტუგალია (4-4-2): პატრისიო - სოარეში, პეპე, ბრუნო ალვეში, გერეირო - ბერნარდო სილვა, ვილი კარვალიო, ჟოაო მარიო, კვარეჟმა - რონალდო, ანდრე სილვა
ესპანეთი (4-3-3): დე ხეა - ოდრიოზოლა, პიკე, სერხიო რამოსი, ალბა - ტიაგო ალკანტარა, ბუსკეტსი, ინიესტა - ისკო, დიეგო კოშტა, დავიდ სილვა
საეჭვოა: პიკე (ესპანეთი), კარვახალი (ესპანეთი)
არბიტრი: ჯ. როკი (იტალია)

სალაჰი მზადაა, გარისკავს კუპერი?
მთავარი კითხვა ასე ჟღერს - ითამაშებს თუ ვერა მოჰამედ სალაჰი. თავიდან, როცა სერხიო რამოსთან ორთაბრძოლაში მას მხარი ამოუვარდა, ყველამ ჩამოწერა...

შემდეგ გაჩნდა იმედი, რომ ეგვიპტელთა ლიდერი მეორე მატჩისთვის (რუსეთთან) შეძლებდა გამოჯანმრთელებას. ახლა უკვე მისი თამაში არც სასტარტო მატჩშია გამორიცხული.

ბოლო ინფორმაციით კი, რომელიც გუშინ საღამოს გავრცელდა, სალაჰმა ტრავმა მოირჩინა და გარისკავს თუ არა ექტორ კუპერი, ეს სხვა საკითხია. თუ "ლივერპულის" ფეხბურთელი ურუგვაისთან მაინც არ იქნება, მას რამადან სობჰი შეცვლის.

ოსკარ ტაბარესმა უნდა გადაწყვიტოს მარცხენა ფლანგის საკითხი - გამოცდილი კასერესი თუ შესანიშნავად მოთამაშე გასტონ სილვა.

ეს გუნდები მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს. 2006 წლის ამხანაგურ მატჩში ურუგვაიმ მეტოქე 2:0 დაამარცხა.

ფაქტები
  • სალაჰმა 6 საკვალიფიკაციო მატჩში 5 გოლი გაიტანა.
  • 7 მატჩია, რაც ეგვიპტეს სტუმრად არ მოუგია (2 ფრე, 5 წაგება).
  • ურუგვაიმ ბოლო 9 მატჩში მხოლოდ ერთხელ წააგო.
  • ბოლო 7 მატჩში ურუგვაიმ 5-ჯერ შეინახა კარი "მშრალად".
  • 18 საკვალიფიკაციო მატჩში ედინსონ კავანიმ (ურუგვაი) 10 გოლი გაიტანა.

პარასკევი. 15 ივნისი. ეკატერინბურგი. ცენტრალური
ეგვიპტე-ურუგვაი 16:00
სავარაუდო შემადგენლობები
ეგვიპტე (4-2-3-1): ჰადარი - ფატჰი, ჰეგაზი, გაბრი, შაფი - ჰამედი, ელნენი - სალაჰი (ან სობჰი), საიდი, ტრეზეგე - მოჰსენი
ურუგვაი (4-3-1-2): მუსლერა - ვარელა, ხიმენესი, გოდინი, კასერესი - ბენტანკური, ვესინო, ნანდესი - დე არასკაეტა - კავანი, ლუის სუარესი
საეჭვო: სალაჰი
არბიტრი: ბ. კუიპერსი (ჰოლანდია)

* * *

მუსლიმანურ სამყაროში მაღრიბისა და მაშრიყის (დასავლეთისა და აღმოსავლეთის) ეს საფეხბურთო დაპირისპირება უთუოდ დიდ ინტერესს გამოიწვევს, რასაც ვერ ვიტყვით დანარჩენ მსოფლიოზე.

ჯგუფში, სადაც ისეთი ფავორიტები თამაშობენ, როგორიც ესპანეთი და პორტუგალიაა, მაროკოსა და ირანის თამაშს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან ქულების (თუნდაც ფრე) დაკარგვა სიკვდილის ტოლფასია. ასე რომ, შესაძლოა, ორივე ნაკრებმა უღალატოს მათთვის კომფორტულ დაცვით სტილს და გარისკოს.

მაროკო შესანიშნავ ფორმაშია. საკმარისია ითქვას, რომ ნიჭიერი ნახევარმცველებით დაკომპლექტებულ გუნდს 12 თვეზე მეტია (!), რაც არ წაუგია - 18 თამაშიდან 14 მოიგო და 4 ფრედ დაასრულა. მაროკოს შეტევაში საშიშია აიუბ ელ კააბი, ფეხბურთელი, რომელმაც ბოლო 10 მატჩში 11 გოლი გაიტანა.

ირანი პირველი გუნდია, რომელმაც მუნდიალის საგზური მოიპოვა. ეს ქვეყანა, ტრადიციულად, კარგად თამაშობს საკვალიფიკაციოზე, მაგრამ უჭირს მუნდიალზე - 12 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო და 8 დათმო. უცნაურია, მაგრამ მაროკო და ირანი ერთმანეთს აქამდე არასოდეს შეხვედრიან.

კორეელებთან საკვალიფიკაციო მატჩში მიღებული წითელი ბარათის გამო ირანის ნაკრებს 21 წლის ნახევარმცველი საეიდ ეზატოლაჰი დააკლდება. ორივე ნაკრები მეხუთედ თამაშობს მუნდიალზე.

ერვე რენარი (მაროკოს მწვრთნელი): "მე მებრძოლი ვარ, რაც ჩემს დნმ-შია. უბრალოდ მუნდიალზე მოხვედრა საკმარისი არ არის, ჩვენ მეტის მიღწევა გვსურს".

ფაქტები
  • ირანმა მუნდიალზე ბოლო ორი დაპირისპირება აფრიკულ ქვეყნებთან ფრედ დაასრულა, მაროკოს ერთი დაპირისპირება აზიელებთან კი მარცხით დასრულდა.
  • მაროკომ მუნდიალის ფინალურ საკვალიფიკაციო ეტაპზე 6-ვე მატჩში კარი "მშრალად შეინახა".
  • ირანის ანგარიშზე 8 ნულზე დასრულებული მატჩია საკვალიფიკაციო ეტაპზე.
  • 2015 წლის მარტიდან მოყოლებული, ირანის ნაკრების კარში ერთ თამაშში ერთ გოლზე მეტი მხოლოდ ორჯერ გაიტანეს (35 მატჩი).
  • ირანმა მუნდიალზე ბოლო 6 თამაშში მხოლოდ 3 გოლი გაიტანა.
  • 18 თამაშია, რაც ირანი დაუმარცხებელია.
  • 6 თამაშია, რაც მაროკოს კარში გოლი არავის გაუტანია.
  • "ატლასელი ლომების" ერთ-ერთი წარმომადგენელი, მუსტაფა ჰაჯი, რომელმაც მაროკოს უკანასკნელი გოლი გაიტანა მუნდიალებზე, ახლა მწვრთნელის ასისტენტია.

პარასკევი. 15 ივნისი. სანკტ-პეტერბურგი. კრესტოვსკი
მაროკო-ირანი 19:00
სავარაუდო შემადგენლობები
მაროკო (4-2-3-1): მოჰამედი - ამრაბატი, ბენატია, საისი, ჰაკიმი - ბუსუფა, აჰმადი - ჰარიტი, ბელჰანდა, ზიეხი - ელ კააბი
ირანი (4-2-3-1): ბეირანვანდი - რეზაეიანი, ჩეშმი, პურალიგანჯი, მოჰამადი - საფი, შოჯაეი - ჯაჰანბახში, ანსარიფარდი, ტარემი - აზმუნი
არ ითამაშებს: ეზატოლაჰი (ირანი, დისკვალიფიკაცია)
არბიტრი: ჯ. ჩაკირი (თურქეთი)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული