აღარც მესი, აღარც რონალდო და ზოგიერთებს მუნდიალზე ნეიმარის ყოფნაც აღიზიანებთ

AutoSharing Option
თანამედროვე ფეხბურთში ნაკლებია ვარსკვლავები, მაღალი კლასის ინდივიდუალური შემსრულებლები, შემოქმედებითი ფეხბურთელები, ახლა კრეატიულებს რომ უწოდებენ, ისეთები, რომლებსაც შეუძლიათ მატჩის ბედის გადაწყვეტა.

ეს მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზეც დამტკიცდა, სადაც გუნდები უმეტესად კოლექტიური თამაშით გადიან ფონს, რაც თითქოს ბევრს მოსწონს კიდეც.

"ყველა ფავორიტი გავარდა, ახლა ბრაზილიის ჯერია", - წერდა მექსიკასთან მერვედფინალური მატჩის წინ ერთი ცნობილი რუსული გამოცემა.

თუ ფეხბურთი გიყვარს, ეს დიდებული თამაში, თამაშთა თამაში, სპორტის ნომერი პირველი სახეობა, როგორ შეიძლება ლამაზად მოასპარეზე გუნდების და ფეხბურთელების გავარდნა გიხაროდეს? როგორ შეიძლება ვარსკვლავებზე მეტად "კოლექტივი" (КОЛХОЗ)
გხიბლავდეს?

altრონალდო: ნეიმარის კრიტიკა ნონსენსია. მსაჯები მას არ იცავენ



დარბიან ფეხბურთელები დაუსრულებლივ, თითქოს დოღია. იშვიათად ნახავ ფინტს, "მატაობას", დრიბლინგს. იმას ზომავენ, ვინ რამდენი ირბინა და ამის მიხედვით აფასებენ მოთამაშის მარგი ქმედების კოეფიციენტს. რა თქმა უნდა, სპორტსმენი იმის სპორტსმენია, უნდა ირბინოს, მაგრამ ყველა გუნდს, წესით, უნდა ჰყავდეს ლიდერი, რომელიც ხანდახან ამ შავი სამუშაოსგან გამოთავისუფლებული იქნება და "თამაშს გააკეთებს". ყველამ თავისი ფუნქცია უნდა შეასრულოს, ვიღაცამ სცენაზე როიალი აიტანოს, ვიღაცამ კი ამ როიალზე დაუკრას.

გავარდა მესის არგენტინა, გავარდა რონალდოს პორტუგალია. სამაგიეროდ, დარჩა შვედეთი და რუსეთი და დანიის ნაკრების ყოფილი მეკარე პეტერ შმეიხელი ამბობს, რომ ნეიმარიც გასაგდებია.

ნეიმარი შეიძლება გიყვარდეს ან არ გიყვარდეს, თავისი მეტიჩრობის, სენტიმენტალობის, სიმულანტობის, მისი ხარბი მამის გამო, რომელმაც უფრო მეტი ფულის გამო თავისი შვილის "ბარსელონადან" პსჟ-ში გადასვლას შეუწყო ხელი, მაგრამ ასეთი ფეხბურთელის გარეშე რაა მუნდიალი?

არავინ ამბობს, როგორ ეუხეშებიან, რა ხშირად არღვევენ მასზე თამაშის წესებს და მხოლოდ ნეგატივზე ამახვილებენ ყურადღებას. პორტალმა Dream Team-მა გვაუწყა, რომ მას ტურნირზე ყველაზე ხშირად ეუხეშნენ, 23-ჯერ მოცელეს და საფარზე წაქცეული 14 წუთი იმყოფებოდა. ბრძანა კიდეც ჟოზე მოურინიომ, მარტო ნეიმარის სიმულანტობაზე რატომ ამახვილებთ ყურადღებას, ახლა ყველა მასე იქცევაო.

Sportall.Ge

გერმანიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი ლოთარ მათეუსი ბრაზილიელს მსოფლიოს კლასის ფეხბურთელად თვლის, ამბობს, რომ სიმულანტობა არ შეშვენის, ხალხის დასაცინად არ უნდა გაიხადოს თავი და საუკეთესოობა ტურნირზე აქვს დასამტკიცებელი.

ბელგიის ნაკრების მცველი ტომა მენე გამოტყდა, არ ვიცი, ნეი როგორ შევაჩერო, მასეთი მაღალი კლასის ფორვარდის წინააღმდეგ არასოდეს არ მითამაშიაო. ის რომ დიადია, ამიტომ გადაიხადა პსჟ-მა მასში 222 მილიონი ევრო და როგორც იუწყებიან, "რეალი" მზადაა 310 მილიონად შეიძინოს. ამ კლუბების პრეზიდენტები ნასერ ელ ჰელაიფი და ფლორენტინო პერესი კი ფულს უყაირათოდ არასოდეს არ ხარჯავენ.

უნდა გვიყვარდეს ფეხბურთი და არ უნდა გვახასიათებდეს რაღაც ამოჩემებები, არ უნდა გვამოძრავებდეს ვიღაცის მიმართ უაზრო სიმპათიები და ანტიპათიები, რადგან ფეხბურთისგან სიამოვნების მიღებაა საჭირო. ზოგი იმაზე ბრაზდება, ნეიმ ფინტი გაუკეთა და აბუჩად აიგდო მეურვეო. აბა, ფინტის გარეშე ფეხბურთი რა ფეხბურთია? თუ შნო აქვს და მარიფათი, იმანაც სცადოს მოტყუება და მისი გაბითურება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
100 %, თავიდანვე მინდოდა ბრაზილიას მოეგო და ახლა გაასმაგებულად მინდა ამ ვითომ კრიტკოსების გამო, რა მარაზმია ფეხბურთელს იმაზე აკრიტიკებენ ფინტი რამ გააკეთებინა, ეს მეტოქის შეურაცხყოფააო
გენო
14:18 05-07-2018
11
ავტორს სრულად ვეთანხმები, სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ფაქტია თანამედროვე ფეხბურთისთვის დამახასიათებელი და ჩვეულებრივი ამბავია ფრაზები: კარგად მუშაობენ, კარგად იბრძვიან და ა. შ. ავიწყდებათ ერთი ძირითადი გარემოება, რომ ფეხბურთი უპირველესად მაყურებლისთვის განკუთვნილი თამაში და სანახაობა უნდა იყოს და არა ე.წ. შედეგზე ორიენტირებული მარაზმი.
გიგა
13:09 05-07-2018
5

სიახლეები პოპულარული