ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა საფრანგეთის ნაკრებთან (0:1) მუნდიალის ნახევარფინალური მატჩის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატი შეაჯამა.
"დღეს ძალიან რთული დღე იყო. იყო მომენტები, რომლებმაც თამაში განსაზღვრა. მეორე ტაიმი კარგი ტემპით დავიწყეთ. ზუსტად მაშინ გავუშვით გოლი.
მარცხს ან მოგებას ერთი ბურთი არ წყვეტს. თამაში თანაბარი იყო. საფრანგეთი კონტრშეტევებზე მბაპესა და გრიზმანის საშუალებით თამაშობდა. მათ ვუმკლავდებოდით და დაცვაში ჩემი ფეხბურთელების თამაშით კმაყოფილი ვიყავი.
საფრანგეთი კარგად იცავდა თავს. მათი კარის სიახლოვეს ის ჯადოქრობა ვერ ვიპოვეთ, რომელიც გვჭირდებოდა. ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ. ყველაფერი გავაკეთეთ, რაც
შეგვეძლო. მარცხი უნდა მივიღოთ და საფრანგეთს მივულოცოთ.
ბელგიამ სტანდარტებიდან 5-დან 3 ბურთი გაუშვა? ეს მუნდიალის ნაწილია. ძალიან კარგად ორგანიზებული გუნდი ვართ. საფრანგეთიც ძლიერი იყო. არ მგონია, რომ სტანდარტები ჩვენი სუსტი წერტილია. სამწუხაროდ, სხვაობა სანტიმეტრებში იყო. ჩვენი მხრიდან მაქსიმალური კონცენტრაცია არ იყო და ზუსტად ამ დროს შეიძლება სტანდარტმა თამაშზე გავლენა იქონიოს.
ჩემს მომავალზე საუბარი ჯერ ადრეა. ბოლო მატჩზე უნდა მოვახდინოთ კონცენტრაცია. მესამე ადგილისთვის ვიბრძოლებთ. ახალგაზრდა თაობას უნდა შევხედოთ და უფრო ძლიერები უნდა გავხდეთ.
იმედგაცრუებულები ვართ წაგებით. მომდევნო 48 საათი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. უნდა ვეცადოთ, მესამე გუნდი გავხდეთ. ბელგიამ მხოლოდ ერთხელ დაიკავა მესამე ადგილი, მაგრამ გეთანხმებით, დღევანდელი ამბიციებით ბელგიას მომდევნო მატჩისთვის მომზადება გაუჭირდება", - თქვა მარტინესმა.
შეგახსენებთ, რომ მესამე ადგილის მატჩი 14 ივლისს გაიმართება.