ნარკოკურიერი მსაჯის ისტორია - როგორ დაამარცხა ეკვადორელმა იტალიის ნაკრები

AutoSharing Option
მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატი ძალიან დასამახსოვრებელი და სენსაციებით სავსე გამოდგა. გულშემატკივრები სიამოვნებას იღებდნენ ვარსკვლავური ტრიოს: რონალდო-რონალდინიო-რივალდოს თამაშით.

სენსაციები კი შეჯიბრებას თურქეთის, სენეგალისა და სამხრეთ კორეის ნაკრებმა გუნდებმა აჩუქეს. სენეგალელებმა საფრანგეთს მოუგეს და 1/8-ფინალში ისეთი ქვეჯგუფიდან გააღწიეს, რომელშიც დანია და ურუგვაიც იყვნენ. თურქეთის ეროვნული გუნდი საერთოდ ნახევარფინალში გავიდა, ხოლო სამხრეთ კორეის ნაკრების გულშემატკივრებისათვის ნამდვილად ანტაგონისტად იქცა.

2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, პირველ რიგში, სამსაჯო სკანდალის გამო დაგვამახსოვრდა, რომელიც ერთ-ერთი მასპინძლის, სამხრეთ კორეის ნაკრების თამაშებთან იყო დაკავშირებული. პირველ რიგში საკითხი ეხება პლეი-ოფის ორ
შეხვედრას - ჯერ იტალიასთან, შემდეგ ესპანეთთან.

განსაკუთრებულად მომხიბვლელი კი 1/8-ფინალში "სკუადრა აძურას" დამარცხება იყო, რომელიც იტალიის საფეხბურთო ისტორიის უკანასკნელი წლების ერთ-ერთი საუკეთესო იყო და შეჯიბრების ფავორიტად სამართლიანად ითვლებოდა. იმ შეხვედრაში იტალიის ეროვნული გუნდი არა კორეელებთან, არამედ შეხვედრის ეკვადორელ მთავარ არბიტრ ბაირონ მორენოსთან დამარცხდა, რომელიც იტალიელ ტიფოზებში ერთ-ერთი ყველაზე საძულველი პერსონაა.

ცხადია, რომ იტალიელებს ყველა შეჯიბრების წინ მხოლოდ მაღალი მიზნების მიღწევა სურთ. 2002 წლის მუნდიალზეც "სკუადრა აძურა" საბრძოლო შემადგენლობით წარდგა: ფრანჩესკო ტოტი, ალესანდრო დელ პიერო, კრისტიან ვიერი, ფილიპო ინძაგი, ფაბიო კანავარო, ალესანდრო ნესტა და სხვები...

ჯგუფური ეტაპი აპენინელებმა რთულად გადალახეს. პირველ შეხვედრაში ეკვადორს დამაჯერებლად მოუგეს, მეორე მატჩში კი ხორვატებთან სენსაციურად დამარცხდნენ და ლამის ჯგუფში ჩარჩნენ. ხორვატიამ ბოლო ტურში ეკვადორთან წააგო, იტალიამ კი მექსიკასთან ფრედ ითამაშა და 1/8-ფინალში მეორე ადგილით გასულები სამხრეთ კორეას შეეჯახნენ.

ბუნებრივია, კორეელები შეჯიბრების ერთ-ერთ სენსაციად უნდა ჩაითვალოს. მათ პირველი ადგილი დაიკავეს ჯგუფში, რომელშიც პოლონეთთან, პორტუგალიასა და აშშ-ის ნაკრებ გუნდებთან ერთად იყვნენ, თუმცა მათ წარმატებას დროებითად მიიჩნევდნენ. ყველას ესმოდა, რომ სიმპათიური აზიური ნაკრების გზა ადრე თუ გვიან დასრულდებოდა.

იტალიისა და სამხრეთ კორეის შეხვედრა არბიტრმა მორენომ ხმურიანად დაიწყო: ბუფონის კარში მეტად საკამათო პენალტი დანიშნა, თუმცა ჯიჯიმ კარი მშრალად შეინახა. იტალიელები საოცრად და აქტიურად არ თამაშობდნენ, რამეთუ კარგად იცოდნენ საკუთარი ძლიერი მხარის შესახებ და იცოდნენ მისი გამოყენებაც.

ევროპელები უკვე მე-18 წუთზე დაწინაურდნენ კრისტიან ვიერის მიერ გატანილი გოლით. შეხვედრა მშვიდ ტემპში მიჰყავდათ და თამაშის კონტროლი არ უჭირდათ. თამაშიც წყნარად და მოსაწყენად მიმდინარეობდა. იტალიელები არ რისკავდნენ, კორეელები კი შტურმის მოწყობას ვერ ახერხებდნენ.

88-ე წუთზე ევროპელთა დაცვამ შეცდომა დაუშვა. კრისტიან პანუჩიმ ბურთი ვერ გამოიტანა, ბურთს სოლ ჰი ჰიუნმა მიუსწრო და იტალიელთა კარში გადაგზავნა. დაინიშნა დამატებითი დრო. აღსანიშნავია, რომ 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჯერ კიდევ მოქმედებდა "ოქროს გოლის" წესი.

დამატებითი დროსთან ერთად ფეხბურთელებმა მეორე პლანზე გადაიწიეს და შეხვედრის მთავარი არბიტრის, ბაირონ რომეროს "ბენეფისიც" დაიწყო. ჯერ ფრანჩესკო ტოტის უჩვენა მეორე ყვითელი ბარათი, ვითომდა, "რომას" ლეგენდამ კორეელთა საჯარიმოში სიმულაცია სცადა.

იტალიელებისთვის მიზნის მიღწევა უფრო გართულდა, ძალები ეცლებოდათ და ამას კაცნაკლულობაც დაემატა. თუმცა 110-ე წუთზე დამიანო ტომაზი კორეელთა მეკარე ლისთან ერთი-ერთზე გავიდა და "სუფთა გოლი" გაიტანა, თუმცა საქმეში ისევ მორენო ჩაერთო და გოლი არარსებული თამაშგარე მდგომარეობის გამო გააუქმა.

აი, უკვე 117-ე წუთზე იტალიური "პერუჯას" თავდამსხმელმა ან იონ ჰვანმა მეორე სართულზე ისევ კრისტიან პანუჩის აჯობა და ვერგატანილი პენალტის ვალი გამოისყიდა - 2:1. "ოქროს გოლის" წესის წყალობით სამხრეთ კორეის ნაკრები 1/4-ფინალში გავიდა. ამ დროისთვის, ეს ტურნირის ყველაზე დიდი სენსაცია იყო. აი, გოლის ავტორს რაც შეეხება, გასაკვირი არ არის, მას "პერუჯასა" და მთლიანად იტალიის დატოვება მოუწია.

ყველაზე ცუდი მსაჯი ფეხბურთის ისტორიაში - იტალიური გამოცემების უმრავლესობა მეორე დღეს ასეთი სათაურით დაიბეჭდა. ჯოვანი ტრაპატონიმ პირდაპირ განაცხადა, რომ მომხდარი გარიგების შედეგი იყო, რისი მიზანიც მასპინძელი ნაკრების ტურნირზე დატოვება გახლდათ.

თავად ფეხბურთელებს კი გულშემატკივრებმა იტალიაში ძალიან თბილი დახვედრა მოუწყვეს და შეჯიბრების ნაადრევად დატოვების გამო არ გაუნაწყენდნენ. მთელი საზოგადოების თვალში დამნაშავე მორენო იყო. მთელი ქვეყნისთვის ბაირონი საძულველი პერსონა გახდა და ამ დამოკიდებულებიდან თავის დაღწევას, ალბათ, ვერც მოახერხებს.

თუმცა ეკვადორელი მსაჯის ყველაზე ხმაურიანი ნაწილი ცხოვრებისა ფეხბურთთან დაკავშირებული არ ყოფილა. ეკვადორელმა მსაჯობას თავი 2003 წელს დაანება და როგორც ჩანს, მოგვიანებით "მულე" გახდა. "მულე" სამხრეთამერიკულ ქვეყნებში ნარკოტიკის კურიერს ჰქვია, რომელსაც აღნიშნული ნივთიერება ერთი ქვეყნიდან მეორეში გადააქვს.

2010 წელს არბიტრი ნიუ-იორკის აეროპორტში გააჩერეს და 6 კილოგრამი ჰეროინის გადატანის გამო ციხეში 2,5 წლით ჩასვეს.

"6 კილო ნარკოტიკი მასში უკვე 2002 წელს იყო. თუმცა არა ტანსაცმელში, არამედ ორგანიზმში", - ასე გამოეხმაურა ჯანლუიჯი ბუფონი მორენოს დაკავებას.

მიუხედავად ამისა, არაფერი აღარ შეიცვლებოდა, იტალიის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი თაობა მსოფლიო ჩემპიონატს ნაადრევად დაემშვიდობა.

მორენომ კი სასჯელი მოიხადა და ეკვადორში დაბრუნდა...

მკითხველის კომენტარები / 4 /
ძალით გათრევა თუ იყო ქვეჯგუფში პირველი ადგილი და 7 ქულა არ ვიცოდი. ავსტრალიასთან გროსოზე პენალტი თუ მოგონილია, ფეხბურთის წესების არცოდნას გვაქვს საქმე. საფრანგეთთან სამარცხვინო რატო იყო, ალბათ ამას საფეხბურთო ზიზღი გალაპარაკებს
P.S.ვინც არ არის კახაბერი, მე ვერ ვიტყვი კახაბერად.
ნწ ნწ ნწ
19:31 06-06-2020
1
იმავე იტალიის გაბრწყინებაც კარგად მახსოვს ევრო-2004ზე, სრული უსახური თამაში და კრახი. ტრაპატონის ნაკრები არარაობა გუნდი იყოს რულად, ლიპი რომ არა 2006 წელს იტალია ჯგუფიდანაც ვერ გავიდოდა
gio123
20:38 05-06-2020
13

სიახლეები პოპულარული