მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში ესპანეთი და საბერძნეთი დაზავდნენ - 1:1.
გრანადაში ჩატარებული მატჩის 33-ე წუთზე მასპინძლები ალვარო მორატამ დააწინაურა, ხოლო 56-ე წუთზე ანასტასიოს ბაკასტეასმა პენალტით საპასუხო გოლი გაიტანა და თავის გუნდს ქულა მოუპოვა.
აღსანიშნავია, რომ ესპანელები დიდ ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენეს, ბერძნების ბურთის ფლობა კი 23% იყო, კარში ბურთი მხოლოდ ერთხელ დაარტყეს და თერთმეტმეტრიანით გაიტანეს.
"ფურია როხას" ბოლო 6 მატჩიდან მხოლოდ 1 აქვს მოგებული, თუმცა მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე 1993 წლის შემდეგ არ დამარცხებულა - 50 გამარჯვება და 14 ფრე.
მეორე ტურში საქართველოს ნაკრები 28 მარტს ესპანეთს უმასპინძლებს.
ისე, ქაჯური ენერგიით კი უტევდნენ ბერძნებს, მაგრამ რაღაც უთავბოლოდ აკეთებდნენ ყველაფერს. ჩვენთან თუ დაალაგეს თამაში, შავი წყალი აღარა გვზიდავს, ისეთ დღეში ჩაგვყრიან.
ჩვენთვის ცუდი ანგარიშია, გაბრაზებული ესპანეთი უნდა მივიღოთ და შემდეგ დასვენებულ, კმაყოფილ ბერძნებს უნდა ვესტუმროთ.