დანიის ნაკრების ფეხბურთელებმა მხარი დაუჭირეს დანიის ფეხბურთის კავშირს (DBU), რომელიც ყატარში ადამიანთა უფლებების დარღვევის წინააღმდეგ გამოდის.
ეროვნული გუნდის ფეხბურთელები DBU-ს ხელმძღვანელობას მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე შოტლანდიასთან გასამართი მატჩის წინ შეხვდნენ და 2022 წელს ყატარში გასამართი მსოფლიო თასის საკითხი განიხილეს.
"მე კაპიტანი ვარ და უნდა ვთქვა, რომ ჩვენ, ფეხბურთელებს, მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების ადგილად ყატარი არ აგვირჩევია. ამ ქვეყანაში ადამიანთა უფლებების დარღვევებს კი კრიტიკულად ვაფასებთ.
ჩვენ სრულად ვეთანხმებით DBU-ს კრიტიკას, რომელიც ყატარისკენაა მიმართული. ჩვენ, ფეხბურთელებმა, არაერთხელ დავაფიქსირეთ საკუთარი პოზიციები, თუმცა ახლა ყურადღება თამაშზე
უნდა გადავიტანოთ, რათა ჯგუფურ ეტაპზე მოვხვდეთ და შემდეგ კი DBU-ს უფრო მეტი საშუალება ექნება, რათა მოედანს მიღმა პოლიტიკური ბრძოლა გააჩაღოს", - განაცხადა სიმონ კიაერმა.
2021 წლის თებერვალში The Guardian-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, ყატარში 6 700-ზე მეტი მშრომელი-მიგრანტი სტადიონების მშენებლობაზე დაიღუპა.
მომზადებულია DBU-ს მიხედვით