ვინაიდან და რადგანაც ბრაზილიამ წინა ტურში მოიპოვა პლეი-ოფის საგზური, მწვრთნელმა ტიტემ კამერუნთან სათადარიგო შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე და მისი გუნდი 0:1 დამარცხდა. ამით შეწყდა მუნდიალების ჯგუფურ ეტაპებზე მათი წაუგებელი სარეკორდო 17-მატჩიანი სერია - ბოლოს 1998 წელს ნორვეგიამ 2:1 მოუგო.
შეუცვლელად ითამაშა მცველმა დანი ალვეშმა, რომელიც „პენტაკამპეონელთა“ რიგებში მუნდიალებზე ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია - 39 წლის და 210 დღის. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრავმირებული თავდამსხმელი ნეიმარი დიდი ალბათობით გათამაშების შემდეგ ეტაპზე ვერ დაეხმარება
თავის გუნდს, თუმცა მეოთხედფინალში თამაშს შეძლებს - თუ გავიდნენ.
შვეიცარიამ კი მართლაც დაძაბულ შეხვედრაში სერბეთი 3:2 დაამარცხა და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა. ეს გუნდი პლეი-ოფში ბოლო ხუთი ტურნირიდან ოთხჯერ გავიდა.
მოკლედ, ამით ჯგუფური ეტაპი დასრულდა, ყველა მერვედფინალური წყვილი გაირკვა და როგორც იტყვიან, "ნამდვილი ჩემპიონატი" ახლა იწყება.
ლუსაილი. "აიკონიკი". 85 986 მაყურებელი
კამერუნი - ბრაზილია 1:0
გოლი: აბუბაკარი (90+3)
გაძევება: აბუბაკარი (90+4)
დოჰა. "სტადიუმ 974". 41 378 მაყურებელი
სერბეთი - შვეიცარია 2:3
გოლები: 0:1 შაკირი (20), 1:1 მიტროვიჩი (26), 2:1 ვლაჰოვიჩი (35), 2:2 ემბოლო (44), 2:3 ფროილერი (48)