მატჩი ამერიკელებმა აქტიურად დაიწყეს, პულიშიჩმა შესანიშნავი შანსი ვერ გამოიყენა, გოლი კი პირველივე შეტევისას ნიდერლანდებმა გაიტანა - თავისივე დაწყებული კომბინაცია დეპაიმ დააგვირგვინა. შესვენებაზე გასვლის წინ ტერნერის კარი ბლინდმაც დალაშქრა და ვან გაალის გუნდმა სერიოზული უპირტესობა მოიპოვა. მეორე ტაიმი ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა და რაიტმა საოცარი, ალბათ, წლის საუკეთესო გოლით ანგარიში შეამცირა. თუმცა, აშშ-ის ნაკრების სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა. ორი საგოლე გადაცემის ავტორმა დუმფრისმა ბლინდის პასით დაამწუხრა მეტოქე და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
მოკლედ, გუნდმა, რომელმაც ჯგუფი მოიგო, მაგრამ არადამაჯერებელი თამაშის გამო აკრიტიკებდნენ, გაიმარჯვა და მეოთხედფინალში გავიდა.
- დეპაიმ ნაკრებში 43-ე გოლი გაიტანა, ჰუნტელაარს გაასწრო და მხოლოდ ვან პერსის ჩამორჩება (50). მემფისმა ვან გაალის ეროვნულ გუნდში დაბრუნების შემდეგ 17 მატჩში 15-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.
- ვან გაალის დაბრუნების მერე ნიდერლანდები დაუმარცხებელია - 14 მოგება და 5 ფრე.
- დუმფრისი 1966 წლის შემდეგ მეორე მცველია, რომელმაც ერთ მუნდიალზე სამ საგოლე მოქმედებაში მიიღო მონაწილეობა.
- აშშ ზედიზედ მესამედ გავარდა 1/8-ფინალიდან.
ალ რაიანი. "ხალიფა ინტერნაციონალი". 44 846 მაყურებელი
ნიდერლანდები - აშშ 3:1
გოლები: 1:0 დეპაი (9), 2:0 ბლინდი (45+1), 2:1 რაიტი (76), 3:1 დუმფრისი (81)